მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის იან მალკჰოლმ ჰოქსი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას სთხოვს

ადვოკატი დიმიტრი ტორაძე Pia.ge

ადვოკატი დიმიტრი ტორაძე აცხადებს, რომ მისი მარწმუნებელი თიბისი ბანკის ბრიტანელი აქციონერი იან მალქოლმ ჰოქსი არის წარმატებული, მრავალმხრივი ინტერესების ადამიანი და თიბისის აქციები არ არის ერთადერთი ფასიანი ქაღალდი, რომელიც მას გააჩნია. მისივე თქმით, სრული სიცრუე და კატეგორიულად მიუღებელია მისთვის პოლიტიკური ინტერესების დაბრალება. ამის შესახებ იურისტმა 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ იან მალკჰოლმ ჰოქსი არის ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე, წარმატებული ადამიანი მრავალმხრივი ინტერესებით, სს „თიბისი ბანკის“ აქციები არ არის ერთადერთი ფასიანი ქაღალდი, რომელიც გააჩნია ჩემს მარწმუნებელს. ფასიანი ქაღალდების ფლობის, გამოყენების და ოპერირების კულტურა ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიტანეთში, ბევრად მაღალია, ვიდრე, სამწუხაროდ, საქართველოში (კულტურაში ზუსტად იმას ვგულისხმობ, რომ ფასიანი ქაღალდების შეძენა ხდება ფულის დაბანდების მიზნით, თან აუცილებლად სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების, რისკების დივერსიფიცირების მიზნით) და არანაირი სხვა მიზნით ფასიანი ქაღალდის შეძენა ფიზიკურად არ ხდება, როგორც მოგახსენეთ ეს არის მათი კულტურის ნაწილი“, – აღნიშნა დიმიტრი ტორაძემ.

მისივე თქმით, ეჭვები ცოტა არაკორექტულია მათი თვალთახედვიდან, იქ არ არსებობს ისეთი აქციონერი, რომელმაც აქცია იყიდა და მერე აღარ აინტერესებს რა ხდება იმ სააქციო საზოგადოებაში, რომლის აქციების მფლობელიც არის, თან „საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული კულტურის მიხედვით, კონტექსტურად სწორად აქცევენ ყურადღებას იმ ფაქტობრივ მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერი ფორმით (დადებითად და მით უმეტეს უარყოფითად) იმოქმედოს აქციათა ფასზე და მათთვის, მათ შორის, ჩემი მარწმუნებლისათვის, ეს არის Nothing Personal, Just Business. შესაბამისად ყველას მოვუწოდებ ნუ დაიწყებთ შავი კატის ძებნას ბნელ ოთახში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის იქ არ იმყოფება“.

ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც მისი მარწმუნებლისთვის ცნობილი გახდა იმ სამართლებრივი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ქართულმა სასამართლომ თიბისი ბანკის აქციონერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიიღო, მისთვის ნათელი გახდა, რომ დასახელებულმა აქციონერებმა, ისარგებლეს რა ბანკის მენეჯმენტზე წვდომით, არამართლზომიერად მიითვისეს ბანკის კუთვნილი 16 მილიონ  აშშ დოლარზე მეტი თანხა და, მიუღებელ შემოსავალსაც თუ გავითვალისწინებთ, ბანკი თითქმის 40 მილიონი აშშ დოლარით აზარალეს.

ადვოკატი ბადრი ჯაფარიძის ბოლოდროინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თიბისი ბანკის ბრიტანელი აქციონერისთვის იან მალქოლმ ჰოქსისთვის, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან ბანკის აქციონერებისთვის მიყენებული $40–მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, გაუგებარია ჯაფარიძის განცხადება – „ვეძებ ასეთ აქციონერს და დავარწმუნებ მას, რომ საგანგაშო არაფერია“.

ცნობისთვის, ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი.

იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა“ სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.

კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

ამავე თემაზე:

თიბისის პარტნიორი ჯაფარიძისგან და ხაზარაძისგან მითვისებული თანხის დაბრუნებას მოითხოვს

რატომ ითხოვს ბრიტანელი აქციონერი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან 40 მილიონი დოლარის ანაზღაურებას?

დაიწყებს თუ არა სამართლებრივ დავას ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრიტანელი პარტნიორი