პოლიტიკა

„ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

ქართული ოცნების მაჟორიტარი, 2020
1637055229
დაკოპირებულია

„ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პატიმარი, მხოლოდ იმიტომ რომ ის იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ხუნდაძის თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენები სცდება პოლიტიკურ ლოგიკას და ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. 

მისივე განცხადებით, ჯანდაცვა და ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკა. ასეა დღეს და ასე უნდა ყოფილიყო მაშინაც, როცა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ციხიდან ყოველ მეორე დღეს თითო გვამი გამოჰქონდათ

„აქაც ვისმენთ განცხადებებს და ვაკვირდებით გარეთ მიმდინარე პროცესებს. დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენები სცდება პოლიტიკურ ლოგიკას და აქედან გამომდინარე ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. 

როდესაც პოლიტიკურ ბრძოლას უცხადებ ოპონენტს, აუცილებელია მასზე გონიერი იყო, სხვა შემთხვევაში ბრძოლას უცხადებ საკუთარ თავს. სწორედ ეს სჭირს დღეს ქართული ოპოზიციის უდიდეს ნაწილს. მათი ყველა სცენარი, რასაც არჩევნების შემდეგ ვხედავთ კრახით სრულდება ერთადერთი მიზეზის გამო ყველა მათი ქმედება ტყუილზე და მოჩვენებით პატრიოტიზმზეა დაფუძნებული. 

მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური რუპორების ტყუილები საჯაროდ ამხილეს, ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალა და დაიწყეს ხალხის გრძნობაზე და ჰუმანიზმზე თამაში. ამისთვის ყოველ დღე აქვეყნებენ სააკაშვილის ოჯახის წევრების თუ საზოგადო ღია წერილებს ჩვენდამი. 

დღეს სწორედ აქედან, პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს ვისაც გული შესტკივა ყოფილ პრეზიდენტზე, ჯანდაცვა და ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკა. ასეა დღეს და ასე უნდა ყოფილიყო მაშინაც, როცა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ციხიდან ყოველ მეორე დღეს თითო გვამი გამოჰქონდათ. 

როდესაც პატიმრები განწირული იყვნენ ტუბერკულოზით, ცე ჰეპატიტით და სხვა მძიმე დაავადებებით გამოწვეული სიკვდილისათვის, რომ არაფერი ვთქვათ მათ წამებაზე და არაადეკვატურ მოპყრობაზე. მე მაშინაც ადამიანების ჯანმრთელობას ვიცავდი და ამას ვაკეთებ დღესაც. 

ამ შემთხვევაში ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რისთვის იხდის პატიმარი სასჯელს, ეს პროკურატურამ და სასამართლომ არკვიოს. ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პატიმარი, მხოლოდ იმიტომ რომ ის იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ამას ჩვენი გუნდის თითოეული წევრი აანალიზებს. სწორედ ამიტომ მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს. 

ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ თუნდაც იმიტომ რომ ბევრ ოპოზიციონერს ეს შეიძლება საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდოდეს. იმისათვის რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ჩემი სიტყვები თავად ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვევი გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოს, ადგილზე შევისწავლით სიტუაციას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე ყველანაირი პირობაა. 

აქვე მინდა ჩემს კოლეგა ექიმებსაც მივმართო, ვისაც სხვებისგან განსხვავებით გამორჩეულად შესტკივა გული მიხეილ სააკაშვილზე და მის ჯანმრთელობაზე, მას თქვენი კოლეგა ექიმები არაფერს დააკლებენ. თუმცა მათ მინდა შევახსენო სააკაშვილის დროს დასახიჩრებული ადამიანები, რომლებსაც ექიმები ვეღარ უმკურნალებენ. 

მაგალითად, ექიმები ვეღარ უმკურნალებენ გირგვლიანს, სერგო თეთრაძეს, კობა დავითაშვილს, არჩილ ჩოხელს, ბუტა რობაქიძეს, ვაზაგაშვილს, 8 აგვისტოს დაღუპულ ბიჭებს. 

ჩვენ მათ ვუმკურნალებთ და თუ საჭირო გახდება თქვენც ჩაგრთავთ. ბოლოს კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა გულშემატკივარს თქვენი ტკივილის მორჩენა შეუძლია მხოლოდ იმ პირს ვისზეც წუხთ,  მიხეილ სააკაშვილს შეუძლია დღესვე შეწყვიტოს შიმშილობა და ამით შეასრულოს სტრასბურგის მოთხოვნა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „გადაწყვეტილება მივიღე ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი“ - ბურჭულაძე

🔴 „ანა ფოტიგა ხმალამოღებული იბრძვის პუტინის წინააღმდეგ და რა გასაკვირია, რომ ჩემთან არ შემოუშვეს“ - სააკაშვილი

🔴 9 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას იწყებს