მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ, პრემიერი საზოგადოებას მიმართავს, ცუკერბერგის ღია წერილი - 6 ოქტომბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

პრემიერ-მინისტრის ღია წერილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ღია წერილს ავრცელებს.

„მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტიურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში. ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა. მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს. ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომებოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში.

ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი.

შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა. აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლებო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს.

ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რა აძლევდა სააკაშვილს წარმატების იმედს. რჩება უკმარისობის განცდა სააკაშვილის ჩამოსვლის ლოგიკური მიზეზის ძიებისას. ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს უახლოეს ისტორიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მათივე წარსულ გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველო იყო პირველი მერცხალი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში. იყო დიდი ენთუზიაზმი, მაგრამ არ გვეყო გამოცდილება და დამოუკიდებლობის მიღებიდან მალევე პირველი პრეზიდენტი მოვკალით. ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა უკვე ასაკში შესული შევარდნაძე, რომლის პრეზიდენტობის დროსაც, მათ შორის მხედრიონის აღვირახსნილობისა და ზღვარგადასული კორუფციის გამო, სახელმწიფო სრულიად დაკნინებული იყო.

ამ ფონზე, 2003 წელს, იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით, ქვების სროლით იოლად მოიპოვა. სახელმწიფო და ინსტიტუტები იმდენად იყო დაკნინებული, რომ შევარდნაძე უკვე პირადი უსაფრთხოების სამსახურსაც კი ვეღარ აკონტროლებდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის მანძილზე ქვეყანას ყველანაირი უბედურება დააწია. ისინი ყველაფრის უფლებას აძლევდნენ თავს, ჩაიდინეს უამრავი დანაშაული, მათ შორის მიიტაცეს თითქმის ყველა მედიასაშუალება, რაც მათ ყველა წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა.

სააკაშვილი საკუთარ თავს უმღეროდა „მიშა მაგარიას“ და თავისი სიცრუე თავადვე დაიჯერა. სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია. სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული.

სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა. ასეთია მისი გუნდიც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამიტომ იქცა მათი 9-წლიანი სახელისუფლებო და 9-წლიანი ოპოზიციური საქმიანობა წარუმატებლობის 18-წლიან ისტორიად. ამასთან, მათ ვერც ის გაითვალისწინეს, რომ 2003 წლის დაკნინებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, დღეს მათ კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტები დახვდათ.

ეგონათ, რომ მარტივად შეძლებდნენ გეგმის განხორციელებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ისინი თავისივე სიცრუის მსხვერპლი გახდნენ. უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ შესახებ და ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს. სინამდვილეში, „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა. სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ - გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს“, - წერს „ფეისბუკში“ ირაკლი ღარიბაშვილი.

იხილეთ აგრეთვე:

🔴ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴„ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

დღის პერსონა

„სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია“ - სანდრა რულოვსი

ყოფილი ლედი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულად უერთდება მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.
პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, - წერს სანდრა რულოვსი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე იხილეთ:

🔴„ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴უკრაინაში გვშურს, რომ საქართველოს ასეთი პრეზიდენტი ჰყავდა - ლიზა იასკო

🔴პრემიერ-მინისტრის ღია წერილი

დღის ფრაზები

თაკო ჩარკვიანი:

„ჩაფიქრებულია მორალური და ფიზიკური განადგურება სააკაშვილისა. მორალურად უნდათ მისი წელში გადატეხა ეს ვლადიმერ პუტინის პირდაპირი მითითებაა“

ივანე ჩხაიძე:

„თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაშია, ორივე მიმართულებას - ინფიცირებულთა და ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას, ნათელია, რომ ამ მხრივ რაღაც მნიშვნელოვანი და რადიკალური ღონისძიებებია მისაღები“

ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი:

„ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი“, სააკაშვილი ციხეში კამერების წინ ჩააბარებს ნარკოტესტს და მან კანცელარიაში ჩააბაროს“

ანა ბუჩუკური:

„კოალიციას არავისთან არ ვაპირებთ“

ლიზა იასკო სააკაშვილზე:

„ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვიბრძვით, გვაქვს მომავლის გეგმები“

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი:

„მისცენ სასამართლოში მონაწილეობის უფლება და იქ გამოჩნდება რა მდგომარეობაშიც არის სააკაშვილი“

დღის ცუდი ამბავი

კორონავირუსის შემთხვევების გამო თბილისში ორი საბავშვო ბაღი დაიხურა

ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დადასტურების გამო თბილისში ორი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ინფიცირების ერთი შემთხვევის გამოვლენის დროსაც კი ბაღები დროებით იხურება.

„არსებული მძიმე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ თბილისის საჯარო ბაღები.

რეგულაციები დეტალურად არის გაწერილი და მათი დაკმაყოფილებისთვის გასულ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში COVID 19-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში. ბოლო მონაცემით, ამ მიზეზით უკვე დაიხურა ორი საბავშვო ბაღი, მე-100 და 45-ე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრიდან განახლდა.

დღის კარგი ამბავი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა 186-მდე გაიზარდა

თბილისში უკვე 186 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, მუხიანის პირველ მიკრორაიონში გაიხსნა ახლად აშენებული N104 ბაგა-ბაღი, რომელსაც 270 ბავშვის მიღების შესაძლებლობა აქვს.

„2018 წლიდან დღემდე, თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც ყველანაირ ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და შეგიძლიათ ნახოთ, როგორი გემოვნებით და ხარისხით არის ეს პროექტები განხორციელებული. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 საბავშვო ბაღის ავარიულ შენობებს. ამჟამად, მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 3 შენდება ავარიული შენობების ნაცვლად.

მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება გამაგრება-რეკონსტრუქციის კიდევ ერთი პროექტი 89-ე ბაგა-ბაღში, რომელიც გლდანის ა მიკრორაიონში მდებარეობს. ამჟამად, მიმდინარეობს ორი საბავშვო ბაღის შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროცესი, რომელთაგან ერთი - 155-ე ბაღი წლის ბოლომდე დასრულდება და ალტერნატიულ ფართში გადასული ბავშვები დაუბრუნდებიან განახლებულ ბაღს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, წელს, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული იყო 13 მლნ ლარზე მეტი, ხოლო მომავალ წელს ბიუჯეტი გაიზრდება და 19 მლნ ლარი გამოიყოფა.

მისივე განმარტებით, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის აღდგენამდე, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების 10 სახეობა 60 000-მდე აღსაზრდელის ოჯახს დაურიგდა.

დედაქალაქის მერმა პროდუქტების დარიგების პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, ასევე, ბაგა-ბაღების თანამშრომლებს.

დღის უცხოური ამბავი

ცუკერბერგი: იმედგაცრუებაა იმის დანახვა, რომ ჩვენი კარგი საქმე არასწორად არის დახასიათებული

კომპანია ფეისბუკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი 4 ოქტომბერს მომხდარ გლობალურ ტექნიკურ პრობლემებს და კომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ცუკერბერგმა წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მან ფეისბუკის თანამშრომლებს გაუგზავნა.

„ეს ყველაზე სერიოზული გათიშვა და მუშაობის შეფერხება იყო ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ 24 საათი დაგვჭირდა, რომ პრობლემა მოგვეგვარებინა, ასევე გვემუშავა იმაზე, რომ სისტემა მსგავსი სახის შეფერხებას მომავალში უფრო მომზადებული შეხვდეს. ჩვენი მუშაობა ხომ ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის. უფრო ღრმად რომ ჩავეძიოთ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები სხვა სისტემებზე იწყებენ გადასვლას, რადგანაც ჩვენი მომსახურება როგორც ახლობლებთან ურთიერთობისთვის, ასევე ბიზნეს-საქმიანობისთვის არის აუცილებელი.

ჩვენ ძალზე ვუფრთხილდებით უსაფრთხოებას, ასევე, ადამიანების წარმატებას და მათ ფსიქიკურ მდგომარეობას. ზოგიერთ განცხადებას ჩვენი მუშაობის შესახებ არანაირი აზრი არა აქვს. იმისათვის, რომ კომპანიამ წარმატებით იმუშაოს, ამაზე ათასობით თანამშრომელი ზრუნავს. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ღიაა ანგარიშების გამოქვეყნების საკითხში.

მიდის საუბარი იმაზე, რომ სოც. ქსელები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობს ხელს, მაგრამ, არ მგონია ეს ასე იყოს, რადგანაც სოც.ქსელებს ყველგან თანაბრად იყენებენ, პოლარიზაცია კი ზოგან იზრდება, ზოგან კი პირიქით - მცირდება.

ამ ბრალდებებს საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ ჩვენ ფინანსურ მოგებას უსაფრთხოებაზე და ადამიანების კეთილდღეობაზე მაღლა ვაყენებთ. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც კითხვის ნიშნებს იწვევდა, არის ის, რომ ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და პრიორიტეტულად გამოვყავით სოციალური ურთიერთობები. ცვლილების შედეგად ნაკლები ვირუსული ვიდეოს ჩვენება ხდება და წინა პლანზე წამოიწია ურთიერთობამ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ეს ნიშნავს, რომ ხალხი ნაკლებ დროს დაუთმობს ფეისბუკს, მაგრამ ამ კვლევამ აჩვენა, რომ ეს სწორია ადამიანების კეთილდღეობისთვის. ეს ნამდვილად არ არის ის, რასაც მოგებაზე და არა ადამიანებზე ორიენტირებული კომპანია გააკეთებდა.

ჩვენ ფულს ვიღებთ რეკლამებიდან და რეკლამის განმთავსებლები გვეუბნებიან, რომ მათ არ სურთ, რომ მათი რეკლამა იყოს ვინმესთვის მავნე ან მავნე შინაარსთან ახლოს. მე არ ვიცნობ არცერთ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც აპირებს შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხალხის გაღიზიანებას ან დეპრესიას გამოიწვევს.

განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება ბავშვებთან ჩვენი მუშაობის შესახებ. ბევრი დრო გავატარე იმაზე ფიქრში, თუ რა გამოცდილების გაზიარება მინდა ჩემი შვილებისთვის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაშენებთ, იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო და სასარგებლო.

რეალობა ისაა, რომ ახალგაზრდები იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. დაფიქრდით სკოლის ასაკის რამდენ ბავშვს აქვს ტელეფონი. ამის იგნორირება შეუძლებელია, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უნდა შექმნან გამოცდილება, რომელიც დააკმაყოფილებს ბავშვების მოთხოვნებს, ასევე უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ წამყვანი ინდუსტრია ამ სფეროში. ამ სამუშაოს კარგი მაგალითია Messenger Kids, რომელიც ფართოდ არის აღიარებული, როგორც ბევრად უკეთესი და უსაფრთხო, ვიდრე ალტერნატიული მესენჯერები.

ჩვენ, ასევე, შევიმუშავეთ სისტემა ინსტაგრამზე ბავშვის ასაკის შესაბამისად მშობლების კონტროლის განსახორციელებლად. ჩვენ შევჩერდით პროექტზე და მეტ დრო გავატარებთ ექსპერტებთან ურთიერთობაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სასარგებლოა.

თუ როგორ აისახება Instagram ახალგაზრდებზე, ამის ახსნა Newsroom პოსტში წერია:

„კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი მოზარდი, რომელსაც გავესაუბრეთ, თვლის, რომ Instagram– ის გამოყენება ეხმარება მათ რთულ მომენტებში, რომლებსაც თინეიჯერები ყოველთვის აწყდებიან. ჟურნალის მიერ მოხსენიებულია 12 საკითხი, მათ შორის, ისეთი სერიოზული, როგორიცაა მარტოობა, შფოთვა, მწუხარება და კვების პრობლემები - ეს უფრო თინეიჯერ გოგონებს ეხება, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ამ პრობლემების გადაჭრას ცდილობდნენ და რომ ინსტაგრამმა ეს რთული დრო მათთვის უკეთესი გახადა.“

როდესაც საქმე ახალგაზრდების ჯანმრთელობას ან კეთილდღეობას ეხება, ყველა გამოცდილების შესწავლა მნიშვნელოვანია. ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ ადამიანებს ასეთ დროს და მე ვამაყობ ჩვენს მიერ გაწეული მუშაობით. ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ჩვენს კვლევებს ამ სამუშაოს კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.

არ მიმაჩნია, რომ კერძო კომპანიებმა ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღონ. ამიტომაც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვიცავთ ინტერნეტის განახლების წესებს. რამდენჯერმე მივეცი ჩვენება აშშ-ის კონგრესში და ვთხოვე მათ ამ წესების განახლება. დავწერე რამდენიმე სტატია, სადაც რეგულირების სფეროებზეა საუბარი. ესაა მავნე კონტენტი, რომელიც არჩევნებთან, შინაარსთან, კონფიდენციალურობასთან და კონკურენციასთან არის დაკავშირებული.

თუ ჩვენ გვექნება საუბარი ახალგაზრდებზე სოციალური მედიის გავლენის შესახებ, მნიშვნელოვანია ამ საკითხის კომპლექსური შეფასება. ჩვენ ვცდილობთ, ჩავატაროთ მეტი კვლევა და გავხადოთ მეტი კვლევა საჯაროდ ხელმისაწვდომი.

ჩვენ გვყავს ინდუსტრიის წამყვანი კვლევითი პროგრამა, ასე რომ შეგვიძლია გამოვყოთ მნიშვნელოვანი საკითხები და ვიმუშაოთ მათ გადაჭრაზე. სამწუხაროა, რომ ხშირად ვხედავთ კონტექსტიდან ამოგლეჯილ და ყალბ მოსაზრებებს, რომ ჩვენ ადამიანებზე ზემოქმედება გვსურს, მათ შეცვლას ვცდილობთ რა ა.შ.

ვიცი, რომ იმედგაცრუებაა იმის დანახვა, რომ ჩვენი კარგი საქმე არასწორად არის დახასიათებული, განსაკუთრებით ეს მათთვის არის საწყენი, ვინც კომპანიის უსაფრთხოების, მთლიანობის, კვლევისა და პროდუქტების მნიშვნელოვანი მონაწილეა. მაგრამ მჯერა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, გავაკეთებთ იმას, რაც სწორია, რაც გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას, ეს უკეთესი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ბიზნესისთვის. მე ვთხოვე კომპანიის აღმასრულებლებს, ღრმად შეისწავლოთ ჩვენი საქმიანობა მრავალი მიმართულებით მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა თქვენ დაინახოთ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად.

მილიარდობით ადამიანს უყვარს ჩვენი პროდუქცია. იყენებს მას, ჩვენი პრიორიტეტია ადამიანი. ვამაყობ რასაც ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ მსოფლიოში საუკეთესო სოციალური პროდუქტების შექმნა და მადლობელი ვარ იმ სამუშაოსთვის, რაც ყველა თქვენგანი ყოველდღიურად აკეთებთ აქ“, - წერს მარკ ცუკერბერგი.

დღის ფოტო

კუს ოჯახი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე

მართალია ხმელთაშუა ზღვა თვალით არ უნახავთ და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ბინადრობენ, მაგრამ მათ „ხმელთაშუა ზღვის“ კუებად მოიხსენიებენ. ფოტოს ავტორია 📸 Vazha Cherkezishvili

დღის ვიდეო

„ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ის ფლობს ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით და ის დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

„უმძიმესი ინფორმაცია გვაქვს, სასწრაფოდ შევიკრიბეთ, მივმართავ ყველა აკრედიტებულ ელჩს საქართველოში კორპუსს, სენატორებს რიშს და კუბილიუსს, ამერიკის, ბრიტანეთის, ისრაელის ელჩებს, ნატოს მისიის ხელმძღვანელობას ამიერკავკასიაში, გადამოწმებული, უმძიმესი ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა მოინახულოს ყოფილი პრეზიდენტი და ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ხელისუფლებაზე. ჩაფიქრებულია მორალური და ფიზიკური განადგურება სააკაშვილისა, ალბათ ამაში ეჭვი არავის გეპარებათ. მორალურად უნდათ წელში გადატეხა ყოფილი პრეზიდენტისა, ვლადიმერ პუტინის პირდაპირი მითითებაა“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴„სააკაშვილი თქვენ ჩამოიყვანეთ, აუფრიალეთ თვალწინ მოსახლეობას და ამით წაიღეთ არჩევნები“ - ხვიჩია

🔴სააკაშვილი პრეზიდენტ ზელენსკის პასუხობს - წერილი ციხიდან

🔴„შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე“ - მიხეილ სააკაშვილი