მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მგონია, ციხეში სააკაშვილის გარდაცვალება გინდოდეთ“ - იაგო ხვიჩია „ოცნებას“

გირჩის წევრი

„დაადასტურეთ ან უარყავით მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა“, - ასე მიმართა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.

მისი თქმით, „ოცნება“ და ექსპრეზიდენტი შეთანხმებულები არიან და ეს შიმშილობაც იმდენ ხანს გაგრძელდება, როგორც ისინი განსაზღვრავენ. 

„დღეს არის 47-ე დღე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის. ჩვენ ხშირად გვესმის თქვენგან, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, არის ფეიკ-შიმშილი და ამავდროულად, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. 

თქვენს მიერ  გამოქვეყნებული კადრები სააკაშვილის კვების შესახებ გადაღებული იყო 2 ნოემბერს. ფაქტობრივად ერთი თვის განმავლობაში, თქვენივე მოყვანილი მტკიცებულებით მიხეილ სააკაშვილს ლუკმა არ ჩაუდია პირში,  პარალელურ რეჟიმში თქვენ ამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ყველაფერი კარგადაა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და ა.შ.

იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი  შიმშილობს, ჩვენი 9 კოლეგა შიმშილობს და ასევე, დიდი ხანია შიმშილობს ელენე ხოშტარია, მაინტერესებს თქვენი პოზიცია. მხოლოდ თქვენ ხართ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი. მაინტერესებს თქვენგან გავიგო, ეს კაცი მართლა შიმშილობს თუ არა და როგორი მდგომარეობა აქვს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, იმიტომ, რომ  რასაც თქვენ ამბობთ, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუ ეს კაცი არ შიმშილობს რატო არ ამბობთ ამას?!. რა გახდა  ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებისთვის სრულყოფილად ამ ინფორმაციის მიწოდება.

მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ელენე და ჩვენი კოლეგები ნამდვილად შიმშილობენ. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს, ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გადაიყოლოს ამან თუ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებს გააგებინებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ნამდვილ მდგომარეობას,  რათა ხალხმა ტყუილად არ ინერვიულოს თუ ეს ადამიანი არ შიმშილობს და თუ შიმშილობს, თქვენც უნდა ნერვიულობდეთ დანარჩენ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. არ მგონია, რომ ციხეში სააკაშვილის გარდაცვალება გინდოდეთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია

🔴 „სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო უღირსობა, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ“ - ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

🔴 9 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას იწყებს