მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შემთხვევაში გახდება საჭირო სავალდებულო ვაქცინაცია ? - ივანე ჩხაიძის განმარტება

ივანე ჩხაიძე
1633520865
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლო შემოღების შესახებ საუბრობს და განმარტავს რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის დაყენება.

ივანე ჩხაიძემ ამბობს, რომ ამ ეტაპზე იმუნიზაციის საბჭოს დღის წესრიგში არ დგას სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი.

ჩხაიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერჯერობით არ იკლებს, საჭიროა რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდეს.

ამასთან, ჩხაიძის განცხადებით, ახალი მექანიზმების ამოქმედების შემთხვევაში თუ იმუნიზაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა, სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.

„იმუნიზაციის საბჭოს დღის წესრიგში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი არ დგას. თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაშია, ორივე მიმართულებას - ინფიცირებულთა და ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას, ნათელია, რომ ამ მხრივ რაღაც მნიშვნელოვანი და რადიკალური ღონისძიებებია მისაღები.

ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში არ მცირდება, ასევე, მაღალია გარდაცვლილთა რიცხვი, ხოლო ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მცირდება. ამიტომ სხვა მექანიზმი პანდემიის შეჩერების და კონტროლის არ არსებობს, ერთადერთი მექანიზმი ეს არის მხოლოდ ვაქცინაციის ტემპის გაზრდა.

გუშინდელი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არც სიახლეა და მათ ნამდვილად მოჰყვება სწრაფი განხორციელების შემთხვევაში დადებითი ეფექტი, ასე რომ შესაძლებელია მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ვნახოთ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ეს ღონისძიებები.

თუ ჩვენ შედეგი მივიღეთ და მომდევნო 10-12 დღის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი, მაშინ შეიძლება აღარ გახდეს საჭირო სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება, თუ არადა აუცილებლად უნდა იყოს განხილული ეს საკითხი, რადგან ჩვენ სხვა რეზერვი აღარ გვრჩება. ყველაფერი რაც დღემდე გაკეთდა, არ აღმოჩნდა საკმარისი.

გუშინდელი სხდომის შემდეგ ახალი მექანიზმები ჩაირთო და ვნახოთ ახალ მექანიზმებს რა შედეგი ექნება, მაგრამ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გათვლილი, თუ არ იქნა შედეგი, რას ვაკეთებთ. არ მგონია პასიური ლოდინის პოზიცია იყოს მოგებიანი. თუ ვერ მივიღეთ შედეგი, დაველოდოთ რა მოხდება, „დაველოდოთ რა მოხდება“ ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდ ხანს მოგვიწევს კიდევ ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლის და გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებლის სტატისტიკის განხილვა. ეს არის ძალიან ცუდი და პროგნოზულად იმის მაჩვენებელია, რომ ჯერ კიდევ მრავალი თვე იქნება საქართველოში პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

კითხვაზე, რა ჯგუფს შეიძლება შეეხოს სავალდებულო ვაქცინაცია, ჩხაიძე ამბობს, რომ სულ რამდენიმე ჯგუფია, რომელიც შეიძლება განსაზღვრული იყოს.

„ეს შეიძლება იყოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ეს შეიძლება იყოს განათლების სფერო, ძალოვანი სტრუქტურები“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

📣 ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა

📣ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ პაციენტთა 37%-ს ხანგრძლივი კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომი აღენიშნებათ

📣აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა