მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ გააკეთა მამა შალვა კეკელიამ 5 ივლისის აქციაზე განცხადება ჟურნალისტებზე ძალადობის პრევენციისთვის

მღვდელი

მამა შალვა კეკელია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს, რომელშიც ის „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ იძალადონ ჟურნალისტებზე.

საზოგადოების ნაწილს ვიდეოს გავრცელების შემდეგ გაუჩნდა კითხვა, რატომ გაამახვილა ყურადღება მღვდელმა კონკრეტულად ჟურნალისტების მიმართ აგრესიაზე, რის საპასუხოდაც სასულიერო პირი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ ეს მოწოდება პარლამენტის წინ ჟურნალისტთან სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტის ხილვის შემდეგ გააკეთა და ვერ წარმოიდგენდა, რომ ცოტა ხანში რადიკალური ჯგუფები ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდოდნენ.

„კარვების დაშლის შემდეგ მოხდა ჟურნალისტებსა და ხალხს შორის შელაპარაკება, ვიღაცამ მგონი ხელი ჰკრა ჟურნალისტს. მაშინ ჩვენ ქვემოთ ვიდექით. შემდეგ ზემოთ ავიდნენ, ჩვენც მოგვიწია ასვლა და სიტყვით მივმართე ხალხს სულ სხვა თემაზე აბსოლუტურად. როცა დავინახე, როგორ მოექცნენ ჟურნალისტს, მივმართე ხალხს, რომ ესენი ჩვენი შვილები არიან და არავინ გაბედოთ, რომ ამ ადამიანებს შეეხოთ.

ძალიან უხეშად მოექცნენ ადამიანები. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ზემოთ ავსულიყავი და ხალხისთვის მიმართვა გამეკეთებინა. მაშინ ეს ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება არ იყო, მაგრამ იმდენად უხეშად ესაუბრნენ ჟურნალისტს, რომ მაგან განაპირობა ჩემი მხრიდან ეს მოწოდება.

მაგას ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ფიზიკურად შეეხებოდა მათ. ეს ვერც კი დავუშვი გონებაში. ოდნავ მაინც რომ დამეშვა, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა, ალბათ უფრო მკაცრად ვიტყოდი ჩემს გამოსვლაში.

ეკლესია ყველანაირად ემიჯნება ცოდვას და ცოდვის ერთ-ერთი ფორმაა ძალადობა. წარმოუდგენელია, რომ ეკლესიამ როდისმე მიიღოს ცოდვა და ეს როდისმე გაამართლოს, თუმცა, ეკლესია არ ემიჯნება ცოდვილებს, რადგან მთელი ცხოვრება აღსარებებს ვიბარებთ მათგან, ანუ ადამიანების შეცოდებას ვიბარებთ ჩვენ“, - აღნიშნა მამა შალვა კელელიამ.

იგი მეუფე ანტონის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც 13 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალადობა მათი პროვოცირებული იყო და ისინი თავად ძალადობენ, როცა უმრავლესობის ღირსებას ეხებიან.

„ჩემი ინტერვიუ ძალიან ბევრჯერ ისე გაუშუქებიათ ჟურნალისტებს, რომ ჩემ წინააღმდეგ გამოუყენებიათ. წავიკითხე კიდეც ჟურნალისტური ქარტია და ვნახე, რომ თითქმის არცერთ მუხლს არ იცავენ ჟურნალისტები. ავრცელებენ არასწორ ინფორმაციებს. პირადად ჩემთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა იყო.

ძალიან ბევრჯერ გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი. ერთხელ შესამოსელზე გამიკეთეს ძალიან ცუდი გადაცემა და ამის გამო ჩემი „ფეისბუკი“ აჭრელებული იყო ლანძღვით. ჩემი შვილები სკოლაში დადიან და მათ კლასელები ამის გამო დასცინოდნენ, ამ სიუჟეტის გამო. იყო ფაქტი, როცა „მთავარმა არხმა“ „გრუს“ აგენტად გამომაცხადა, ჩამოთვალეს სია და მათ შორის ვიყავი მეც, „გრუს“ აგენტად დამასახელეს. პირდაპირ წერია ქარტიაში, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და ასეთი რამის დაბრალება არ შეიძლება. ეს ხომ ღალატია. ჩემთვის ეს სახელმწიფოს ღალატია.

ჩემთან უამრავი ადამიანი დადის აღსარებაზე. შენ, ტელევიზია, როცა ამ ინფორმაციას ავრცელებ, ეს არ არის ძალადობა და საშინელი საქციელი? და შესაძლოა, მეუფე ანტონი ამ ძალადობაზე საუბრობდა, რომელიც ტელევიზიებიდან მოდის. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა, ასევე, არის სულიერიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრად აღემატებოდეს ფიზიკურ ძალადობას, რასაც ჩვენთან მიმართებით ახორციელებენ კიდევაც“, - განაცხადა სასულიერო პირმა.

მამა შალვა კეკელიამ გაიხსენა შემთხვევები, როცა მას რამდენიმეჯერ შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც მისი თქმით, ტელევიზიების მიერ ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უკავშირდება.

„კვირა არ გავა, რომ ეკლესიაზე არ განხორციელდეს შეტევა და არ გაკეთდეს გადაცემა. თუნდაც, პანდემიის პერიოდში, აღდგომის დღესასწაულზე, როცა ტელევიზიები ჩემზე საუბრობდნენ, აღნიშნავდნენ, რომ მეც ვიყავი, ვისაც უნდოდა, რომ ხალხი ეკლესიაში მოსულიყო და ლოცვა არ შეწყვეტილიყო. ამის გამო რამდენჯერმე ტაძრის ეზოში როცა ვიჯექი, შემაფურთხეს, სწორედ ამ ტელევიზიების გამო და ეს არ არის ჩვენზე ძალადობა? ვიღაცას რომ შენ ცუდად განაწყობ და სასულიერო პირის მიმართ უჩენ უნდობლობას მათ მიმართ, ვინც 24 საათი არიან მსახურებაში, ეს არ არის ძალადობა? მე არასდროს მითქვამს, რომ არ არიან ცუდი სასულიერო პირები, არსებობენ, მღვდლები, რომლებიც ცუდად იქცევიან.

სახარებაშიც არის ნათქვამი, რომ არსებობენ მღვდლები, რომლებიც საშოვარზე არიან მოსულები აქ, რაც მიუღებელია, რადგან სასულიერო პირი უნდა იყოს წმინდა თავისი სიტყვითა და ქცევით“, - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ Pia.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არც პოლიტიკოსები და არც ელჩები ჟურნალისტებს არ ეფარებოდნენ, ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც მათ იცავდნენ“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

👉 „ცივილიზებულ 21-ე საუკუნეში, მსგავსი უმსგავსობის გამოვლინება შემაძრწუნებელია“- დეკანოზი ჟურნალისტების დარბევის შესახებ

👉 „თქვე მოძალადეებო, აქეთ გვეძახით მოძალადეებს, თქვენ უწევთ პროპაგანდას გარყვნილებას“ - მეუფე ანტონი ჟურნალისტებს (ვიდეო)