მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 2027 წელს გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 2027 წელს გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას Politico ციტირებს.

ფონ დერ ლაიენი, რომელიც გასულ წელს ხელახლა აირჩიეს ევროკომისიის პრეზიდენტად, ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.

ამ ზაფხულს გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შესაძლოა, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო თავისი ვადის ამოწურვამდე - 2029 წელს - დატოვოს, რათა გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს.

კერძოდ, გამოცემა Spiegel-მა დაწერა, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი განიხილავს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატად წარდგენას 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„კომისიის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულების სრულად ერთგული ვარ და არ შემიძლია სხვა თანამდებობების დაკავება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

გერმანიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თანამდებობას მეორე ვადით იკავებს. ის პირველად პარლამენტმა 2017 წლის თებერვალში აირჩია, ხოლო მეორე ვადით - 2022 წლის თებერვალში. 

გერმანიის პრეზიდენტის უფლებამოსილებები წარმომადგენლობითი და სიმბოლურია: ის წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, ელჩებს უფლებამოსილებას ანიჭებს და აქვს შეწყალების უფლებამოსილება.