მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ არსებობდა ვიდეომასალის შენახვის აუცილებლობა და ვალდებულება“ - გორის სამხედრო ჰოსპიტალი სააკაშვილის კადრებზე

სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის პერიოდში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 

კლინიკის ცნობით, ვიდეოკამერები მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მისი უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა და მას შემდეგ, რაც იგი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, კადრების შენახვის აუცილებლობა არ არსებობდა. 

შესაბამისად, სამხედრო ჰოსპიტალი განმარტავს, რომ 31 დეკემბერს, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სააკაშვილის კადრების გადაცემა მოითხოვა, ისინი უკვე წაშლილი იყო. 

„ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, თითქოსდა ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან უკან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა 30 დეკემბერს, 00:15 საათზე. რადგან აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა.

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს 18:25 წუთზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეო-მასალის დაარქივება.

როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც კი რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72-საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა. სახელმწიფო ინსპექტორის წერილი კი როგორც აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან გაწერიდან საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ შემოვიდა.

ამასთან, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში დავით ღონიაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიცემული აქვს დეტალური ჩვენება და მათ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კანონდარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისათვის ცხადი იქნება, რომ მიმდინარე კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და სინამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დავით ღონიაშვილი ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით გამოირჩეოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, აუცილებლად წახვალ ციხეში მეთქი“ - სააკაშვილი საათის ეპიზოდზე

👉 „სუსმა აღიარა, რომ გორის ძალადობის ჩანაწერები წაშალა, ვაპირებ ბრძოლას თქვენთვის, თქვენ რას აპირებთ?“ - სააკაშვილი

👉  „სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნას მთლიანად სუსი აკონტროლებდა“ - ბექა ბასილაია

👉 „გიორგი გიორგაძე მალე მიეცემა პასუხისგებაში მისი მოქმედებების გამო“ - ნიკა გვარამია