მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

„გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ საუბრობს.

რამაზ საყვარელიძის თქმით, სააკაშვილის პროტესტი შიმშილობის წესით არ იქნება მხარდაჭერილი.

ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ სააკაშვილი სასჯელს იმსახურებს.

„შიმშილობა საერთოდ არის პროტესტის ფორმა. ამ შემთხვევაში, სააკაშვილმა აირჩია ეს პროტესტის ფორმა. როგორც მისი განცხადებებიდან ჩანს, ის აპროტესტებს, რომ დაკავებულია უკანონოდ. არსებობს საერთაშორისო ექსპერტების, სამართალდამცველების შეფასებები მის ბრალეულობასთან დაკავშირებით, საზღვრის გადმოკვეთის გარეშედაც, რომ განაჩენში მოტანილი მიზეზები სამართლიანია და სააკაშვილი იმსახურებს ამ სასჯელს.

თუკი ყველას, ვინც სასჯელს გააპროტესტებს, დაიცავენ, მაშინ ვნახავთ, რომ საერთოდ არ იქნება სასჯელი დასჯის საშუალება, იმიტომ, რომ ყველა გათავისუფლდება, თუ ყველა არ გათავისუფლდება, მაშინ სააკაშვილის პროტესტი შიმშილობის წესით არ უნდა იყოს მხარდაჭერილი უცხოელი პარტნიორების მიერ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას პოლიტიკური ელფერი მისცენ და ისე გამოიყენონ, როგორც ეს პოლიტიკას აწყობს.

„მისი სურვილი თუ არის, გააგრძელოს შიმშილობა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მისი მდგომარეობის დამძიმება ცოტა ბუნდოვანია, ადამიანი 40 დღეზე მეტს ძლებს საკვების გარეშე. თაფლის და წყლის წყალობით შესაძლოა, უფრო მეტი დრო გაძლოს. თუ დამძიმებას პოლიტიკური ელფერი ექნა და ატეხეს ამბავი დამძიმდაო იმის გამო, რომ ეს პოლიტიკას აწყობს, გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“, - განაცხადა ექსპერტმა.

მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-12 დღეა, შიმშილობს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი