მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სჯერა, რომ დათმობების გზით რუსეთთან ომის არიდება შესაძლებელია - CRRC კვლევა

სასწავლო პროცესის შეწყვეტა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC საქართველომ) წარმოადგინა შედეგები კვლევისა - „საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სჯერა, რომ დათმობების გზით რუსეთთან ომის არიდება შესაძლებელია. საქართველოს მოქალაქეების მესამედზე მეტი ამბობს, რომ, ზოგადად, დათმობების მეშვეობით ომის თავიდან აცილება უკრაინაშიც შეიძლებოდა და საქართველოშიც, დათმობაზე წასვლას რუსეთთან პოტენციური ომის არიდება შეუძლია.

მაშინ, როცა გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (46%) მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ დათმობები უკრაინას ომის თავიდან აცილებაში არ დაეხმარებოდა, მხოლოდ 22%-ს აქვს ანალოგიური მოსაზრება საქართველოს შესახებ. რესპონდენტთა დანარჩენი ნაწილი (დაახლოებით მეოთხედი) ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საფრთხე საერთოდ არ არსებობს.

მოსახლეობის მხოლოდ 21% ამბობს, რომ ორივე ქვეყანას შეეძლო/შეუძლია ომის თავიდან არიდება და 16% მიიჩნევს, რომ არც უკრაინას შეეძლო და არც საქართველოს შეუძლია ომის არიდება რუსეთთან დათმობებზე წასვლის გზით. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი დათმობების გზით რუსეთთან ომის არიდების შესაძლებლობებს სხვადასხვანაირად აფასებს საქართველოს და უკრაინის შემთხვევებში.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უფრო მეტად სჯერათ როგორც იმის, რომ დათმობებზე წასვლით საქართველოს რუსეთთან შესაძლო ომის თავიდან აცილება შეუძლია, ასევე იმის, რომ უკრაინას ომის არიდება შეეძლო.

ოპოზიციის მხარდამჭერები, პარტიებისადმი მიუმხრობლები, ქალაქების მოსახლეობა და შედარებით მაღალი განათლების მქონე პირები უფრო ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს ვერანაირი დათმობა ვერ აარიდებს რუსეთთან პოტენციურ კონფლიქტს და ასევე ვერ აარიდებდა უკრაინას. ამავე დროს, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხარდამჭერების დაახლოებით ერთნაირი წილი თვლის, რომ ომი საქართველოში საერთოდ არ არის მოსალოდნელი.

პასუხებში ასაკობრივი კრიტერიუმის მიხედვით განსხვავებები მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებითაა გამოკვეთილი: ახალგაზრდები უფრო ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს რუსეთთან შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილებაში ვერანაირი კომპრომისი ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება სქესის მიხედვით განსხვავებებს, ისინი მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით იკვეთება: კაცები უფრო ხშირად ამბობენ, რომ უკრაინას დათმობების გზით ომის თავიდან აცილება შეეძლო, ვიდრე ქალები.

საქართველოს მოქალაქეების მესამედზე ცოტა მეტს მიაჩნია, რომ რუსეთთან კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელია დათმობებზე წასვლის გზით. კიდევ უფრო დაბალია მათი წილი, ვინც თანახმაა, ასეთი მშვიდობის სანაცვლოდ უარი თქვას ქვეყნის ისეთ ძირითად ინტერესებზე, როგორიცაა დასავლური ორიენტაცია, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მიუღებლად მიიჩნევს რუსეთთან კონფლიქტის არიდების მიზნით ქვეყნის ძირეული ინტერესების - პროდასავლური მისწრაფებების, ტერიტორიებისა და დამოუკიდებლობის დათმობას. გამოკითხულთა მხოლოდ მეხუთედი ეთანხმება, რომ საქართველომ რუსეთთან ომის არიდების მიზნით პროდასავლური ორიენტაცია უნდა დათმოს (ოდნავ მეტი ეთანხმება იმავე დათმობას უკრაინის შემთხვევაში). თითქმის ამდენივე ვერ პასუხობს ამ შეკითხვას, ხოლო გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამ შესაძლო დათმობას არ ეთანხმება.

ამ შემთხვევაშიც, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უფრო მეტად არიან მზად, ომის თავიდან აცილების მიზნით პროდასავლური ორიენტაცია დათმონ, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები და პარტიებისადმი მიუმხრობლები. ქალებთან შედარებით, კაცები უფრო ხშირად ეთანხმებიან, რომ უკრაინას პროდასავლური ორიენტაცია უნდა დაეთმო, თუკი ამით ომს თავიდან აიცილებდა, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განსხვავებები გენდერულ ჭრილში არ იკვეთება.

CRRC-ის თანახმად, ახალგაზრდებს, ქალაქის ტიპის დასახლებების მოსახლეობას და უმაღლესი განათლების მქონეებს ნაკლებად სურთ ქვეყნის პროდასავლური მისწრაფებების გაცვლა რუსეთთან ჰიპოთეტური ომის თავიდან არიდებაში.

ტერიტორიების დათმობას, როგორც შესაძლო კომპრომისს რუსეთთან, გაცილებით უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვიდრე პროდასავლური ორიენტაციის დათმობას, და ამ ნაწილში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში უფრო მცირე განსხვავებები იკვეთება ყველა სხვა ჯგუფზე მეტად, ტერიტორიების ხარჯზე კომპრომისისთვის მზად არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები: 10%  საქართველოს და 22% უკრაინის შემთხვევაში. ამასთან, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 14% ოპოზიციის 3% თანახმაა, საქართველომ დათმოს დამოუკიდებლობა და ოფიციალურად შეუერთდეს რუსეთს, თუ ეს მას რუსეთთან ომს აარიდებს.