თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ვაჭრობას, ინვესტიციებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას Anadolu ციტირებს.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ ურთიერთობებს“, რომელიც თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის განვითარდა.
„თეთრ სახლში ჩემს პატივცემულ კოლეგასთან და მეგობართან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განვიხილავთ საკითხთა ფართო სპექტრს ჩვენს მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც განვავითარეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული ურთიერთობა, მათ შორის ვაჭრობა, ინვესტიციები და თავდაცვის ინდუსტრია“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპთან მის მოლაპარაკებებს უფრო ფართო გეოპოლიტიკური გავლენა ექნება.
„მე მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ომებისა და კონფლიქტების დასრულებას, გლობალური მშვიდობის ჩვენი საერთო ხედვის ფარგლებში და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, ტრამპმა განაცხადა, რომ 25 სექტემბერს თეთრ სახლში თურქ კოლეგას უმასპინძლებს.