მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩინურ ვაქცინას თუ ავტორიზაცია ექნება, ვერ ვხედავ პრობლემას საქართველოში შემოვიდეს“ - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1614770640
COVID-19

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE - სთან საქართველოში ჩინური ვაქცინის შესაძლო შემოსვლისა და მისი ეფექტიანობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თუ მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაცია ექნება, ვერ ხედავს პრობლემას, რომ სხვა ვაქცინებთან ერთად ქვეყანაში შემოვიდეს. 

აკაკი ზოიძის თქმით, როცა ჩინურ ვაქცინაზე საუბარი დაიწყო, მაშინ არ იყო ავტორიზებული და ეს იყო მისი აზრით ერთადერთი რაციონალური არგუმენტი ჩინური ვაქცინის შემოტანის საწინააღმდეგოდ.

„დავიწყოთ იქიდან, რომ ჩინური ვაქცინა რამდენიმეა, მხოლოდ ერთი არ არის. ვაქცინებს სხვადასხვა მოქმედების ტექნოლოგია გააჩნია, შედარებით თანამედროვე ე.წ. RNM-ის ვაქცინა და ასევე ე.წ. უფრო ტრადიციული ვაქცინები ანუ ინაქტივირებული ვირუსი. შესუსტებული ან მკვდარი ვირუსის საფუძველზე, არის დამყარებული ტექნოლოგია.

ჩინური ვაქცინები არის ვექტორული ანუ როგორიც არის „ასტრაზენეკა“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, რომელიც ახლა დამტკიცდა და ძალიან პერსპექტიული ვაქცინაა. ერთი დოზა სჭირდება.

წინააღმდეგობა იყო იმის თაობაზე, რომ რეალურად არცერთი ეს ვაქცინა არ იყო აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან რომელიმე სანდო, მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული. სანდო მარეგულირებელი ისეთი ქვეყნებიდან, როგორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, „ეფდიეი“, ევროპის წამლის სააგენტო, ინგლისის, სამხრეთ კორეის და ასე შემდეგ.

ეს არის ძირითადი მომენტი რაც შეიძლება იყო რაციონალური არგუმენტი, დანარჩენი არგუმენტები შესაძლო დაბალი ხარისხის თაობაზე თუ ამას პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს ჩინეთი, ეს უკვე ინტერპრეტაციის თემაა. იმიტომ რომ ჩინური ვაქცინები შეიძლება ძალიან მაღალი ხარისხის იყოს.

საერთოდ თანამედროვე მსოფლიოში პირობითად ჩინური ვაქცინა შეიძლება ამერიკაში იწარმოებოდეს და ასევე პირობითად, შეიძლება ამერიკული პროდუქტი და წამალი იწარმოებოდეს ჩინეთის ქარხანაში. ასე რომ ამ კუთხით მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას. მარტის ბოლომდე უნდა განიხილოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის ავტორიზაცია. ის 2 ვაქცინის ავტორიზაციას განიხილავს. თუ ეს მოხერხდება მე ვერ ვხედავ ვერავითარ პრობლემას, რომ ნებისმიერ სხვა ვაქცინასთან ერთად, რომელიც ჯანმოს მიერ ან სხვა სანდო მარეგულირებლების მიერ იქნება ავტორიზებული როგორც ეს ჩვენი კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ასევე შემოვიდეს.

როცა ჩინურ ვაქცინაზე საუბარი დაიწყო მაშინ არ იყო ავტორიზებული და ეს იყო ჩემი აზრით ერთადერთი რაციონალური არგუმენტი ამ ჩინური ვაქცინის შემოტანის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რუსულ „სპუტნიკს“, ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ სახელმწიფო დონეზე მოლაპარაკება რუსული ვაქცინის შემოტანის შესახებ საქართველომ არ უნდა აწარმოოს.

ექსპერტის თქმით, საკითხს რუსული პროპაგანდა ოკუპაციასთან მიმართებაში თავის იარაღად გამოიყენებს.

„გინდა ლანცეტში გამოქვეყნდეს მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები და გინდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მისცეს ავტორიზაცია, ჩემი აზრით ჩვენ სახელმწიფო დონეზე მოლაპარაკება რუსული ვაქცინის შემოტანის შესახებ არ უნდა ვაწარმოოთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო.

იმიტომ რომ აქ რეალურად იქნება ასეთი ინტერპრეტაცია, რომ „აი მუხლებზე მოხოხდნენ ქართველები ისევ, როდესაც დასჭირდათ მათ“. რუსული პროპაგანდა გამოიყენებს ამას თავის იარაღად ოკუპაციასთან მიმართებაში.

ეს არის ერთადერთი არგუმენტი, რომლის გამოც დავიწუნებდი და მე როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ ჩვენმა სახელმწიფომ აწარმოოს მოლაპარაკება ვაქცინის შემოტანაზე. ინდივიდუალურად თუ ვინმე წავა რუსეთში ან საქართველოს მოქალაქე, რომელიც დღეს რუსეთში ცხოვრობს ის გაიკეთებს თუ არ გაიკეთებს, მე თუ მკითხავენ რჩევას, ვეტყოდი, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომელმაც უკვე გარკვეული ეფექტი და ხარისხი აჩვენა, ჯობია რომ ადამიანმა გაიკეთოს თუ მისი ავტორიზაცია ჯანმომ დაადასტურა“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოსვლა მარტის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, გაირკვა, რომ საქართველო პირველად Astrazeneca-ს წარმოების ვაქცინას მიიღებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

✔️ „არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ჩინური ვაქცინით უნდა დაგვეწყო აცრები ქვეყანაში“ - იმნაძე

✔️ აშშ-ში Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს