მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ავსტრალია დღეს გაეროში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გამოაცხადებს - აშშ-ის ოფიციალური პირი

პალესტინის დროშა

ავსტრალია დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გამოაცხადებს, - ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა The Times of Israel-ს განუცხადა.

კანბერა იქნება მესამე დასავლური ქვეყანა, რომელიც დღეს ასეთ ნაბიჯს გადადგამს, გაერთიანებული სამეფოსა და პორტუგალიის შემდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, გაეროს სესიამდე, ან მის დროს გამოაცხადებენ აღიარებას.

ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, ავსტრალია ამ ნაბიჯის გადადგმას გეგმავს. 

„ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ეს სასარგებლო არ არის“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ავსტრალიამ ეს ნაბიჯი „გამჭვირვალე შიდა მოსაზრებებით“ გაამართლა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასავლური ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გეგმებს ეწინააღმდეგება, ხოლო სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ისინი გააფრთხილა, რომ ისრაელმა შესაძლოა, ამ ნაბიჯს დასავლეთ სანაპიროს ანექსიით უპასუხოს.

როდესაც ოფიციალურ პირს ჰკითხეს, თუ რა რეაგირება ექნება ვაშინგტონს ქვეყნების მიერ პალესტინის აღიარების გამოცხადებაზე, მან უპასუხა: „დაგეგმილი ზომები განიხილება“.