აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, შეწყვიტონ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა. მან განცხადება ვირჯინიის შტატში, მაუნტ-ვერნონში ვახშმის დროს გააკეთა, იტყობინება Bloomberg-ი.
„ევროპელები ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ - ეს არ უნდა ხდებოდეს, არა?“ - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ მზად იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაემკაცრებინა, „მაგრამ არა მაშინ, როდესაც ის ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს“.
„მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს, უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპული ქვეყნების უმეტესობამ რუსული ნავთობის პირდაპირი შესყიდვები შეწყვიტა, მცირე მოცულობები კვლავ მიედინება უნგრეთსა და აღმოსავლეთით მდებარე სხვა ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებში. ევროპული ქვეყნები ასევე დიზელის საწვავის იმპორტს ახორციელებენ ინდოეთიდან და თურქეთიდ, სადაც რუსული ნავთობი საწვავად გადამუშავდება“, - განმარტა Bloomberg-მა.
ამიტომ ტრამპმა ნატოში აშშ-ის ელჩს მეთიუ უიტეკერს ევროპაზე ზეწოლის გაძლიერება შესთავაზა.
„მათ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ, მეთ. მეთი არ დაუშვებს, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე კიდევ ერთხელ გამოხატა იმედგაცრუება რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის მიმართ და თქვა, რომ უკრაინაში ომი დასრულდება, თუ ნავთობის ფასები „ცოტათი კიდევ“ შემცირდება.