კონფლიქტები
„საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი - ეს არ არის მხოლოდ საქმიანი საუბარი, ეს არის სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მანიფესტი, რომელიც მთელი მსოფლიოსადმი არის მიმართული. არის იმის მაჩვენებელი, რომ რესპუბლიკა გახსნილია, მას პარტნიორობის რწმენა აქვს, სურს და შეუძლია საქმის კეთება“. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა „საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე“ განაცხადა, რომელიც ცხინვალში იმართება. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.ამავე ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიებაში 3 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. ფორუმის სახელწოდებაა „სამხრეთ ოსეთი. ინვესტიციების ჰორიზონტები“.„ეს არის ისტორიული მოვლენა. ის სამხრეთ ოსეთს ეკონომიკური განვითარების ახალ ჰორიზონტებს უხსნის. მას შეუძლია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახის განსაზღვრა და ის გარე სამყაროსთან დინამიურ თანამშრომლობაზეა ირიენტირებული“, - განაცხადა გაგლოევმა.გაგლოევის თქმით, 2008 წლიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რუსეთთან ერთად აღდგენის ურთულესი გზა გაიარა. მან აღნიშნა, რომ დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი თანამშრომლობისთვის არის მზად და ის ინვესტორებს მყარ გარანტიებს, გამჭვირვალე წესებსა და სახელმწიფოს მხრიდან სრულ მხარდაჭერას სთავაზობს.„ჩვენი მიზანია - ხელსაყრელი საქმიანი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ჩადებული რუბლი მუშაობს და მას რეალური მოგება მოაქვს. ჩვენ საინვესტიციო პრიორიტეტები განვსაზღვრეთ. ესენია მრეწველობა, აგროსამრეწველო კომპლექსი, ტურიზმი და სასტუმრო ბიზნესი. ეს დარგები გახდება ზრდის ლოკომოტივი, ახალი სამუშაო ადგილების წყარო, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოედნები. დაე ეს ფორუმი გახდეს ახალი ეპოქის დაწყების სასტარტო წერტილი. ეს უნდა იყოს მდგრადი განვითარების ეპოქა და სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საერთაშორისო ეკონომიკური სივრცის ინტეგრაციის ეპოქა“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.გაგლოევის თქმით, ერთობლივად შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის გაძლიერება, არამედ მომავალი თაობების კეთილდღეობის საფუძვლის შექმნა.ცხინვალში 18-20 სექტემბერს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იმართება. დე ფაქტო მთავრობა სტუმრებს ოკუპირებული რეგიონის საინვესტიციო გეგმებს აცნობს.
უკრაინული ძალები დონეცკის ოლქში მდებარე პოკროვსკს ერთ წელზე მეტია აკონტროლებენ, თუმცა იქ სიტუაცია სწრაფად უარესდება. Sky News-ის ცნობით, რუსული ძალები ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას და დრონებით უტევენ, რითაც მომარაგების ყველა გზა გადაკეტეს.ლონდონის კინგს კოლეჯის დოქტორმა მარინა მირონმა განმარტა, რომ რუსებს არ სურთ ქალაქზე შტურმი, რადგან ეს ძალიან რთულია და ძალიან ბევრ ადამიანურ რესურსს მოითხოვს.„ისინი ცდილობენ უკრაინელების განდევნას, თანდათანობით ალყაში აქცევენ პოკროვსკს“, - აღნიშნავს ექსპერტი.ომამდე პოკროვსკში დაახლოებით 60 000 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი სტრატეგიული საგზაო და სარკინიგზო კვანძია და „დონეცკის კარიბჭედ“ ითვლება. მისმა დაცემამ, შესაძლოა, კრამატორსკსა და სლავიანსკს საფრთხე შეუქმნას.ექსპერტის თქმით, მოსკოვი მასობრივი თავდასხმებიდან, რომლებმაც უზარმაზარი დანაკარგები გამოიწვია, ალყაში მოქცევის ოპერაციებზე გადავიდა. მსგავსი მიდგომა ბახმუტისთვის ბრძოლებშიც გამოიყენეს.ამასობაში, ხარკოვის ოლქის საკვანძო სატრანსპორტო კვანძის, კუპიანსკის რაიონში ბრძოლები გრძელდება. ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა რუსული ჯარების წინსვლის შესახებ განაცხადეს, რომლებიც უკრაინის თავდაცვაზე ზეწოლას ცდილობენ.ფრონტზე არსებული ვითარების ესკალაციის ფონზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში მოუწოდა დონალდ ტრამპს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით „მკაფიო პოზიცია“ დაიკავოს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იუწყება, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ დაბომბვის ხმა და შავი კვამლი დააფიქსირა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტი ხაზს უსვამს იმ მუდმივ საშიშროებას, რაც ბირთვულ უსაფრთხოებას ეხება, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის შედეგად არც მსხვერპლი ყოფილა და არც აღჭურვილობის დაზიანება დაფიქსირებულა.ცნობისთვის, 16-17 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე დასახლებაზე იერიში მიიტანა. ხარკოვის ოლქში დრონებით შეტევას ნგრევა მოჰყვა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. როგორც მედიაში ვრცელდება, იერიშის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული.
დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი პოკროვსკი ციხესიმაგრედ იქცა და უკრაინელი დამცველები ყველაფერს აკეთებენ მისი დაცემის თავიდან ასაცილებლად. ამასობაში, რუსეთი პოკროვსკზე გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება, - წერს Forbes.სექტემბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აცნობა დონბასის „ორ-სამ, მაქსიმუმ ოთხ თვეში“ აღების განზრახვის შესახებ.„რუსეთი იმედოვნებს, რომ პოკროვსკის აღება დონეცკის ოლქის დანარჩენი ნაწილის ხელში ჩაგდების შესაძლებლობას მისცემს. უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსები ახლა პოკროვსკში „გადამწყვეტი გარღვევისკენ“ ისწრაფვიან და ამ ტერიტორიაზე გამოცდილი საზღვაო ქვეითების დანაყოფებს გადაჰყავთ“, - ნათქვამია სტატიაში.უკრაინული მედიის ცნობით, პოკროვსკის გარშემო, მათ შორის თავად ქალაქში, მრავალი თავდაცვითი ხაზი აშენდა. „მე არ მჯერა, რომ პოკროვსკი წელს დაეცემა. თუ ეს მოხდება, ეს სწრაფად არ მოხდება და ქალაქიდან თითქმის არაფერი დარჩება“, - აცხადებს შონ პინერი, ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი, რომელიც 2022 წელს მარიუპოლში იბრძოდა.
უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ უკრაინის რადას თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა.„ახლა, როდესაც აშკარაა, რომ ომი დასასრულს უახლოვდება, ზოგი ამას აღიარებს, ზოგი კი არა. სინამდვილეში კი, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ“, - აღნიშნა მან რადიო NV-ის ეთერში.მან განმარტა, რომ ამაზე განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი განცხადება მიუთითებს. მისი თქმით, ამერიკელ ლიდერს ნათლად ესმის, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კრემლის ლიდერს პუტინს შორის მოლაპარაკებებში მისი პირადი მონაწილეობის გარეშე ეს პროცესი ვერ გაგრძელდება.„და ის მზადაა გააძლიეროს თავისი ძალისხმევის სწორედ ეს ვექტორი. და ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ ვისაუბრეთ ამაზე, რომ შემდეგი შეხვედრა მხოლოდ სამმხრივ ფორმატში შეიძლება იყოს“, - დასძინა ვენისლავსკიმ.როგორც მან აღნიშნა, ზელენსკის და პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, რაიმე შედეგს არ გამოიღებს.„პუტინს სძულს ჩვენი პრეზიდენტი, ჩვენი პრეზიდენტი არ იღებს პუტინს, რომელმაც ამდენი მწუხარება მოუტანა ჩვენს ხალხს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას, რომლის შესახებაც დონალდ ტრამპმა 14 სექტემბერს გამოაცხადა, ყველა შანსი აქვს, რომ საომარი მოქმედებების დასრულება და მშვიდობა დააახლოოს“, - დასძინა ფიოდორ ვენისლავსკიმ.
უკრაინის დამცველებმა დონეცკის ოლქში პანკივკას დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „225-ე თავდასხმის პოლკის მიერ პირველი თავდასხმის ბატალიონის „შავი გედის“ ძალებთან ერთად ჩატარებული შეტევითი ოპერაციების დროს დონეცკის ოლქში მდებარე პანკივკას დასახლება გათავისუფლდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.უწყებაში აცხადებენ, რომ სუს-ი აგრძელებს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.„საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის ძალებმა ქალაქ ღაზაში, მინიმუმ, 30 საცხოვრებელი შენობა გაანადგურეს და ათასობით ადამიანი აიძულეს, სახლებიდან გაქცეულიყვნენ.Reuters-ის ცნობით, ისრაელი ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტის ფონზე, ღაზას დაბომბვას აძლიერებს. მარკო რუბიოს თქმით, მისი მიზანია „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 48 ისრაელელის გათავისუფლებას ხელი შეუწყოს, რომელთაგან, სავარაუდოდ, 20 დადასტურებულად ცოცხალია.ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, მათ მიზანს ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის მოპოვება და დაჯგუფება „ჰამასის“ განადგურება წარმოადგენს, მაშინ, როდესაც ქალაქის მოსახლეობა მილიონ ადამიანს აღემატება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. პალესტინური წყაროების ინფორმაციით, ღაზაში ბოლო 24 საათის განმავლობაში არასრულფასოვანი კვებისა და შიმშილისგან კიდევ ორი პალესტინელი გარდაიცვალა, რითაც საკვების უკმარისობით გამოწვეული სიკვდილიანობა მინიმუმ 422 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის 145 ბავშვია.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში უკრაინულ ჯარებს „კარგი შედეგები“ აქვთ.ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისგან მიიღო მოხსენება, რომ უკრაინული დანაყოფები სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლას აგრძელებენ და ამასთან, რუსებს კუპიანსკისა და დონეცკის ოლქებში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ.ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს, რომლებმაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს პრიმორსკში.„დღეს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ჯარისკაცს, რომლებიც რუსეთს მართლაც მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ. ყველაზე ეფექტური სანქციები – სანქციები, რომლებიც ყველაზე სწრაფად მოქმედებს – არის რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების, მათი ტერმინალების და ნავთობის საწყობების ცეცხლი“, – განაცხადა მან.როგორც უკრაინული მედია წერს, სუმის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსულ არმიას კონსტანტინოვკასა და ნოვოკონსტანტინოვკას სასაზღვრო სოფლებთან უკან დახევა აიძულეს.
ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, უკანასკნელი ერთი დღის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა, მათგან 49 პირი - ღაზას ქალაქში. დაშავებულია 205 ადამიანი. ღაზას სექტორის კლინიკებში შიმშილობით გამოწვეული სიკვდილის 73 შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც არასრულფასოვანი კვების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა. მათ შორის, 145 ბავშვია. ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, ისრაელის ინტენსიური დაბომბვის გამო, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში 6 000-ზე მეტი პალესტინელი უსახლკაროდ დარჩა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ რუსულ მხარეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ალექსანდრე სტეპანოვი გადასცა. მას რუსეთის გენერალური პროკურატურა უკანონო საბანკო საქმიანობაში, ასევე საბანკო თანხების და სხვა ქონების უკანონო ლეგალიზაციაში ადანაშაულებს. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებსოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქის გადაცემა რუსეთის გენერალური პროკურატურისგან შესაბამისი განაცხადის მიღების შემდეგ მოხდა.„ეს ფაქტი შესაძლებელი გახდა აფხაზეთის და რუსეთის პროკურატურების თანამშრომლობის მაღალი დონის შედეგად“, - აცხადებენ სოხუმში.
უკრაინულმა ჯარებმა სუმზე რუსეთის შეტევითი ოპერაცია მთლიანად ჩაშალეს. მტერმა დიდი დანაკარგები განიცადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ანგარიში წარადგინა.„მთავარსარდალმა სირსკიმ ინფორმაცია მომაწოდა ფრონტზე არსებული სიტუაციის, საკვანძო მიმართულებების შესახებ. არის შედეგები სუმის ოლქში: დღევანდელი მდგომარეობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაცია სუმზე მთლიანად ჩაშალეს ჩვენმა ძალებმა. გრძელდება ბრძოლები სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში, თუმცა რუსეთის დანაყოფებმა სუმის მიმართულებით დაკარგეს შეტევითი შესაძლებლობები მიღებული დანაკარგების შედეგად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.მან დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ასევე, აქტიურად ებრძვიან რუსეთის თავდასხმებს დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.„ჩვენ ვაძლევთ ძალას ჩვენს არმიას“, - დასძინა ზელენსკიმ.