მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - 17 ნოემბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ. 

დღის მთავარი ამბავი
სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნა სახალხო დამცველის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ:

საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 16 ნოემბრის #157 ბრძანებით შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.

2021 წლის 16 ნოემბერს, განხორციელდა ექსპერტთა ვიზიტი #18 დაწესებულებაში შემდეგი სპეციალისტების შემადგენლობით: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლი ხურციძე, გიორგი გრიგოლია, გიორგი პაპიაშვილი. ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, გაეცნენ #18 დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობებს, ესაუბრნენ მთავარ ექიმს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემებს.

ვიზიტის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბა 2021 წლის 17 ნოემბერს და განიხილა მონიტორინგის შედეგები. განხილვის პროცესში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ. სპეციალისტთა ჯგუფი შეფასებებში ეფუძნება პაციენტის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპს.

პაციენტის მდგომარეობის შეფასება:

მიმდინარე სტატუსი – კრიტიკული

რისკის განმსაზღვრელი ფაქტორები:

1. შიმშილობის 48 დღე დასტურდება

2. ვერნიკეს ენცეფალოპათია

3. პერსისტენტული ჰიპოკალემია – 08.11.2021-იდან

4. ანემია – თალასემია + გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა

5. სრულყოფილ მკურნალობაზე უარის თქმა

6. მაღალი სტრესული გარემო

მოსალოდნელი გართულებები უახლოეს მომავალში

1. ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება – კომით, ეპილეფსიური სტატუსით

2. ჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა

3. გასტრო ინტესტინალური სისხლდენა

4. ჰემოლიზი – თალასემია + ჰიპოფოსფატემია

5. პულმონური ემბოლიზმი (იმობილიზაციის და დეჰიდრატაციის გამო)

6. გულის უკმარისობა

7. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი

აღნიშნული რისკების მქონე პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს:

1. შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა

2. მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალი

3. რთული პაციენტის მართვის გუნდური გამოცდილება

4. პოლიპროფილური სამედიცინო მომსახურების 24 საათიანი და გადაუდებელი ხელმისაწვდომობა

პაციენტის განთავსების სამკურნალო დაწესებულების სიტუაციური ანალიზი:

1. ყველა ჩვენ მიერ ნანახი ფაქტობრივი მონაცემი მიუთითებს, რომ კლინიკა ამჟამად არის ფორმირების ეტაპზე. სამედიცინო აპარატურის ნაწილი არის ფუნქციური, ნაწილი გადის ტესტირების რეჟიმს. სამედიცინო პერსონალის დასაქმება, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაიწყო 3 კვირის წინ.

2. მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ნაწილი არ არის ადგილზე (მაგ. MRI, გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია), რის გამოც დახურული ციკლის შეკვრა შეუძლებელია. (იგულისხმება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის დამძიმებისას მისი სხვა კლინიკაში გადაყვანის საჭიროების მოხსნა.)

3. სამედიცინო პერსონალის კუთხით ამჟამად ადგილზეა შინაგანი მედიცინის ექიმი და რეანიმაციული ბრიგადა, რომელიც 24 საათის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი, ხოლო პაციენტისათვის პოტენციურად საჭირო სპეციალისტების ნაწილი მუდმივად ადგილზე არ იმყოფება.

მდგომარეობის შესაძლო დამძიმების შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემას წარმოქმნის, ვინაიდან ადგილზე არსებული ჯგუფის მიერ პაციენტის მართვა არ იქნება საკმარისი. მაგალითად:

1. ჩვენ მიერ აღმოჩენილი ვერნიკეს ენცეფალოპათია არ იყო დიაგნოსტირებული ნევროლოგის რეგულარული კონსულტაციის არარსებობის გამო.

2. შესაძლო გასტრო-ინტესტინალური სისხლდენის ალბათობის გამოკვლევის აუცილებლობა, საჭიროების მიუხედავად, დღის წესრიგში არ დამდგარა.

3. ჰიპოკალემიის ფონზე პაციენტის უწყვეტი კარდიო ტელემეტრიის აუცილებლობა არ განხილულა – კარდიოლოგის მიერ პაციენტის შეუფასებლობის გამო.

4. დაწესებულებაში მუდმივად მორიგე რეანიმატოლოგის ხელმისაწვდომობა ქმნის უსაფრთხოების განცდას, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი საკმაოდ გამოფიტულია, რეანიმაციული ღონისძიებები, მათი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით არაეფექტური იქნება.

5. ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიში გართულების შემთხვევაში (მაგ: ინფარქტი, ინსულტი, თრომბოემბოლია), ადგილობრივი პერსონალის განმარტებით, იგეგმება პაციენტის გადაყვანა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე უკავშირდებოდა დაკარგულ დროს, რაც თავის მხრივ, კრიტიკულ საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს.

6. პაციენტის სპეციფიკიდან გამომდინარე გადაუდებელი გადაყვანის გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს სხვადასხვა რგოლებს შორის ხანგრძლივ კოორდინაციას.

დასკვნა

პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა; გიორგი პაპიაშვილი; აიდა გოზალოვა​; თენგიზ წულაძე; ნინო ზავრაშვილი და მამუკა მაჩაიძე.

დღის პერსონა

საპატრიარქოს განცხადება, რომელიც მეუფე ნიკოლოზის მიერ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოზიციას ეხება, ილია მეორესთან შეთანხმებული იყო. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, განცხადების მიზანი ეკლესიის პოლიტიკური ვითარებისგან დისტანცირებას ეხებოდა.

„ეს განცხადება თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა იმას, რომ საპატრიარქოს და ეკლესიას მოვარიდოთ ამ მძაფრ სიტუაციაში, პოლიტიკაში ჩართვა. მხოლოდ ეს იყო ამ განცხადების მიზანი.

ჩვენ ვნახეთ მეუფე ნიკოლოზის ემოციურ კომენტარსა და განცხადებაში შიმშილობის განმარტება, როგორც მარხვა და კიდევ სხვა რაღაცები, რაც ეკლესიას არ ეხებოდა. ისეთი დაძაბული გარემოა, რომ ამან ვნებათაღელვა გამოიწვია“, - აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი პოზიციით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ამას ქრისტიანულ მარხვასთან კავშირი არ აქვს.

„როდესაც ადამიანი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას თვითონ აყენებს რისკის ქვეშ, ხომ უნდა განსაზღვროს, ღირს ეს თუ არა. თუ მან გადაწყვიტა, რომ ეს ფასი ღირს. თავისი ნებით შიმშილობს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, მეტი რა გავაკეთოთ?“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან ასევე ისაუბრა პატრიარქისა და ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას შეხვედრაზე. მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჩართულობა შექმნილი რთული ვითარებიდან  გამოსავალი იქნება. 

დღის ფრაზები

მამუკა მდინარაძე:

„მიშიზმი არ ვარგა, დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები - მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით და კიმ ჯონგ უნისტები აკეთებენ ამას“

დავით სერგეენკო:

„თუ ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში არაა შესაბამისი პირობები, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე“

პაატა ბურჭულაძე:

„სააკაშვილს იმხელა დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ ციხეს კი არა, ლაღ ცხოვრებას იმსახურებს“

 ირაკლი კობახიძე:

„სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში ვხედავთ სერიოზულ რისკებს“

ივანე ჩხაიძე:

„ფაქტია დღეს არის ქვეყანაში 700 ათასი ადამიანი, რომელიც ვაქცინაციას არ აპირებს“

დღის კარგი ამბავი
გადახდის ინტეგრირებული სისტემა მომავალი წლიდან ე.წ. ყვითელ მარშუტკებშიც იმოქმედებს

„მომავალი წლიდან ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებში გადახდის ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, იანვრიდან შემოვა სააბონემენტო სისტემა, რაზედაც ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

„იანვრის თვიდან ჩვენ შემოგვაქვს სიახლეები - სააბონემენტო სისტემა. ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. ასევე, იქნება ინტეგრირებული ტარიფი. იცით, რომ მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, საათ-ნახევრის განმავლობაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ავტობუსით, მიკროავტობუსით ყოველგვარი გადასახადების გარეშე. ეს დღევანდელი მოცემულობიდან ყვითელ ე.წ. მიკროავტობუსებზე არ ვრცელდება, თუმცა მომავალი წლიდან მთლიანად იქნება მოწესრიგებული და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იქნება შესაძლებლობა, გამოიყენოთ ეს ინტეგრირებული ტარიფები“, - განაცხადა კალაძემ. 

დღის ცუდი ამბავი
გენადი ბესტაევის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა



 ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები უკიდურესად მძიმედ აფასებენ. მას ინსულტის დიაგნოზი აქვს და ამ დროისთვის კომაშია. 

იგი ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაშია მოთავსებული.

„პაციენტი გადმოყვანილია კრიტიკულ მდგომარეობაში. არის მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაშია ამჟამად. დადგენილია ჰემორაგიული ინსულტი. პროგნოზის გაკეთება მოცემული მომენტისთვის შეუძლებელია. არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა“, - აღნიშნა კლინიკის მორიგე რეანიმატოლოგმა გიორგი გვარამაძემ. 

დღის უცხოური ამბავი
ჩრდილოეთ ნაკადის სერტიფიცირების შეჩერების გამო ევროპაში გაზი გაძვირდა

მას შემდეგ, რაც გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ სერტიფიცირება შეაჩერა, ევროპაში ბუნებრივი აირი 17%-ით გაძვირდა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

მომხმარებლები შიშობენ, რომ ახალი მილსადენის ამოქმედების გაჭიანურების გამო „გაზპრომი“ ევროპელ მომხმარებლებს სათანადო რაოდენობის  ბუნებრივ აირს ვერ მიაწვდის.

მიუხედავად იმისა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი“ სრულად არის აშენებული, ექსპლუატაციაში მისი გაშვება გერმანიის მიერ შესაბამისის სერტიფიკატის მიღების შემდეგ მოხდება. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, ამისთვის შვილობილი კომპანიის შექმნაა აუცილებელი, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე მილსადენის ოპერირებას მოახდენს. ყველა იურიდიული ფორმალობის მოსაგვარებლად რამდენიმე თვე  იქნება აუცილებელი. ამის შემდეგ კი სერტიფიკატი კიდევ ევროპულმა კომისიამ უნდა გასცეს.

უკრაინა და პოლონეთი გერმანიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. ვარშავა და კიევი მოსკოვს ბუნებრივი აირის პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ბალტიის ზღვის ფსკერზე გაყვანილი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ევროპაში რუსული გაზის მიწოდებას გააორმაგებს, მაგრამ მისი მეშვეობით საწვავი ევროპაში უკრაინის გვერდის ავლით მოხვდება, რითაც უკრაინა შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს დაკარგავს.

დღის ფოტო

თოვლის საფარი მესტიის ფერდობებზე

დღის ვიდეო

ზუგდიდში საკრებულოდან მოშიმშილეები გაიყვანეს