მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ადამიანს, რომ იპოვოს სამუშაო ადგილი და იყოს წყნარად, რადგან მას არ წაართმევენ სოციალურ დახმარებას“ - გიორგი ვოლსკი

უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ PIA.GE-სთან პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული ინიციატივები შეაფასა. 

მისი თქმით, შრომისუნარიანი ადამიანების დასაქმება და ამავდროულად მათთვის სოციალური დახმარების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ წაახალისებს და თავიანთი შრომით როგორც ქვეყანას, ისე თავიანთ ოჯახებსაც გამოადგებიან. 

„საზოგადოებაში მოარული აზრია, რომ სოციალური დახმარების მიმღები 600 ათასი ადამიანიდან, 300 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი არ ცდილობს, რომ სამუშაო იქონიოს იმის გამო, რომ სოციალური დახმარება არ დაკარგოს. ეს მნიშვნელოვანწილად მცდარი აზრია. ადამიანთა დიდი რაოდენობა მართალია შრომისუნარიანია, მაგრამ შრომის ბაზარზე ვერ პოულობს ადგილს, აქედან გამომდინარე ორი სახის გარანტია უნდა ჰქონდეთ მათ: ერთი რომ, თუკი დაიწყებენ მუშაობას, ეს სოციალური დახმარების მოხსნის წინაპირობა არ გახდება. გარკვეული პერიოდი სოციალური დახმარება მათ უნდა მიყვებოდეს, სანამ ზურგს გაიმაგრებენ, იმავე დახმარებას მიიღებენ თავისი შრომით და პერსპექტივა გაუჩნდებათ მომავალი ცხოვრებაში, რომ იმ რესურსით, რომელსაც გასცემენ შეეძლებათ უკეთ შეინახოს ოჯახი, თავიანთი თავი და ა.შ. მეორე ასპექტი არის ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა ხდებოდეს შეთავაზების ორგანიზება. სახელმწიფომ ადამიანს უნდა შესთავაზოს სამუშაო ადგილი და ეს უნდა იყოს შესაბამისობაში იმ ადამიანის მონაცემებთან. რასაკვირველია, ეს საკითხი არის საგანგებო მნიშვნელობის და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი თავისი ცოდნითა და გამოცდილებით კარგად წაუძღვება ამ საქმეს.

არის კიდევ ერთი ასპექტი, რაც უნდა გავითვალისწინოთ: არიან ადამიანები, რომლებიც შეთავაზებულ სამსახურს ვერ მიიღებენ იმის გამო, რომ არ გააჩნიათ არანაირი კვალიფიკაცია. აქედან გამომდინარე, იმაზე უკეთესი სისტემა არის ასაწყობი, ვიდრე არსებობს, რათა კვალიფიკაცია შესძინოს იმ ადამიანს, ვისაც სამსახურს შესთავაზებს. ვფიქრობ, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ადამიანს, რომ იპოვოს თავისი სამუშაო ადგილი და იყოს წყნარად, რადგან მას არ წაართმევენ სოციალურ დახმარებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. იგი თავისი ღირსებით, შრომით მიიღებს შემოსავალს, ქვეყანასაც გამოადგება და თავის ოჯახსაც“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის ინიციატივაზე საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემა გლობალურია და საქართველოს მოსახლეობასაც აზარალებს, ამიტომ მისი გადაჭრის მნიშვნელოვანია. 

„რაც შეეხება სათამაშო ბიზნესს, იგი პრობლემად იქცა მთელი მსოფლიოსათვის, მით უმეტეს პანდემიის პირობებში ამან ძალიან დიდი მასშტაბი მიიღო ისე, რომ საქართველოდან 1.5 მილიარდი ლარი გადის ყოველწლიურად ონლაინ კაზინოების ორგანიზატორების ანგარიშებზე. ფინანსური ასპექტი რასაკვირველია მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ჩართულობა და მიჯაჭვულობა თამაშებზე, რამაც არაერთი ოჯახი ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში. ასე რომ, ამ პრობლემის გადაჭრას ძალიან ბევრი სხვა ასპექტი უნდა მიყვებოდეს, მაგალითად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რადგან ახალგაზრდებმა თავისი თავი სხვა გამოწვევებში იპოვონ, ისეთში როგორიც მათ ცხოვრებას უკეთესს გახდის.

სათამაშო ბიზნესის შეზღუდვას პარტია „გირჩი“ არ ეთანხმება. ფიქრობენ, რომ ადამიანთა გადასაწყვეტია, თუ სად ითამაშებენ, თუმცა ამ ისედაც ურთულეს სიტუაციაში ზიანდება ეროვნული და კონკრეტული ოჯახების ინტერესები. ალბათ კამათი მოგვიწევს და ვფიქრობ, ამ კამათში საზოგადოების უმრავლესობის პოზიცია იქნება ისეთი, როგორიც პრემიერ-მინისტრმა შემოგვთავაზა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.  

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს.

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „პრემიერ-მინისტრის სამივე ინიციატივა მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს - ლადო პაპავა

👉 პრემიერის დღევანდელი სამთავრობო ინიციატივები ცალსახად სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯებია - ოთარ ანგურიძე

👉 ვახტანგ ჭარაია: პრემიერ-მინისტრი იმ გამოწვევას პასუხობს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს