მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

მისი თქმით, სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით დამცინავი განცხადებების გაკეთებით, პატიმარი, ფაქტობრივად, აიძულეს უფრო მკაცრი ფორმისთვის მიემართა.

„ხელისუფლება ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას. მათი პასუხისმგებლობა ნამდვილად იქნება თუ უფრო გაუარესდება მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რა განცხადებებიც გააკეთეს.

იმდაგვარი ფორმით გაასაჯაროვეს გარკვეული დეტალები, რომელიც არც ვიცი შეესაბამება თუ არა სიმართლეს, ნიშნისმოგებით, ცინიკური თუ დამცინავი ფორმით, რომ პრაქტიკულად აიძულეს პატიმარი რომ შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმებზე გადასულიყო. ამიტომ ამაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს ხელისუფლებასაც“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც მან აღნიშნა, ამგვარმა განცხადებებმა ზეგავლენა იქონია იმ პატიმრების ქმედებებზეც, რომლებმაც N12 ციხეში სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად დაიწყეს შიმშილობა.

„მე-12 დაწესებულებაში სხვა პატიმრები ფირცხალავა, ცაავა, სააკაშვილის მხარდაჭერის ნიშნად შიმშილობენ ძალიან მკაცრი ფორმით. იმის გამო, რომ სააკაშვილის მიმართ გაჟღერდა, რომ ის იღებს თაფლს და წვენებს, ისინი უარს ამბობენ წყლის/სითხის გარდა რაიმეს მიღებაზე და მათი მდგომარეობა არის ნამდვილად ძალიან მძიმე.

ამის ერთ-ერთ მიზეზად ისინი ასახელებენ იმას, რომ სულ მცირე ტკბილიც რომ მიიღონ, რასაც მათი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, არ უნდათ ეს იყოს გამჟღავნებული პენიტენციური სამსახურის მხრიდან“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს

🔴 „მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

🔴 „გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

🔴 „ცოტა უჭირს სიარული, ჰოსპიტალიზაცია ახლა საჭირო არაა“ - პირადი ექიმი სააკაშვილზე