მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოხსნილი და დაწესებული შეზღუდვები - მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება

მთავრობის ადმინისტრაცის შესასვლელი

მთავრობის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო აჭარაში დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნება, ზოგი კი, შენარჩუნდება. შეზღუდვები წესდება თბილისსა და იმერეთში.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეკომენდაციებიც გასცა.

თბილისსა და იმერეთში რესტორნების, აგრეთვე, გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდება

✔️ შეზღუდვა ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან შევა ძალაში. კერძოდ, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი ცენტრები 22:00 საათიდან დაიკეტება.

აჭარაში ტრანსპორტის მოძრაობა 19 ოქტომბრიდან აღდგება

✔️ აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

აჭარაში შეზღუდვები რჩება სასწავლო პროცესზე. შეზღუდვები იმოქმედებს რესტორნებსა და გასართობი ცენტრების მიმართ.

ნოემბერში გარკვეული მიმართულებით ფრენები აღდგება

✔️ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოდან არსებული რეისები გაიზრდება. დამატებითი რეისები დაწესდება პარიზის და მიუნხეის მიმართულებით.

„ნოემბერში პირდაპირი რეისები ეტაპობრივად გაიხსნება, როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გახარია უნივერსიტეტებს რეკომენდაციით მიმართავს

✔️ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სტუდენტები უნივერსიტეტებში აუდიტორიებს 19 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან.

თუმცა, პრემიერი უნივერსიტეტებს რეკომენდაციით მიმართავს, სადაც შესაძლებელია, დისტანციური სწავლება გაგრძელდეს, თუმცა, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდეს აუდიტორიებში.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან და ექნებათ PCR ტესტი, კარანტინში აღარ მოთავსდებიან

✔️ გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან და PCR ტესტი ექნებათ, საკარანტინე სივრცეში აღარ გადაიყვანენ. ისინი 12 დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებაა.

დღეს, საქართველოში, COVID 19-ის რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 14440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7367 გამოჯანმრთელებულია, 113 გარდაცვლილი.