ბათუმის საზაფხულო თეატრში ფოლკლორული ღონისძიება „შუახევური საღამო“ გაიმართა.
კონცერტში შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად, ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
„შუახევური საღამო“ მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა მაყურებლის წინაშე, რომელიც აერთიანებდა ადგილობრივ ხალხურ სიმღერებს, ცეკვებს და ტრადიციულ ხელოვნებას.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სამუზეუმო ექსპონატები, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები და აჭარული ნაქარგები. მოეწყო შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტოგამოფენა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა შუახევის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, უნიკალური ფოლკლორისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.