მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საკუთარი უსაფრთხოება ხომ მაინც უნდა განაღვლებდეს...უნდა შეწყვიტო პრეტენზიები და დაეხმარო უკრაინას, წერტილი“ - იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინის დახმარება. მისი თქმით, ამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მაგრამ არ დახმარების შემთხვევაში ეს ფასი უფრო ძვირი გადასახდელი იქნება. სტოლტენბერგმა გაიხსენა 2008 წლის საქართველოს ომი, 2014 წლის ყირიმის ანექსია და ქვეყნებს მოუწოდა, რომ ამ გაკვეთილზე ისწავლონ, შეწყვიტონ პრეტენზიები და დაეხმარონ უკრაინას.

„დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც პოლიტიკოსებმა, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ქვეყნები დახმარებას უწევდნენ უკრაინას. უბრალოდ დახმარებას კი არა, მნიშვნელოვან დახმარებას დიდი ხნით. რა თქმა უნდა, ამას თავისი ფასი აქვს. სანქციები, სამხედრო დახმარება, ფინანსური, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ამ ყველაფერს ფასი ნამდვილად აქვს. მაგრამ უკრაინას თუ არ დავეხმარებით, გაცილებით დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩემთვის ეს მორალის საკითხია. დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას ევროპაში, სადაც 40 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თავს ესხმის დიდი სახელმწიფო, რუსეთი. თუ არ გექნება რეაქცია იმაზე, რაც მოხდა ბუჩაში და სხვა ადგილებში, ეს ანგრევს იმას, რაც არის ჩემი წარმოდგენა უკრაინის წესიერი, პატიოსანი მეზობლების და მეგობრების ქცევის შესახებ. ასე რომ, დიახ, ფასის გადახდა გვიწევს. მაგრამ უკრაინის არ დახმარება და იმის დაშვება, რომ ეს სისასტიკე გაგრძელდეს, კიდევ უფრო დიდი საფასურის გადახდას გვაიძულებს.

გარდა ამისა, ჩვენს ინტერესებშია, რომ უკრაინას დავეხმაროთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ეს არის საფრთხე ჩვენთვის. ევროპა უფრო დაუცველი გახდება რუსული აგრესიის წინაშე. იმ გაკვეთილების შემდეგ, რაც ჩვენ ვისწავლეთ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმით, 2014 წელს ყირიმის ანექსიით, იმავე 2014 წელს დონბასში სიტუაციის არევით და შემდეგ ომის დაწყებით არის ის, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია, ძალის გამოყენება. ისინი ხელახლა ამყარებენ გავლენის სფეროების იდეას. როდესაც დიდი ქვეყნები წყვეტენ, რისი გაკეთება შეუძლიათ პატარა ქვეყნებს. ამით ჩვენ უფრო დაუცველები ვხვდებით. ასე რომ, თუნდაც მხარს არ უჭერდე უკრაინის მხარდაჭერის ამ მორალურ ასპექტს, საკუთარი უსაფრთხოება ხომ მაინც უნდა განაღვლებდეს. ასე რომ, დიახ ფასი უნდა გადაიხადო. უნდა გადაიხადო მხარდაჭერისთვის, ჰუმანიტარულ დახმარებაში, ეკონომიკური სანქციების ფასიც უნდა გადაიხადო, იმიტომ, რომ ალტერნატივა არის უფრო დიდი ფასის გადახდა მოგვიანებით. დაიმახსოვრეთ ერთი რამ, ჩვენ ფასს ვიხდით, მაგრამ ჩვენი, როგორც ევროკავშირის და ნატოს მიერ გადახდილი საფასური იზომება ფულში, უკრაინელების მიერ გადახდილი საფასური კი იზომება ყოველდღიურად დაღუპული ადამიანების სიცოცხლეებით. ასე რომ, უბრალოდ უნდა შეწყვიტო პრეტენზიები და დაეხმარო უკრაინას, წერტილი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ზაპოროჟიეს ოლქისკენ მტრის ტექნიკის დიდი კოლონა მიემართება - პეტრ ანდრიუშჩენკო

👉 სერგეი შოიგუმ უკრაინაში ყველა მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გაზრდის ბრძანება გასცა

👉 დუმის დეპუტატი ჯო ბაიდენის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანას ითხოვს

👉 „რუსეთს საზარბაზნე ხორცი აკლია, ფარული მობილიზაცია ამოქმედდა“ - ალექსეი დანილოვი

👉 რუსი ოფიციალური პირები ირანს ეწვივნენ და საბრძოლო თვითმფრინავები დაათვალიერეს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენონ - თეთრი სახლი