მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი დასავლეთისთვის ისეთივე მახათია უკანალში, როგორც ჩვენთვის“ - რუსულ ტელევიზიაში სააკაშვილს გადაცემა მიუძღვნეს

„ნტვ

საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება ნიშნავს თუ არა საქართველოს ხელისუფლებაში მის დაბრუნებას? ამის შესახებ საუბარი იყო რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“-ს ეთერში, გადაცემაში „შეხვედრის ადგილი“. რუსი ექსპერტები საუბრობდნენ, თუ რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა უკრაინიდან საქართველოში დაბრუნება და როგორ შეიძლება საქართველოში განვითარდეს მოვლენები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ.

„რუსეთმა სააკაშვილი 2008 წელს 5 დღეში დაამარცხა, ახლა კი მას ძალზე წარმატებით ებრძვის ქართველი ხალხი. დიახ, სააკაშვილს ჰყავს საქართველოში მხარდამჭერები, საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ ბევრი - ეს, საბედნიეროდ, ყველა არ არის. ეს დაახლოებით ამომრჩეველთა 30%-ია“, - ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტის“ საერთაშორისო მიმომხილველმა მაქსიმ იუსინმა განაცხადა.

„რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, დიახ, ოპოზიციამ შეიძლება დედაქალაქში გაიმარჯვოს, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში მთელი ქვეყნის მოსახლეობა წყვეტს, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კი სააკაშვილის წინააღმდეგია. მან ისეთი „შეუსრულა“ ქართველ ხალხს, ვიდრე ხელისუფლებაში იყო, რომ ამ ხალხს დღესაც ახსოვს ეს ყველაფერი და მისი დაბრუნების წინააღმდეგია. ასე რომ, დღეს არსებული სიტუაციით, სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებით შეუძლია.

დასავლეთის პოზიციას რაც შეეხება, დასავლეთს სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არაფერში სჭირდება, დასავლეთს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც აწყობს, დასავლეთს რუსეთთან ზედმეტი გაღიზიანების ფაქტორი დღეს არ სჭირდება, არც უკრაინის, ძირითად ფრონტზე, არც სათადარიგო, საქართველოს ფრონტზე. არ მგონია, რომ დასავლეთში სხედან სოროსისნაირი ბიძიები და მხოლოდ იმას ფიქრობენ, აი, როგორ შეუქმნან პუტინს პრობლემები, „აი, მოდით, საქართველოში სააკაშვილი დავაბრუნოთ“. ჯერ ერთი, დასავლეთში ძალიან სხვადასხვანაირი ადამიანები არიან და, მეორეც, არ არის საჭირო დასავლეთის დემონიზება, დასავლეთში კარგად იციან რა არის პრაგმატული ინტერესები და მათთვისაც სააკაშვილი ისეთივე მახათია უკანალში, როგორც ჩვენთვის“, - განაცხადა იუსინმა.

პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის ალექსანდრე სიტინის განცხადებით, სააკაშვილმა კოლოსალური შეცდომა დაუშვა, როდესაც უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა გადაწყვიტა.

„მან, ფაქტობრივად, სხვისი თამაში ითამაშა, მან რატომღაც არ იცოდა, რომ უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოებს მონაწილეობა არ შეუძლიათ. შეიძლება იქვე ტრიალი, ახლომახლო, შეიძლება ვიღაცის კონსულტანტი იყო, მაგრამ ამით დაამთავრო. მან იქ საკმაოდ ღრმად ჩაყო თავი და კოლოსალური რეპუტაციული ზარალი განიცადა და ახლა მას ამას გაუხსენებენ, თან ძალიან ხშირად. სწორედ ამიტომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, რადგანაც მას სურს, რომ ეს ფურცელი დახუროს და ამით შესაძლებლობა ეძლევა, რომ ისევ საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსი გახდეს. ისე მისთვის გადასარევი ვარიანტი იქნებოდა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ საერთოდ არსად არ მიეღო პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა“, - მიაჩნია ექსპერტს.

გადაცემაში საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც მონაწილეობდა, რომლის თქმით, სააკაშვილს, ძირითადად, 30-60 წლის ქალბატონები უჭერენ მხარს, და ეს ფენომენი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან მოდის.

„საქართველოში ახალგაზრდობის უმეტესობა ანტირუსულად არის განწყობილი. მაგრამ იყო ანტირუსულად განწყობილი, სულაც არ ნიშნავს, რომ იყო სააკაშვილის მხარდამჭერი. სააკაშვილის ძირითადად უჭერენ მხარს 30-60 წლის ქალბატონები, ეს ფენომენი არსებობს საქართველოში ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდიდან. სწორედ ისინი არიან სააკაშვილის მხარდამჭერი მიტინგების აქტიური ორგანიზატორები და მონაწილეები. ასევე, მას მხარს უჭერენ ემიგრაციაში მყოფი ქალები. რაც შეეხება ახალგაზრდობას, ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილს მხარს უჭერს 15-20%, მეტი ნამდვილად არა“, - ამბობს ვალერი ხაბურძანია.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის

🔴 „სააკაშვილი არ ჩაბარებულა, შემოიპარა, როგორც ვირთხა და დააკავეს“ - მიხეილ ყაველაშვილი

🔴„ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგება“ - თაკო ჩარკვიანი

🔴„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“ - მეუფე შიო