დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. შესაბამისად, სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს, ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის პარალელურად, მინიმუმადე იქნას დაყვანილი გარემოზე ზიანი. შექმნილია საერთაშორისო სტანდარტის კანონმდებლობა, მოქმედებს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები და რეგულაციები, ასევე, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით კვლევებს, მეორე მხრივ, პოტენციური დამაბინძურებლების მუდმივ კონტროლს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტროს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით 15 ავტომატური და 3 მობილური სადგურის მეშვეობით ხორციელდება, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო-დანადგარებით და 24 საათის განმავლობაში სრულყოფილი მონაცემების მიღების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს მონიტორინგის სისტემა ეფუძნება ევროკავშირის დირექტივებს, ინტეგრირებულია საქართველოს კანონმდებლობაში და იყენებს ე.წ. „ოქროს სტანდარტის“ ტექნოლოგიებს.
„ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება სხვადასხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები: გოგირდის დიოქსიდი (SO2), მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5), აზოტის დიოქსიდი (NO2), ოზონი (O3) და ნახშირბადის მონოქსიდი (CO). ამასთანავე, ხდება სინჯების აღება მათში შემდეგი მძიმე მეტალების: ნიკელი (Ni), კადმიუმი (Cd), ტყვია (Pb), დარიშხანი (As) და ასევე ბენზ(ა)პირენის შემცველობის დასადგენად.
საქართველოს 32 ქალაქში, მათ შორის რუსთავში, წელიწადში ოთხჯერ (მარტი, ივნისი, სექტემბერი, ნოემბერი) ტარდება ჰაერის ხარისხის ინდიკატორული გაზომვები ბენზოლის (C6H6), აზოტის დიოქსიდისა (NO2) და ოზონის (O3) კონცენტრაციების განსასაზღვრად.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემები შესაძლებელია იხილოთ ჰაერის ხარისხის პორტალზე http://air.gov.ge.
გარდა ამისა, მიმდინარეობს დასახლებული ადგილების ნიადაგის ჰიგიენური მდგომარეობის შეფასება. ქ.რუსთავში 2024–2025 წლებში ჩატარებული ნიადაგის მონიტორინგის შედეგები, ევროპული სტანდარტით განსაზღვრულ ზღვრულ ნორმებთან მიმართებით, თითქმის ყველა შემთხვევაში ნორმის ფარგლებშია.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მუდმივად კონტროლდება ყველა ტიპის სურსათი. სააგენტოს მიერ ნიმუშების აღების სქემა და კვლევის მეთოდოლოგია შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის კანონმდებლობასთან.
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მსხვილი და განსაკუთრებით სახიფათო საწარმოებისთვის სავალდებულო გახდა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემების გამართვა. დღეისთვის რუსთავის 16 საწარმოდან, რომლებსაც ეკუთვნოდათ უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის წარმოება, 15 საწარმო ასრულებს ამ მოთხოვნას.
მნიშვნელოვნად გამკაცრდა სანქციები ქვეყანაში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისთვის.
გამკაცრდა სანქციები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევისთვის.
ჩეხეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის „არნიკა“ მიერ ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების შესახებ კვლევის შედეგების შეფასებასთან დაკავშირებით, ვრცლად იხილეთ:
chrome-
extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/55485“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.