მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს“ - ევროპარლამენტარების განცხადება

ევროპარლამენტის განცხადება სააკაშვილზე

ევროპარლამენტარები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნავენ, რომ მისი პატიმრობა სამართლიან სასამართლოში წარდგენამდე უნდა შეწყდეს.

განცხადების ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.

„2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ახალმა მთავრობამ მხარი დაუჭირა რეფორმებს, რომლებიც მიმართული იყო დასავლური უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციისკენ, რაც ქართველ ხალხს სურდა.

ახლა, როცა თითქმის 20 წელი გავიდა, უკვე ადვილია დაივიწყო ამ წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო შესასრულებელი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს.

2012 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო სხვა მმართველ პარტიას ჰქონოდა შანსი განეხორციელებინა მართლმსაჯულების საჭირო რეფორმები და წინსვლა სრული დასავლური ინტეგრაციისკენ.

მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონალური პრეცედენტის შექმნაში: მან ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რამაც მის პარტიას დამარცხება მოუტანა და ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემის გზით ძალაუფლება ახალ მთავრობას გადაულოცა.

2021 წლის პირველ ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და ის მაშინვე დააპატიმრეს იმ სასჯელისთვის, რომლისთვისაც იგი დაუსწრებლად იყო გასამართლებული.

ცნობილია, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ათეულობით ყოფილ ჩინოვნიკთა შორის, რომლებიც მათმა მემკვიდრეებმა გაასამართლეს.

მიუხედავად ამისა, ბრალდება საერთაშორისო დონეზე არასდროს იყო აღიარებული და ის არავის დაუკავებია, ან არ გადაუწყვეტია მისი ექსტრადირება მაშინ, როცა ის აგრძელებდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები აღიარებული იყო პოლიტიკური დევნის დადგენილი მოდელის ნაწილად.

ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად, რაც გამოწვეულია თავისუფალი პრესის კონტროლის, ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთვალის მცდელობებით; და მართვაში პოლიტიკური ოპოზიციისთვის სივრცისა და რესურსების შეზღუდვით.

ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედებების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ.

უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი“, - წერია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, დღეს საქართველოში მართლმსაჯულებას საზოგადოების ნდობა არ აქვს.

„ახლა დუმილის დრო აღარ არის. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველი განცხადების გათვალისწინებით და საქართველოს დემოკრატიის არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფად, სააკაშვილს პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე, მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისათვის.

იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობა, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას პროცესის წინსვლისთვის.

პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით უარყო ქართულმა ოცნებამ.

პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომლის ნახვაც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის“, - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე

⭕ „ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია