მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეუძლია თუ არა ევროპას რუსული გაზის გარეშე მომავალ ზამთართან გამკლავება?

გაზი

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის მუშაობა 10-დღიანი გაჩერების შემდეგ განაახლა, ევროპა ისევ ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. 

ზამთრის მოახლოებასთან ერთად უამრავ ევროპულ ქვეყანას შესაძლოა, არაერთი პრობლემა შეექმნას. 

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ რუსეთმა ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგება უკვე შეამცირა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპელები გააფრთხილა, რომ ეს რაოდენობა შესაძლოა, კვლავ შემცირდეს.

შეუწყვიტა თუ არა რუსეთმა გაზის მიწოდება ევროპას?

რუსეთმა გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად შეამცირა. უკრაინაში შეჭრამდეც კი რუსეთი არ ყიდდა გაზს მოკლევადიან ბაზარზე. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთის ბანკებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა და უკრაინაში იარაღის გაგზავნა დაიწყო, რუსეთმა ექვს ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა და კიდევ ექვსს მიწოდება შეუმცირა. 

ზამთრის წინ ევროკავშირის ქვეყნები გაზის მარაგების შევსებას ცდილობენ, რადგან მოთხოვნა ამ დროს იზრდება.

ევროკავშირის მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები გაზი მოიხმაროს, რათა ზამთარს მომზადებული შეხვდეს. დაგეგმილი იყო, რომ ევროპის გაზის რეზერვების 80% სავსე ყოფილიყო, თუმცა ამ დროისთვის სავსე მისი 65%-ია.

რატომ არის რუსული გაზი ასეთი მნიშვნელოვანი?

ომამდე რუსეთი ევროპის ენერგეტიკული სექტორის 40%-ს ამარაგებდა. ეს მონაცემი ომის დაწყების შემდეგ 15%-მდე დაეცა, რამაც ფასების ზრდა და ენერგოკრიზისი გამოიწვია. 

ბუნებრივი აირის მაღალი ფასი ევროპაში ეკონომიკური რეცესიის გამოწვევის საფრთხეს ქმნის, რადგან ინფლაციის პროცესი უკვე დაწყებულია. 

გაზის მიწოდების სრულმა შეწყვეტამ შესაძლოა, პრობლემების მქონე ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენოს.

რა არის პუტინის მიზანი?

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტიორები ნაკლებ ენერგიას ყიდიან, ფასების მატება ნიშნავს, რომ პუტინის შემოსავალი გაიზარდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის შემოსავალი ევროპაში ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან გაორმაგდა.

ასე რომ, პუტინს ხელში ნაღდი ფული აქვს და ფიქრობს, რომ ევროპაში კომუნალურები გადასახადების გაზრდამ და ენერგეტიკულმა რეცესიამ შესაძლოა, უკრაინისადმი საზოგადოების მხარდაჭერას ძირი გამოუთხაროს, რის შედეგადაც კონფლიქტის რუსეთის სასარგებლოდ „მოგვარების“ შანსები გაიზრდება.  

რისი გაკეთება შეუძლია ევროპას?

ევროკავშირმა პრობლემის მოსაგვარებლად დაიწყო LNG-ის [თხევადი ბუნებრივი აირის] გამოყენება, რომელიც უფრო ძვირად ღირებულია.

გერმანიამ LNG-ის საიმპორტო ტერმინალების მშენებლობა უკვე დაიწყო, მაგრამ ამას წლები დასჭირდება. ოთხი ტერმინალიდან პირველი მზად წლის ბოლოს იქნება, მაგრამ LNG-ის სახით მიღებული ალტერნატივა ევროპის ენერგეტიკულ კრიზისს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. 

20 ივლისს ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ მომდევნო თვეებში გაზის მოხმარება 15%-ით ნებაყოფლობით შეამცირონ.

ევროკომისიას სურს, რომ გაზის სერიოზული დეფიციტის ან განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის რისკის პირობებში, ბლოკში გაზის მოხმარების სავალდებულო შემცირება დააწესოს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები სავარაუდო პრევენციული ზომების შესახებ 26 ივლისს ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე იმსჯელებენ.

გარდა ამისა, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ბუნებრივი აირის მიღების ალტერნატიული გზების ძიება უკვე დაიწყო: იტალიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა გასულ კვირა ალჟირში, აზერბაიჯანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თავიანთ კოლეგებთან შეთანხმებები გააფორმეს.

ასე რომ, რუსული გაზის გამო გამოწვეული არაერთი პრობლემის მიუხედავად, ევროპას შეუძლია, რომ სწრაფად იმოქმედოს და ზამთარს მომზადებული შეხვდეს. 

მასალა მომზადებულია „ევრონიუსის“ მიხედვით. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ჩვენ გვჯერა ორი სქესის, არსებობენ კაცები და ქალები - დონალდ ტრამპი

👉 ეპისკოპისი ქადაგების დროს პირდაპირი ტრანსლირებისას გაძარცვეს - შემთხვევა ბრუკლინში

👉 დაღუპულია სულ მცირე 17 მიგრანტი, მათ შორის ჩვილი - ბაჰამის კუნძულებთან გემი ჩაიძირა

👉 შეიარაღებულმა პირმა უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ქალაქის ყოფილი მერი - შემთხვევა ფილიპინებში

👉 ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი - შემთხვევა კენიაში

👉 სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა - შემთხვევა კალიფორნიაში