მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„თალიბანმა“ კვლავ გამორიცხა ავღანეთის სამხედრო ბაზის აშშ-ისთვის დაბრუნება

ავღანელი ჯარისკაცები

ავღანეთში „თალიბანის“ თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსმა ფასიჰუდინ ფიტრატმა გამორიცხა აშშ-ისთვის ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს ჯარების გაყვანის დროს მიატოვა.

ფიტრატმა ადგილობრივ ტელევიზიაში განაცხადა, რომ „ზოგიერთ ადამიანს“ ბაგრამის ბაზის „პოლიტიკური შეთანხმების“ გზით დაბრუნება სურს.

„ავღანეთის მიწის ერთ სანტიმეტრზეც კი შეთანხმება შეუძლებელია. ჩვენ ეს არ გვჭირდება“, - დასძინა მან.

მოგვიანებით, ცალკე განცხადებაში „თალიბანის“ მთავრობამ განაცხადა, რომ „ავღანეთის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია“.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ავღანეთი ბაგრამის საჰაერო ბაზას აშშ-ს არ დაუბრუნებს, ცუდი რამ მოხდება.

აღსანიშნავია, რომ ბაგრამი ავღანეთში ყველაზე დიდი ავიაბაზაა, რომელიც ქაბულის ჩრდილოეთით მდებარეობს. ის აშშ-ის ოპერაციების ცენტრი იყო „თალიბანის“ წინააღმდეგ 20-წლიანი ომის დროს 2021 წლამდე, სანამ ამერიკელი ჯარები ქვეყნიდან არ გავიდნენ.