მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრემიერ-მინისტრის სამივე ინიციატივა მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს“ - ლადო პაპავა

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა

პროფესორი ლადო პაპავა  საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივებს აფასებს და აცხადებს, რომ სამივე გადაწყვეტილება მისასალმებელია. 

პროფესორის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ადამიანებს გაუჩნდებათ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის განცდა.

„პრემიერ-მინისტრის სამივე ინიციატივა მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს, რადგან მართლაც ძალიან დიდი ტვირთია  სოციალური დახმარების პაკეტი, როდესაც შრომის უნარიანი მოსახლეობაც კი იმის გამო, რომ არ არის დასაქმებული, იღებს სოციალურ დახმარებას, ანუ ეს ბიუჯეტის ტვირთია.
 პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, შესთავაზოს სამუშაო შრომისუნარიან სოციალურად გაჭირვებულ  ადამიანებს, ეს არის ძალიან კარგი. პირველ რიგში, ადამიანებს გაუჩნდებათ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის განცდა და ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, - აცხადებს პროფესორი ლადო პაპავა.

ლადო პაპავას შეფასებით, ონლაინ  კაზინოების საქმე დიდი ხანია დასარეგულირებელია და პრემიერ-მინისტრის განცხადება ამასთან დაკავშირებით მისასალმებელია. 

„დიდი ხანია დასარეგულირებელია ონლაინ  კაზინოების საქმე. ძალიან ბევრი ადამიანია ამაში ჩართული და სამწუხაროდ, ბევრი გაუბედურებული ადამიანი არის. პრემიერ-მინისტრის მიდგომა, ეტაპობრივად მოხდეს ბიზნესის ამ სფეროს შეზღუდვა მისასალმებელია. ჯერ გადასახადების მიზნით, ასაკობრივი ბარიერის დაწესებით და შემდეგ უკვე ამ  საქმიანობის საერთოდ აკრძალვით“, - აღნიშნავს პროფესორი. 

პროფესორმა ლადო პაპავამ, ფსიქოტროპული საშუალებების  აფთიაქებში გაყიდვის კონტროლის დაწესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააფთიაქო ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან მეტი ზრუნვა და რეგულაცია სჭირდება.

„რაც შეეხება ფსიქოტროპულ საშუალებებს აფთიაქებში მათი გაყიდვის კონტროლი დაწესება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ, სააფთიაქო ბიზნესი არის ბიზნესის ერთ-ერთი  სახეობა, რომელსაც აუცილებლად სახელმწიფოს მხრიდან მეტი ზრუნვა და რეგულაცია სჭირდება. არც ისე დიდი ხნის წინ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო რომ კონკურენცია განვითარდეს სააფთიაქო ბიზნესში, რაც მისასალმებელია. თუ ფსიქოტროპულ საშუალებებზე  დამყარდება მეტი კონტროლი, რეგულაცია რისი საერთაშორისო გამოცდილებაც, რა თქმა უნდა, არსებობს ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, - დასძენს პროფესორი ლადო პაპავა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს.

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.