მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

20 ნოემბრის მიმოხილვა

20 ნოემბრის მიმოხილვა

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 20 ნოემბრის მნიშვნელოვანი ამბების დაიჯესტს.

💠 21 და 22 ნოემბერს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება არ შეიზღუდება.23 ნოემბრის 22:00 საათიდან შეზღუდვა ისევ შევა ძალაში.

💠 მეუფე ლაზარე (სამადბეგიშვილი), რომელიც სამი წელია ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველად დაინიშნა, კორონავირუსით, დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა. წმინდა სინოდის წევრი 1997 წელს ბერად აღიკვეცა, 2014 წელს კი ეპისკოპოსად აკურთხეს. ამავე წელს დანიშნეს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავრად.

💠 შსს: სირცხვილის დერეფნების მოწყობას არ დავუშვებთ

20 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ არჩევნების მეორე ტურის დღესთან და სირცხვილის დერეფნების მოწყობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

როგორც შს მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, შსს 21 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

💠 სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა და მას შემდეგ დედაქალაქ ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

💠 4 გარდაცვლილი, 100 ინფიცირებული - „აჭარა ტექსტილი“ მუშაობას არ წყვეტს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მოქალაქეები თურქული კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საქმიანობის შეწყვეტას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „აჭარა ტექსტილში“ დასაქმებული ქალები კოვიდინფიცირებულნი არიან. ამასთან, ისინი ამტკიცებენ, რომ მათი ინფიცირება სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

„აჭარა ტექსტილის“ დირექტორის დავით ჯაიანის განცხადებით, ფაბრიკის დახურვა არ იგეგმება, რადგან დასაქმებულების ინფიცირება სამსახურს არ უკავშირდება.

💠 წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან მძევლად ათამდე ადამიანი აიყვანა. მისი მოთხოვნები იყო: ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7%, მედიკამენტებზე ფასების შემცირება და აზარტული თამაშების გაუქმება. ამ დროისთვის თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებული.

💠ჩეხეთში ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე ქართველებისთვის ტრიუმფალური გამოდგა. სამივე ქართველმა ძიუდოისტმა რომლებიც დღეს პრაღაში ტატამზე გამოჩნდნენ, ასპარეზობა მედლით დაასრულეს.

💠 მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული ექვსივე პირი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

💠 Pfizer-ს და მის პარტნიორს BioNTech-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადი შეაქვთ. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) მიიღებს გადაწყვეტილებას, უსაფრთხოა თუ არა ვაქცინა.