ეკონომიკა
2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1 118 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, კაკლოვანი ხილი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი და მოცვი.„ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 18.3 მლნ აშშ დოლარით (19%-ით) გაიზარდა და 113.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ზრდა, ძირითადად, თხილის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით იყო განპირობებული. თხილის ექსპორტის ღირებულებამ 10.9 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 33.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წვენების ექსპორტმა 4.4 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 6.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.გარდა ამისა, ევროკავშირში 23.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 2.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში წამყვან პოზიციას ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები იკავებს, მათ შორის სპირტიანი სასმელები - 172.6 მლნ აშშ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვინოები - 165.6 მლნ აშშ დოლარი, მინერალური და მტკნარი წყლები - 114.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო უალკოჰოლო გაზიანი სასმელები - 112.9 მლნ აშშ დოლარი. სასმელებთან ერთად, ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვა პროდუქტებსაც. ქვეყნიდან ექსპორტირებულია კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) 59.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი - 46.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების და მოცვი - 45.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2025 წელს მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა რიგ აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კარტოფილი, რომლის ექსპორტი 25.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 29-ჯერ გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებელს. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტში (ზრდა: 21.5 მლნ აშშ დოლარი; 23%), გადამუშავებული თხილისა და ფსტის (ზრდა: 18.8 მლნ აშშ დოლარი; 67%), კაკლოვანი ხილის (ძირითადად თხილი; ზრდა: 18.6 მლნ აშშ დოლარი; 46%), მოცვის (ზრდა: 17.6 მლნ აშშ დოლარი; 63%), ხოლო თესლოვანი ხილის (ძირითადად ვაშლი) ექსპორტში – 6.2 მლნ აშშ დოლარის ზრდა დაფიქსირდა, რაც 4.5-ჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში გამართულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმ მიმართულებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის, ავიაციის სფეროებში და ასევე ინვესტიციების დამატებით მოზიდვა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საამიროების პრეზიდენტთან ერთად EMAAR-ისა და Eagle Hills-ის დამფუძნებლის, მოჰამედ ალაბარის საქართველოში სტუმრობას, რომელიც, მინისტრის განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ინვესტორია.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.დოკუმენტების გაცვლის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დაესწრნენ.„ასეთი მოცულობის, ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი და ქვეყანაში არის ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატი. ვიზიტის ფარგლებში საამიროების წარმომადგენლებთან განვიხილეთ შესაძლებლობები, თუ როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების ზრდა საქართველოში, ისევე, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდა, რომ ორმა ქვეყანამ მჭიდროდ ითანამშრომლოს ერთმანეთთან და ჩვენი ეკონომიკა წლიდან წლამდე სტაბილურად და მდგრადად იზრდებოდეს“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დოკუმენტური ფილმის - „ბანკირის დღიურები“ პრემიერა გაიმართა. ფილმი საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი იყო. მისი წვლილი განსაკუთრებულია ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებასა და სხვა , არამედ სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. ის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი, მისი თაოსნობით, განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი მოიძიეს. ის ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმაა.ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის საუკუნოვანი ისტორიით დაინტერესებისთვის და ისაუბრა იასონ ლორთქიფანიძის განსაკუთრებულ წვლილზე, რაც მას საქართველოს საფინანსო სექტორის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მიუძღვის.„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ თაობებს გავაცნოთ და შემოვუნახოთ ისეთი გმირების ისტორიები, როგორიც იასონ ლორთქიფანიძე იყო. ჩვენი მხრივ, მუდმივად ვიზრუნებთ, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ისტორია და დავრჩეთ იმ ღირებულებების და ფასეულობების ერთგული, რამაც სებ-ის საუკუნოვანი ისტორიის შექმნა განაპირობა.აღსანიშნავია იასონ ლორთქიფანიძის ეპისტოლური დანატოვარიც, რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა საბანკო და ეკონომიკური საკითხების შესახებ და რომელიც საფუძვლად დაედო დღევანდელ ფილმს. გეტყვით ასევე, რომ დოკუმენტურ ფილმში იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი შრიფტია გამოყენებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, სიმბოლურია ისეთი დოკუმენტური ფილმის შექმნა, რომელიც ეძღვნება ორ მნიშვნელოვან თარიღს, ეროვნული ვალუტის 30-ე წლისთავს და პირველი მაუწყებლობის დაწყების 100 წლის იუბილეს.„ეროვნული ვალუტის, ლარის დაბადების 30 წლისთავი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ასევე, წელს სრულდება პირველი მაუწყებლობის დაბადებიდან 100 წლის იუბილე. ეს თარიღები ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის. ამიტომ ძალიან სიმბოლურია, რომ შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება და საუკეთესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას და მემკვიდრეობას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუმზადა სიურპრიზი – გამოშვებული იქნება მონეტა სპეციალურად საზოგადოებრივი მაუწყებლის სიმბოლიკით. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი საუკეთესოდ შეაფასებს ამ ფილმს“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.როგორც პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ ფილმით პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდია აგრძელებს ეროვნული მეხსიერების შექმნას, რაც ქვეყანას წაადგება.აღსანიშნავია, რომ ორი თარიღი, ლარის 30 წლისთავი და საზოგადოებრივი მაუწყებლის 100 წლის იუბილე ემთხვევა ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინტელექტუალური, კულტურული პროექტები გაგრძელდება, მრავლად იქნება და წაადგება ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.„დღეს შედგა პრემიერა დოკუმენტური ფილმისა იასონ ლორთქიფანიძეზე. ეს არის ქართული ეროვნული ბანკის პირველი მმართველი და პირველი ხელმძღვანელი. ამ ფილმით პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდია აგრძელებს ეროვნული მეხსიერების შექმნას. პროდუქცია, რაც ამ სტუდიაში იქმნება, არ არის კომერციული პროექტი, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო ემატება ფასი და მნიშვნელობა. ეს პროდუქცია ეხება იმ ძალიან მნიშვნელოვანს, რაც არის დაკავშირებული ეროვნულ იდენტობასთან.საქართველოს პირველი არხის მედიის დირექტორის, რუსუდან მანჯგალაძის თქმით, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ შეიქმნა პორტრეტული ფილმი, საიდანაც მაყურებელი ამ ადამიანის შესახებ ბევრ საინტერესოს შეიტყობს.„დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სამზადისი ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო დოკუმენტური ფილმი იასონ ლორთქიფანიძეზე. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით იმ ადამიანის შესახებ, რომელიც გახლდათ სწორედ ეროვნული ბანკის პირველი მმართველი, რომლის დროსაც დამკვიდრდა პირველი ეროვნული ვალუტა და რომელსაც უკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის მოძიების და შემდეგ მისი ჩამოსვენების ორგანიზება. მას უდიდესი წვლილი აქვს ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებაშიც. გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ასეთი პორტრეტული ფილმი შეგვექმნა მასზე. ვფიქრობ, ჩვენს მაყურებელს ფილმი მოეწონება და ბევრ ახალ საინტერესოს შეიტყობს“, – განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა არაერთი ინიციატივა განახორციელა იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად, მათ შორის: წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაეცა იასონ ლორთქიფანიძის უნიკალური საოჯახო არქივი, რომელიც ახლა ყვარლის ფულის მუზეუმში ინახება და საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომია.გასულ წელს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა. თბილისში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის მემორიალური დაფა გაიხსნა.დოკუმენტური ფილმის „ბანკირის დღიურები“ პრემიერას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებული შენობის კინოდარბაზში „ილუზიონი“ გაიმართა, თბილისის საკრებულოს წევრები იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, ასევე იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლები ესწრებოდნენ.დოკუმენტური ფილმის სატელევიზიო პრემიერა პირველი არხის ეთერში შაბათს, 20 სექტემბერს, 19:30 საათზე გაიმართება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7405 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7356 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0049 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, ევროს კურსი 3.2234 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.2376 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0142 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 სექტემბერს ამოქმედდება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4500-მდე მევენახემ ჩააბარა.სამინისტროს ცნობით, ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 29,3 ათას ტონამდე საფერავი, 28,3 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 425 ღვინის კომპანია/მარანი, აქედან, 163 რთველის პროცესში უკვე ჩართულია. რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და ასევე, რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7356 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7143 ლარი იყო.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2376 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.2143 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულება 0.0662 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 19 სექტემბერს შევა ძალაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ასევე მთავრობის და პარლამენტის წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, ენერგეტიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის თანამშრომლებს და დამსახურებულ ენერგეტიკოსებს მადლობა გადაუხადა დარგის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ ენერგეტიკოსის დღე სწორედ ენგურჰესის - ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის სივრცეში აღინიშნა.„ენგურჰესი, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს, წარმოადგენს ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან ტექნიკურ ნაგებობას, რაც კი საქართველოში აშენებულა. საქართველოში ტექნიკურ მეცნიერებათა, ინჟინერიის, თუ ჰიდროინჟინერიის სკოლა საუკუნეზე მეტს ითვლის და ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილი ტექნიკოს-მეცნიერთა არაერთ თაობას აქვს შეტანილი. ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ხოლო ენგურჰესი ჩვენი ენერგეტიკის გულია - ამ გულის ნაწილი აფხაზეთში მდებარეობს და წლების განმავლობაში ჩვენს ოკუპირებულ მიწასთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებდა. მომავალშიც ენგურჰესი შეასრულებს უმთავრეს როლს ყველა სხვა ჩატეხილი ხიდის გამთლიანების საქმეში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ენერგოსისტემის საფუძველი მე-20 საუკუნეში ჩაიყარა და ის ბევრად დიდი, მასშტაბური ენერგოსისტემის ნაწილი იყო, გასული სამი ათეული წლის განმავლობაში კი ქვეყანა უდიდესი ძალისხმევით ცდილობს, მოპოვებული დამოუკიდებლობის მატერიალურ უზრუნველყოფას საკუთარი ეკონომიკით, საფინანსო პოლიტიკით და ენერგეტიკით. მინისტრის შეფასებით, გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველომ შეძლო სუვერენული ეკონომიკური სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა.„ცხადია, რომ ენერგეტიკაც, ეკონომიკაც და ქვეყნის დამოუკიდებლობაც ვერ იარსებებს იზოლირებულად და სამეზობლოს აქტიურ თანამშრომლობაზე აგებული პარტნიორული ურთიერთობის ნაწილი ვართ, მაგრამ საქართველომ შეძლო საკუთარი, დამოუკიდებელი, სუვერენული ეკონომიკური სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ეკონომიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს სისუსტეში დაინტერესებული არაერთი ძალა თუ ავტორი ჩვენი ეროვნული ინტერესის რეალიზებაში ხელის შეშლას შეეცდება. ამის მაგალითები ბევრი გვაქვს და ალბათ ყველაზე თვალსაჩინოა ის წინააღმდეგობა, რასაც ენერგეტიკის და ყველაზე მეტად ჰიდროენერგეტიკის განვითარებაში ვხედავთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წყალუხვი და მთაგორიანი ქვეყანაა, რაც შესაძლებელს ხდის ჰიდრორესურსების გონივრულად და მოგებიანად გამოყენებას - იმ ქვეყნების მსგავსად, რომლებმაც ეს ბუნებრივი სიმდიდრე თავიანთ კეთილდღეობას დაუდეს საფუძვლად. მინისტრის განცხადებით, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს შენების პროცესში უპირველესი სწორედ ქვეყნის ეროვნული ინტერესი იქნება.„ჩვენი სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით და ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რომ თითოეულ სწორ პროექტსა და სწორ ინვესტორს, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტრადიციულად, ენერგეტიკის დარგის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა - სიგელები და სიმბოლური საჩუქრები წელს 16 ენერგეტიკოსს გადაეცა. „ყველა ის ადამიანი, რომელიც აქამდე დაჯილდოებულა, დღეს ან მომავალში დაჯილდოვდება, ასევე წარმოადგენს საქართველოს სიმდიდრეს და ძალას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოში წელს პირველად მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიმართება.საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივად ორგანიზებულ სამიტზე, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები.სამიტი ორი დღის განმავლობაში, 22-23 ოქტომბერს ჩატარდება. სამიტის ფარგლებში სხვადასხვა სესიები და პანელური დისკუსიები გაიმართება. „თბილისის ფინანსური სამიტის“ მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება იქნება.ასევე დაგეგმილია ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლების ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები.„თბილისის ფინანსური სამიტი“ GFTN-ის ღონისძიებების სერიის შემადგენელი ნაწილია, რომლის მასპინძლად GFTN-მა საქართველო აირჩია. შედეგად, საქართველო სწორედ ამ ქსელის ნაწილი ხდება. სამიტი კი ერთგვარი პლატფორმაა ქვეყნის სტრატეგიული მიზნისკენ მიმავალ გზაზე - საქართველო იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მთავარ რგოლად. GFTN-ის ქსელი სათავეს იღებს სინგაპურში და აერთიანებს მრავალწლიან წარმატებას, რაც შემდგომში განვითარდა აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.„თბილისის ფინანსურ სამიტზე“ მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო.20 გამარჯვებული სტარტაპი სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა გამოავლინეს. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ მეთოთხმეტედ გამართა. სულ თანადაფინანსების საგრანტო პროგრამების ფარგლებში, ჯამურად, 264 სტარტაპმა 43.5 მლნ. ლარის დაფინანსება მიიღო, აღნიშნული სტარტაპების მიერ მიღებული კერძო სარგებლის მოცულობამ 700 მლნ. ლარი შეადგინა.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება და ხელშეწყობა ყოველთვის იყო, არის და იქნება განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. „ჩვენი მიზანია, საქართველო მაღალტექნოლოგიური, გლობალური და ინოვაციური სტარტაპების ჰაბად ჩამოყალიბდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, დღევანდელი სტარტაპ ეკოსისტემის სიმწიფისა და არსებული საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე, მთავრობამ საქართველოს ბაზარზე ამერიკული და ევროპული წამყვანი 4 აქსელერატორი შემოიყვანა. „აქსელერაციის პროგრამა თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ლოგიკური გაგრძელებაა. ის წლიურად 160 სტარტაპს მოიცავს. პროგრამა ადგილობრივ სტარტაპებს წვდომას მისცემს გლობალურ ბაზრებზე, საერთაშორისო ქსელსა და დამატებით ინვესტიციებზე. პროგრამაში ჩართული სტარტაპების საგრანტო დაფინანსება 150,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაიზრდება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრმა ასევე კიდევ ერთ ინიციატივას გაუსვა ხაზი - სახელმწიფო ინოვაციური სტარტაპებისთვის უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმს აწესებს, რომელიც ძალაში 24 სექტემბრიდან შევა - სტარტაპები სამი წლის განმავლობაში ისარგებლებენ 0%-იანი საგადასახადო განაკვეთით. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სტარტაპების გარდა, უნიკალური საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და კვლევასა და განვითარებაზე (R&D) ორიენტირებული კომპანიები.ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - ამერიკული Plug and Play, 500 Global და Founder Institute, აგრეთვე ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტარტაპების აქსელერატორი, დანიური Startupbootcamp - ი, ადგილობრივი სტარტაპებისგან განაცხადების მიღებას 2026 წლის დასაწყისიდან დაიწყებენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7080 ლარი იყო.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2143 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1979 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულება 0.0657 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 18 სექტემბერს შევა ძალაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში ახალი სასტუმრო კომპლექსის - ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა „ორბი ჯგუფს“ ახალი პროექტის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ORBI Continental-ის სახით ბათუმს მნიშვნელოვანი, მასშტაბური კომპლექსი შეემატება, რომელიც გააძლიერებს როგორც ადგილობრივ, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას.„ახალი პროექტი ნამდვილად არის გამორჩეული, საინტერესო პარამეტრების და არქიტექტურული დიზაინის მქონე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის და უშუალოდ აჭარის რეგიონისთვის - პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 300 მლნ დოლარია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 1,500 ადამიანი იქნება დასაქმებული უშუალოდ სამშენებლო ეტაპზე, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. მაგრამ ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ოპერირებაში ჩაშვებისთანავე 2,000 პირდაპირი თუ არაპირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი გამორჩეულად მზარდია საერთაშორისო მასშტაბით.მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდა კომპლექსურად მიმდინარეობდეს, სხვადასხვა სექტორებს შორის მტკიცე ურთიერთკავშირით და აისახოს როგორც მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე, ისე თითოეული შრომისუნარიანი მოქალაქის პირდაპირ შემოსავლებზე.მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთლიან ეკონომიკურ პორტფელში სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს მსხვილი წილი უჭირავს.„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობით, სტაბილურობით და მნიშვნელოვანი, გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოს შექმნით აღნიშნული ეკონომიკური ზრდის ტენდენციების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. ჩვენი მთავრობის უმთავრესი მიზანი და ამოცანა - სწორი აქცენტების დასმით, მართებული ეკონომიკური პოლიტიკით სწორ და სამართლიან განვითარებაზე მორგებული რეგულაციებით უზრუნველვყოთ თანაბარი, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული განვითარება. მეორე მხრივ, დეველოპმენტი ვერ იქნება მხოლოდ ინვესტორის ინტერესზე აგებული, მას შეხება აქვს საცხოვრებელ გარემოსთან, არქიტექტურასთან, იერ-სახესთან, რესურსების ათვისებასთან და შესაბამისად, ის ჩვენ ყველას - არსებული და მათ შორის მომავალი თაობების ინტერესსაც ეხება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორი საჯარო - კერძო თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საუკეთესო შედეგები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ORBI Continental-ის მსგავსი პროექტები ასევე მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის კიდევ ერთი წამყვანი სექტორის - ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერების პროცესში.როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო გამორჩეულია ტურიზმის ასევე მდგრადი და სწრაფი ზრდის დინამიკით, რასაც გასული და მიმდინარე წლების უპრეცედენტოდ მაღალი სტატისტიკაც ადასტურებს.„გასული წელი იყო ისტორიული შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის - ბიუჯეტმა მხოლოდ ტურიზმის სექტორიდან 4.4 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალი ნახა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ამასთან, ჩვენ შევძელით და მიმდინარე წლის ორ კვარტალში ტურიზმის სექტორიდან ბიუჯეტში უკვე 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მივიღეთ. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დაფუძნებულია სწორ და თანმიმდევრულ, დივერსიფიკაციაზე მორგებულ პოლიტიკაზე, რაც ძალიან მჭიდრო და სწორი თანამშრომლობის შედეგია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.