მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეზღუდვები შესაძლოა მალე შემსუბუქდეს, ილიჩოვა-მელაშვილის საქმე - 28 იანვრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

 

დღის მთავარი ამბავი

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ახლახანს გამოაცხადა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე. სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„განაჩენს გარეთ დაელოდებიან“ - პროკურორი ილიჩოვა-მელაშვილზე

მიხეილ სადრაძე: ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული

თეა წულუკიანი: გამოძიება გავიდა ბოლოში და ეს პირები შესაძლოა უკვე ციხის გარეთ დაელოდონ საკუთარ განაჩენს

დღის პერსონა

„ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით არის. აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება ეს მარაზმი ქვეყანაში გაგრძელდეს“, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მელაშვილი ამბობს, რომ პროცესი პოლიტიკურია და ქვეყანაში ეს მარაზმი უნდა დასრულდეს.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, მოხდა ისე რომ გაგვათავისუფლეს. ეს საზოგადოების და ჩემი ადვოკატების დამსახურებაა.

პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. დაკავების აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ არსებობდა თავიდანვე, მაგრამ მაინც დამაპატიმრეს.

ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ კარგია ის რომ გამათავისუფლეს. გირაოს საერთოდ არ ვეთანხმებოდი, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. უსაზიზღრესი ბრალდებაა, ეს შემიძლია გითხრათ. ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით არის. აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება ეს მარაზმი ქვეყანაში გაგრძელდეს“, - აცხადებს ივერი მელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე.

სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

დღის ფრაზები

იაგო ხვიჩია:

„გვინდა „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია შევარიგოთ და შერიგებულები შევიდეთ პარლამენტში“

მამუკა მდინარაძე:

სამპროცენტიანი პარტიის უმანდატო ლიდერი საზოგადოებას რევოლუციისკენ რომ მოუწოდებს და თან ვალდებულებას აკისრებს, სასაცილოა, ბოკერიამ ჯერ საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს.

ივერი მელაშვილი:

„ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით არის. აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება ეს მარაზმი ქვეყანაში გაგრძელდეს“.

დღის კარგი ამბავი

„დადებითობის მაჩვენებელი უკვე მიუახლოვდა 4%-ს და როგორც ჩანს, დღევანდელი მონაცემები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. ამიტომ ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების გახსნით უნდა დაიწყოს.

„ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ამას თან ერთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება და ამაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობას გაზრდილი საფრთხე არ შეექმნას.

ინფორმაციისთვის, საქართველოში პირველი თებერვლიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, თუმცა თბილისში ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ განახლდება.

დღის ცუდი ამბავი

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის დროს 2005 წელს დაბადებული არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა სოფელ შილდაში ღამით მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ქვეითად მოსიარულე გზის გადაკვეთას ცდილობდა და მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა PIA.GE-ს განუცხადა, მომხდარზე გამოძიება 276 - მუხლის მე -6 ნაწილით მიმდინარეობს, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დღის უცხოური ამბავი

პორტუგალია კორონავირუსის პანდემიის საშინელ ფაზაში იმყოფება - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანტონია კოშტამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კოშტას თქმით, სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი. „რამდენიმე კვირა საშინელი სიტუაცია გვექნება, ვიმეორებ - ცუდი არა, საშინელი“ - განაცხადა კოშტამ.

Reuters-ის ცნობით, პორტუგალიის საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილები არ არის, ამის გამო ქვეყნის უდიდეს საავადმყოფოებთან სასწრაფო დახმარების მანქანების რიგები დგას, რომლებსაც იქ პაციენტები ვერ მიჰყავთ.

პორტუგალიაში პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ის 668 961 შემთხვევა დაფიქსირდა. 11 305 ადამიანი გარდაიცვალა. 27 იანვარს დღე-ღამეში გარდაცვალების 293 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.

ასევე ნახეთ:

შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ

18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე ეს ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია

დღის ფოტო

გაყინული სამყარო. „ყინული რომ არ დნებოდეს ძვირფასეულობა იქნებოდა“. ფოტო:Shermazana