ბრიტანულმა გამანადგურებელმა Typhoon-მა, ნატოს „აღმოსავლეთ მცველის“ მისიის ფარგლებში, პოლონეთის თავზე პირველი საჰაერო პატრულირება განახორციელა, რომლის მიზანია აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გაძლიერება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
19 სექტემბრის საღამოს ინგლისის აღმოსავლეთით მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზიდან სამეფო საჰაერო ძალების ორი გამანადგურებელი „ტაიფუნი“ აფრინდა პოლონეთის ცაზე პატრულირებისთვის, რუსული საჰაერო საფრთხეების, მათ შორის დრონების, შესაკავებლად და მათგან თავის დასაცავად.
ისინი 20 სექტემბრის დილას დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი რუსეთის მიერ ნატოს საჰაერო სივრცის „ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევაზე“ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ.
როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ აღნიშნა, მისია „მკაფიო სიგნალს“ აგზავნის: „ნატოს საჰაერო სივრცე დაცული იქნება“.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს დაახლოებით ორმა ათეულმა რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ნამსხვრევები მთელი ქვეყნის მასშტაბით იპოვეს, ზოგიერთი დრონი აღმოსავლეთ საზღვრიდან თითქმის 300 კილომეტრის დაშორებით დაფრინავდა.