მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა ის დროა, ყველა ეკლესიაში ვაქცინაციის პუნქტი ფუნქციონირებდეს“ - ნანა გეგეჭკორი

ქართველი კარდიოლოგი
1628783613
COVID-19

„ძალიან ბევრია ყოველდღიურად 50 გარდაცვლილი პატარა საქართველოსთვის, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ცოტაა, დათანხმდებოდით იმ ცოტა 50 გარდაცვლილში ერთ-ერთი თქვენ იყოთ?“, - ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს.

გეგეჭკორის თქმით, აცრილიც შეიძლება ინფიცირდეს, მაგრამ სიკვდილის ალბათობა მინიმუმამდე მცირდება.

ექიმის განცხადებით, ასეულობით მილიონ ვაქცინირებულზე დაკვირვებით მიღებული მონაცემები მყარად ამბობენ, რომ აცრილები თითქმის არ კვდებიან.

„მოქალაქეების წვლილი არის იმაში რომ წარმოუდგენლად გულგრილია უმრავლესობა სხვათა უბედურების, ყოველდღიურად, ათეულობით ადამიანის სიკვდილის, ბავშვების ავადობის და გარდაცვალების მიმართ. საქართველო ისე ცხოვრობს თითქოს კოვიდი არ არსებობს... ადამიანები ქორწილებს, თავყრილობებს, დაბადების დღეებს ისე იხდიან თითქოს ლაფაროში ყველას სიკვდილი არ გვდარაჯობდეს. უმძიმესია მთავრობის პასუხისმგებლობა.

სამწუხაროდ, შეცდომების წაშლა და მათი შედეგების ანულირება შეუძლებელია. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია შეცდომებზე ვისწავლოთ.

არ გადავიხადოთ ქორწილები, დაბადების დღეები, თავყრილობები. არ ვიმგზავროთ უკიდურესი აუცილებლობის გარეშე. არ დავესწროთ რელიგიურ თავყრილობებს, სახლებში ვილოცოთ, ქრისტე ჩვენი ქცევებით ვაცოცხლოთ, ქრისტიანობის მთავარი მცნება „გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“, ინფექციის გავრცელებისთვის ხელის შეშლით აღვასრულოთ ყოველდღიურად.

არ ვიაროთ კონცერტებსა თუ სპექტაკლებზე. მომღერლებო, იქნებ დაინდოთ ახალგაზრდები და გადაარჩინოთ სიკვდილს. არ მოიწვიოთ ისინი კონცერტებზე. შეიძლება თვითონ მსუბუქად გადაიტანონ კოვიდი, რომელსაც თქვენს კონცერტებზე აიკიდებენ, მაგრამ ხანდაზმულ მშობლებს და ახლობლებს მოუტანონ სიკვდილი.

ერთი ზაფხული არ დავისვენოთ იქ, სადაც ტურისტების დიდი ნაკადია. სულ რამდენიმე თვე, მეზობლებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს დისტანციით ვეურთიერთოთ. ვატაროთ პირბადე ყველგან, სადაც შეიძლება სიახლოვეს სხვა ადამიანი აღმოჩნდეს.

არ გავავრცელოთ მეცნიერულ საფუძველს მოკლებული ბოდვები კოვიდთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით მკვლელობაში მონაწილეობთ, ბევრი უნებლიეთ, ბევრი კი გასამრჯელოს იღებთ ამაში (ტროლ-ბოტების კანტორა). რაც მთავარია, ავიცრათ. სასწრაფოდ ავიცრათ ყველანი! ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც დღესვე ხელმისაწვდომია თქვენთვის. აცრილიც შეიძლება ინფიცირდეთ, მაგრამ სიკვდილის ალბათობა მინიმუმამდე მცირდება.

ასეულობით მილიონ ვაქცინირებულზე დაკვირვებით მიღებული მონაცემები მყარად ამბობენ, აცრილები თითქმის არ კვდებიან! გარდაცვალების ერთეული შემთხვევები აცრილებშიც არის, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა უკიდურესად მძიმე ავადმყოფები არიან, სხვა თანდართული პათოლოგიების გამო.

ვაქცინაცია, დღეს არის ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასასრულებლად. ძალიან ბევრია ყოველდღიურად 50 გარდაცვლილი პატარა საქართველოსთვის. ვინც ფიქრობთ რომ ეს ცოტაა, დათანხმდებოდით იმ (ცოტა) 50 გარდაცვლილში ერთ-ერთი თქვენ იყოთ?

ჩახედული ვარ ჰოსპიტალური სექტორის შიდა პრობლემებში და სამწუხაროდ ეს ციფრი უახლოეს დღეებში მხოლოდ გაიზრდება. ახლა ის დროა, ყველა ეკლესიაში ვაქცინაციის პუნქტი ფუნქციონირებდეს. მოძღვარიც და მრევლიც კარდაკარ დადიოდეს და მოქალაქეებს უსაფრთხოდ ვაქცინაციაში ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდეს.
ახლა ის დროა, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აქტივობები მთლიანად პანდემიის დასრულებისკენ მიმართულ გეგმაზე იყოს აგებული. ავიცრათ, დავიცვათ პრევენციის წესები და გადავარჩინოთ ერთმანეთი“, - აცხადებს ექიმი ნანა გეგეჭკორი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ყველა ორსული ან ვისაც დაფეხმძიმება სურს, აუცილებლად უნდა აიცრას“ - გამყრელიძე

🔴 „გთხოვთ მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს“ - მეუფე მელქისედეკი კოვიდვაქცინით აიცრა

🔴 სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები აცრების პროცესში ჩაერთვებიან