მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატი ბრეგაძე: როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული იმისათვის, რომ მიიღოს პაციენტი

 როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული იმისათვის, რომ მიიღოს პაციენტი

საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ N18 სამკურნალო დაწესებულებაში სტუმრობის შემდეგ განაცხადა. იუსტიციის მინისტრი N18 ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.

„ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად დავათვალიერეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება. როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული იმისათვის, რომ მიიღოს პაციენტი. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ ასევე, დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, N18 (სამკურნალო) დაწესებულების კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა იმისათვის, რომ მან აწარმოოს უსაფრთხო სერვისი, როგორც გადაუდებელი დახმარების ასევე ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის მიმართულებით.

„ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატი, დეფიბრილატორი, კარდიომონიტორი, ინფუზიის აპარატი, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეების და ელექტროლიტების გადასხმისთვის და მონიტორინგისთვის.

ამდენად აქ არის ყველა პირობა, ტექნოლოგიური, იმისთვის რომ ინტენსიური თერაპია პაციენტზე დაკვირვება განხორციელდეს უსაფრთხოდ. ასევე, პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალიან გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციის, ამდენად ვფიქრობთ რომ ხარისხი რაც იქნება ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის, არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან რომელიც არის როგორც ჩვენს ქვეყანაში მისაღები, ასევე საერთაშორისო დონეზეც მისაღები. ამდენად ვფიქრობთ რომ გამართულია სრულად ეს განყოფილება რომ პაციენტს მიიღოს და უმკურნალოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე.

N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში სტუმრობისას მათ დაათვალიერეს დაწესესებულების ლაბორატორია, რეანიმაციული განყოფილება და ადგილზე გაეცნენ ყველა იმ სერვისს რასაც დაწესებულება იქ მოხვედრილ ბრალდებულებს/ მსჯავრდადებულებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ვერ შესრულდება ექიმთა რეკომენდაციები.

ნიკოლოზ ყიფშიძემ 23 ოქტომბრის საღამოს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

ყიფშიძის თქმით, ამაზე იმსჯელეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც, სადაც იკრიბება ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და უფლებრივ მდგომარეობას აკვირდება.

იუსტიციის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე იტყუება.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ“, - წერს რატი ბრეგაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

🔴 მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში - ექიმი

🔴 დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილ-ახალაია-ქარდავას სამეულს აქვს ჩადენილი - დავით ჩიხელიძე

🔴 სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერცერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 თუ ზესახელმწიფოები მოითხოვენ, სააკაშვილს გაათავისუფლებენ - ესტონელი ექსპერტი

🔴 „მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სურთ, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - ადვოკატი