რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის კომენტირებისას ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა ხაზი გაუსვა მოკავშირეებს შორის გადამწყვეტი რეაგირებისა და სოლიდარობის აუცილებლობას. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.
როგორც რინკევიჩმა აღნიშნა, ბალტიის რეგიონში რუსეთის პროვოკაციები ადასტურებს ნატოს და ევროპული სანქციების გამკაცრების არჩეული კურსის სისწორეს.
მისი თქმით, გასულ კვირას რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა და რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ჰიბრიდული ომის ახალი ფორმაა.
რინკევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი პროვოკაციებით რუსეთი „ნატოს პოლიტიკური და სამხედრო პასუხის გამოცდას“ ცდილობს.
რუსეთის პროვოკაციებზე პოტენციური რეაგირების კონტექსტში, მან ისაუბრა იმ დილემაზე, რომ „არავის სურს კიდევ ერთი ომის პროვოცირება, მაგრამ რუსეთის ქმედებები არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს“.
„ამიტომ ზუსტი პასუხების პოვნა და განხორციელება ძალიან რთულია, მაგრამ პროცესი გრძელდება. რაც უფრო მეტ გააღიზიანებს რუსეთი ნატოს, მით უფრო მაღალია სერიოზული კონფლიქტის რისკი. ამჟამად რუსეთი საკმარისს აკეთებს იმისათვის, რომ ისე ჩანდეს, თითქოს ძალიან შორს არ მიდის. თუმცა, რუსული აზროვნების ლოგიკისა და სხვადასხვა დონეზე ხშირი არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით, ეს შეიძლება მოხდეს და პასუხისმგებლობა კრემლს დაეკისრება“, - ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როდესაც წინააღმდეგობას წააწყდება - „სწორედ ამის ახსნას და შეხსენებას ვცდილობთ ჩვენი მოკავშირეებისთვის“.
„ახლა რთული დროა, ნერვული დაძაბულობისა და ძალის გამოცდის დრო. უსაფრთხოება მუდმივად ცვალებადი პროცესია, სავსე ყოველდღიური გამოწვევებით, მაგრამ სწორედ ეს არის ჩვენი თაობის პასუხისმგებლობა და ამოცანა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად აქ - ლატვიასა და დასავლურ სამყაროში - ჩვენ ამას გადავლახავთ“, - დაასკვნა რინკევიჩმა.