მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსახილველად დღეს კონსილიუმი შეიკრიბება“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი

„დღეს შეიკრიბება კონსილიუმი და იმის მიხედვით იმოქმედებენ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შეხვედრის დასრულებისას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, პაციენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ექიმებს სრული მხარდაჭერა ექნებათ.

„მე არ ვარ ჩართული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვაზე, რადგან ამის უფლებამოსილება არ მაქვს. ამის შესახებ კონსილიუმი მსჯელობდა. მათთან გასაუბრების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი და რამე რისკები არ შეინიშნებოდა. თუმცა მისი პირადი ექიმის განცხადებიდან გამომდინარე და მისი თხოვნით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება და იმის მიხედვით იმოქმედებენ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შეხვედრის დასრულებისას.

ამაში ადმინისტრაციული რგოლი იქნება ნაკლებად ჩართული, თუმცა ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ ექიმებს იმისათვის, რომ მათ უზრუნველყონ პაციენტის უსაფრთხოება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე იხილეთ:

✅„ცოტა უჭირს სიარული, ჰოსპიტალიზაცია ახლა საჭირო არაა“ - პირადი ექიმი სააკაშვილზე

✅„აშშ სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება“ - კელი დეგნანი

✅უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს - თინა ხიდაშელი (ვიდეო)