მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგის აქცია მიმდინარეობს

სკრინინგი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგის აქცია მიმდინარეობს.

სკრინინგის მიმდინარეობას ჩაქვსა და მუხაესტატეში, მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბათუმის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნინო გუგუშვილი გაეცნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო აქცია მიმდინარეობს ქობულეთში. საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს, B , C ჰეპატიტის და აივ ინფექციის დიაგნოსტიკა. ვინაიდან, შედეგიანი მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სწორედ დაავადებების ადრეული გამოვლენაა“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას.

სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება.

კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.

აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით იმართება.

სკრინინგი 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.