მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანალიტიკა

„ორი სესია“
1709545945
ჩინეთის „ორ სესიაზე“ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა უნდა მიიღონ

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში „ორი სესია“ გაიხსნა. ეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. პრაქტიკულად ერთდროულად ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს კომიტეტის სესია ჩატარდება, ის 4-5 მარტისთვის არის დაგეგმილი. ამავე დროს ჩატარდება ჩინეთის სახალხო წარმომადგენლების კრება. მასში ჩინეთის ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან ჩასული წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მეორე სესია 11 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ CNN იუწყება.„ორ სესიაზე“ ჩინეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხრივ მიღწეულ წარმატებებს და სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ.გასული წლის ეკონომიკური შედეგების შეჯამების და მიმდინარე წლის ეკონომიკური განვითარების განხილვის, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების შესრულების განხილვის გარდა, საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ჩინეთის სახალხო საბჭოს, საკონსულტაციო საბჭოს, უმაღლესი სასამართლოს და უზენაესი პროკურატურის მუშაობა იქნება განხილული.„ორი სესიის“ მუშაობაში ათასობით დელეგატი მონაწილეობს, ეს ღონისძიება იმ პირობებში ტარდება, როდესაც ჩინეთის ეკონომიკა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს განიცდის, ხოლო ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებზე კონტროლის გამკაცრებას ცდილობს. ამისთვის კი სი ძინპინს, პირველ რიგში, „ორი სესიის“ მონაწილეების მხრიდან ნდობის მოპოვება სჭირდება.ჩინეთის ეკონომიკა ამჟამად კრიზისს განიცდის, რომელიც ყველაზე მეტად უძრავი ქონების სექტორს შეეხო. არსებობს ასევე რეგიონების უზარმაზარი ვალი ცენტრის მიმართ, ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაში შეინიშნება დეფლაცია, საფონდო ბაზარი ინგრევა. ამას ყველაფერს კი ტექნოლოგიურ სფეროებში აშშ-სთან პრობლემებიც ერთვის.სი ძინპინმა უკვე დაარღვია ჩინეთში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიცია და ჩინეთის ლიდერი მესამე ვადით გახდა. ახლა კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციის დარღვევა იგეგმება - „ორი სესიის“ ბოლოს ჩინეთის პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია აღარ გაიმართება. ეს ტრადიცია ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში არსებობდა.საკანონმდებლო კრების სხდომა 7 დღეს გაგრძელდება, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვებს, რომ ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სფერო სულ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე ხდება, ხოლო ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის კონტროლი ჩინეთის ცხოვრების ყველა სფეროში - ყოველწლიურად იზრდება. პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო საბჭო, რომელიც მთავრობის როლს ასრულებს, მერეო პლანზე ინაცვლებს.სი ძინპინის დარჩენა ჩინეთის ლიდერის პოსტზე მესამე ვადით ერთი წლის წინ გადაწყდა. ამ ხნის განმავლობაში ჩინეთის პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა პარტიის ხელმძღვანელობაში ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, რისთვისაც ყველა მნიშვნელოვან მმართველ თანამდებობაზე მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ხალხი ინიშნებოდა.სი ძინპინის მესამე ვადით გაპრეზიდენტება სწორედ ეკონომიკურ პრობლემებს დაემთხვა. ქვეყანაში უმუშევრობა იზრდება, ახალგაზრდები ხშირად სამსახურს ვერ შოულობენ. ეს კი ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ არჩეული კურსის მიმართ სკეპტიციზმს ზრდის.ჩინეთის ლიდერის და მისი გუნდის უნარს ამ პრობლემების გადაჭრის კუთხით, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის ექნება შედეგი. ჩინეთი მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა. ხოლო მოსახლეობით მეორე ადგილზე ინდოეთის შემდეგ - 1,4 მლრდ ადამიანი. წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, რის შედეგად ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, როგორც არჩევნების წინ, ასევე მომდევნო წლებში.„ახლა მთავრობა ცდილობს, რომ ეს პლატფორმა გამოიყენოს, რათა სიგნალები გააგზავნოს, რომ ჩინეთის ეკონომიკაში ყველაფერი კარგად არის და ის სწორ გზაზეა. არსებობს მრავალი მოსაზრება, რომ სახელმწიფო საბჭოს და პრემიერ-მინისტრს ლი ციანს ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია. ახლა მათ სურთ იმის დემონსტრირება, რომ ლი ციანის ადმინისტრაციას პრობლემების გადაჭრა შეუძლია“, - განაცხადა სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის აღმოსავლეთ აზიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა ჩენ განმა.„ორი სესიის“ პომპეზურობის მიუხედავად, ამ ღონისძიებას რეალური უფლებამოსილება ნაკლებად გააჩნია, გადაწყვეტილებების მიღება ჩინეთში კომუნისტური პარტიის ლიდერების მიერ ხდება, ძირითადად დახურულ შეხვედრებზე.რაც შეეხება ჩინეთის ხელისუფლებას, ის „ორ სესიას“ ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის იყენებს. თუკი გავითვალისწინებთ ჩინეთის მთავრობის გაუმჭვირვალე მუშაობის სტილს, ამ ღონისძიების დროს ღია განცხადებები ჩინეთის სოციალური, ეკონომიკური საგარეო პოლიტიკის შესახებ, ასევე ბიუჯეტის დეფიციტისა და სამხედრო ხარჯების თაობაზე საკმაოდ საინტერესოა.გამორიცხული არ არის, რომ სი ძინპინმა ამ ფორუმზე აშშ-ის მიმართ უფრო ლიბერალური პოლიტიკის გატარების შესახებ განაცხადოს, რადგანაც ჩინეთს მწვავედ ესაჭიროება ამერიკულ ტექნოლოგიებზე წვდომა, რათა მისი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს.არსებობს ინფორმაცია, რომ ჩინეთის მთავრობა მიმდინარე წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდასაც კი ვარაუდობს და ამის შესახებ „ორ სესიაზე“ განაცხადებს. ამჟამად ჩინეთში დეფლაცია შეიმჩნევა, ფასები იკლებს, რაც ყველაზე მაღალი ტემპით ხდება ბოლო 15 წლის განმავლობაში.ანალიტიკოსები კი „ორ სესიაზე“ გაკეთებულ განცხადებებზე ბაზრის რეაქციაზე გაამახვილებენ ყურადღებას. ჩინეთის მთავრობის მიერ გაკეთებული ზოგიერთი განცხადებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ეკონომიკური ოპტიმიზმი აღდგეს.ამასთანავე, ექსპერტები ორ მომენტზე ამახვილებენ ყურადღებას. ჯერ ერთი, სი ძინპინმა იმდენად გააძლიერა საკუთარი ძალაუფლება, რომ ეკონომიკის კიდევ უფრო სერიოზული უკუსვლა მის ხელისუფლებას მაინც არ ემუქრება. ძინპინისთვის ელიტის კონტროლია მნიშვნელოვანი და არა ხალხის მხარდაჭერა. ჩინეთის პრეზიდენტს ხომ არჩევნებში მონაწილეობა და მასში გამარჯვება არ სჭირდება.მეორე მომენტი კი უფრო ეკონომიკური შინაარსისაა, მაგრამ მას პოლიტიკასთან შეხება მაინც აქვს. ჩინეთი თავისებურად უნიკალური ქვეყანაა, სადაც ერთპარტიული პოლიტიკური წყობის პირობებში საბაზრო ეკონომიკა არსებობს. სწორედ ამ მოდელით მიაღწია ჩინეთმა ეკონომიკურ წარმატებას ბოლო 30-40 წლის განმავლობაში. მაგრამ ნებისმიერ ეკონომიკას ავტორიტარული მმართველობის პირობებში განვითარების ლიმიტი აქვს, როდესაც ეკონომიკური ზრდის გასაგრძელებლად უკვე პოლიტიკური რეფორმებია აუცილებელია. ამის გაკეთებას კი ჩინეთში არავინ ცდილობს, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ეკონომიკური კრიზისი ამ ქვეყანაში კიდევ  არაერთი წელი გაგრძელდება.

ტვირთი
1709218712
ჩინეთ-ევროპის ხიდი, მილიარდიანი ბრუნვა, დაცვა რუსეთისგან - "შუა დერეფნის“ პერსპექტივები "Newshub.ge"-ს რაკურსით

„შუა დერეფანი“ (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) ჩინეთ-ევროპის გადაზიდვების ყველაზე მოკლე გზაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. "Newshub.ge" ამ სტატიაში თქვენთან ერთად, მიუყვება დერეფანს, რომელიც გახდება საქართველოს დაცვის გარანტი რუსული საფრთხისგან, მოიტანს მილიონიან ტვირთბრუნვასა და მილიარდიან მოგებებს, სამუშაო ადგილებსა და სოციალური პირობების მკვეთრად გაუმჯობესებას. ამასთანავე, მოაწესრიგებს ინფრასტრუქტურას და გახდება პირდაპირი გზა ევროპისკენ.  მაშ ასე, ვნახოთ, რა არის ეს "შუა დერეფანი"! თუ ადრე შუა აზიის ქვეყნების ლიდერები „შუა დერეფანს“ სარეზერვო ვარიანტად განიხილავდნენ, ახლა სურთ, ის ძირითად დერეფნად გამოიყენონ.საქართველო კი ამ გზის მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, როლანდ პრაისის განცხადებაც ადასტურებს. „თუ „შუა დერეფანი“ სრულად განვითარდება, არსებობს ეკონომიკური ზრდის უზარმაზარი პოტენციალი. საქართველო ამ პროექტის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა“, - აღნიშნა პრაისმა მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე. რაც შეეხება თავად კვლევას, მსოფლიო ბანკმა 27 თებერვალს წარდგენილ ანგარიშში ყურადღება გაამახვილა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის, როგორც „შუა დერეფნის“ სამი ძირითადი ქვეყნის პოტენციალსა და გამოწვევებზე.რა პროგნოზები და რეკომენდაციები გაკეთდა მსოფლიო ბანკის ანგარიშში? 2030 წლისთვის, „შუა დერეფანში“ ტვირთნაკადების გასამმაგება (11 მილიონ ტონამდე) არის შესაძლებელი; მგზავრობის დრო შეიძლება განახევრდეს „შუა დერეფანს“ დიდი როლი ეკისრება საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გზების დივერსიფიკაციაში; საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერად საჭიროა პოლიტიკური ნება და ინვესტიციები, რათა ამ ქვეყნებმა უპასუხონ ტრანსპორტის გამტარიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; საჭიროა საბაჟო სისტემისა და რკინიგზის მოდერნიზაცია; აგრეთვე საჭიროა სერვისების გაციფრულება. რა იყო 2023 წლის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი გზავნილი? 2030 წლისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან „შუა დერეფანში“ ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადის გადმორთვა მოხდება და ამ დროისთვის, საქართველოს ინფრასტრუქტურა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თავისუფლად შეძლოს გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება. როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ „შუა დერეფნის“ მოთხოვნებს?როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშის პრეზენტაციაზე ითქვა, „შუა დერეფნის“ პოტენციალის ათვისებას ინფრასტრუქტურის მოწყობა და სწრაფი დიგიტალიზაცია სჭირდება. თუმცა, შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული თუ ლოგისტიკური გამართვა დიდ დროსა და ინვესტიციებსაც მოითხოვს, რათა გაზრდილი რაოდენობის ტვირთები თავისუფლად გატარდეს.აღნიშნული დაადასტურა როლანდ პრაისმაც, რომელმაც „შუა დერეფნის“ პოტენციალის ათვისებისთვის გარკვეული დროისა და ინვესტიციების საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი. „ამას გარკვეული დრო და ინვესტიციები დასჭირდება. რაც მთავარია, დასჭირდება თანამშრომლობა მხარეებს შორის, როგორც საჯარო, ისე კერძო პირებთან“, - ამბობს პრაისი. ექსპერტები საქართველოსთან მიმართებით გამოყოფენ ინფრასტრუქტურის მზადყოფნაში მოყვანის საჭიროებას, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას და ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის აუცილებლობას. ამ მიმართულებით, აღსანიშნავია ანაკლიის პორტის მშენებლობა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი.2023 წლის 3 ნოემბერი - საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების თარიღად 2024 წლის გაზაფხული დაასახელა.„ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამურად გათვალისწინებული იქნება 70 მილიონი ლარი. 50 მილიონი 2024 წელს ჩაიდება, ხოლო 20 მილიონი ლარი უკვე წელს გამოვყავით. ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტ-აპრილში დავიწყებთ - დაახლოებითი გეგმა ასეთია“, - განაცხადა მაშინ ღარიბაშვილმა. 2024 წლის თებერვალი - ახალმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით ორი პრეტენდენტი კომპანია არსებობს.ხოლო ეკონომიკის მინისტრმა და პირველმა ვიცეპრემიერმა ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ პორტის მშენებლობის პრეტენზია შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს აქვთ. თუმცა, კომპანიების სახელები არ დაუკონკრეტებია.„100-ზე მეტი კითხვა იყო ჯამში ორივე პრეტენდენტის მხრიდან. საბოლოოდ, 20 მაისისთვის წინადადებების წარდგენა უნდა დასრულდეს და შემდგომში, ჩვენ უნდა შევარჩიოთ გაწერილი გეგმის მიხედვით, თუმცა ყველა შემთხვევაში, კერძო პარტნიორი მიმდინარე წელს იქნება შერჩეული. ასევე, მიმდინარე წელს დავიწყებთ საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანიის შერჩევაზე გავლენას არ მოახდენს გეოგრაფიული მდებარეობა. „არავის უთქვამს, რომ ჩინური კომპანია უპირატესობით ისარგებლებს. პროცედურები წარიმართება, ორი პრეტენდენტია ამჯერად, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის კომპანია გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა, მთავარია, ვინ შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს. ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე.  "შუა დერეფნის" სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებირაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორებიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისა და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, მათი დასრულების თარიღად 2024 წლის ბოლო სახელდება.პრემიერ კობახიძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები საშუალებას მოგვცემს, უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია და პოტენციალი. მისი თქმით, დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების გარდა, არის სხვა პრიორიტეტული მიმართულებებიც. „გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, სათანადო ვადებში და მაღალი ხარისხით დასრულდება სამუშაოები. ეს საკითხი იქნება განსაკუთრებული ყურადღების საგანი საქართველოს მთავრობის მხრიდან. არის სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც, რომლებზე მუშაობაც გაგრძელდება. ეს არის ბათუმის შემოვლითი გზა. იქ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, ასევეა კახეთის მაგისტრალი, ქვეშეთი-კობის პროექტი, ხულო-ზარზმის გზა, თბილისი-რუსთავის მაგისტრალი. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთები, რომლებზე მუშაობაც უნდა დასრულდეს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტებიც, ასევე გაგრძელდება მუშაობა კვლევაზე - ჩქაროსნული სარკინიგზო მომსახურების გასავითარებლად.რატომ არის საქართველო ამ ჯაჭვში მნიშვნელოვანი ელემენტი?„შუა დერეფანი“ არის გზა, რომელიც ჩინეთიდან მოდის, შუა აზიის ქვეყნებს კვეთს და მანამ ევროპამდე მიაღწევს, კასპიის ზღვასა და საქართველოს გადის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გზა გვერდს უვლის რუსეთსა და სხვა ტრადიციულ მარშრუტებს. როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომამდე მთავარი მაგისტრალი მაინც რუსეთზე გადიოდა და საქართველოს მარშრუტი მეორეხარისხოვანი იყო,ახლა კი ვითარება შეიცვალა, საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით, ცენტრალური აზიიდან ჩინეთამდე დაახლოებით 9 ქვეყანას არ გააჩნია მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი.ეკონომიკურთან ერთად, კიდევ რა შედეგს მოუტანს საქართველოს „შუა დერეფნის“ სრულად ათვისება?გარდა ეკონომიკური სარგებლისა, „შუა დერეფანი” ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც, რადგან ევროკავშირის, თურქეთისა და ჩინეთის ინტერესში შედის, რომ ასეთი მნიშვნელობის გზა სათანადოდ იყოს დაცული.კონკრეტულად რა გზას გაივლის ტვირთი ჩინეთიდან ევროპამდე და პირიქით?ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, რის შემდეგაც ტვირთი თურქეთიდან ევროპის ქვეყნებში გადადის. ჩინეთში ტვირთი გაივლის გზას ლიანიუნკანგის პორტიდან სიანის გავლით ურუმჩიმდე; შემდეგ, ხორგოსისა და დოსტიკის მშრალი პორტებიდან გადავა აქტაუსა და კურიკის პორტებამდე, რის შემდეგაც ტვირთი ბაქოში, ალიატის პორტში მოხვდება, საიდანაც თბილისში შემოვა. თბილისიდან მარშრუტის გაგრძელება შესაძლებელია ფოთის პორტის გავლით შავ ზღვაში - ევროპის სიღრმისკენ, ანაც, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით გადავიდეს თურქეთში (ყარსი, იზმითი, მერსინი, ჩერქეზკოი), შემდეგ კი, ევროპის ქვეყნებს მიაღწიოს. მთელი მარშრუტი მოიცავს კონტეინერების ტრანსპორტირებას სარკინიგზო და საზღაო ტრანსპორტის საშუალებით (კასპიის ზღვის მთელ ტერიტორიაზე).ექსპერტების შეფასებით, ტვირთის გამტარუნარიანობა წლიურად 10 მილიონი ტონაა, რომლებსაც 200 000-მდე კონტეინერი ესაჭიროება.აღსანიშნავია, რომ სახმელეთო მონაკვეთის გასწვრივ მარშრუტის გავლის საშუალო პერიოდი 12-15 დღეა მაშინ, როცა ჩინეთიდან „ჩრდილოეთის დერეფნით" ტვირთის მოხვედრას ევროპაში 30 დღე მაინც სჭირდება.ისტორია - აბრეშუმის დიდი გზა და საქართველოსაქართველო გლობალური სავაჭრო ხაზების გზაჯვარედინი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აზიისა და ევროპის ერთ-ერთი ლოგისტიკურ პუნქტს წარმოადგენდა. სწორედ ამით აიხსნება საუკუნეების განმავლობაში, თბილისში აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურის ელემენტებისა და დასავლეთის ცივილიზაციის ინოვაციების თავმოყრა, რომელიც შემდეგ, მთელს საქართველოში ვრცელდებოდა. ჩვ.წ. II საუკუნიდან, როდესაც რომის იმპერიამ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები დაამყარა, "აბრეშუმის გზა" ირანის საქარავნო მაგისტრალზე გადიოდა, თუმცა, რომსა და ირანს შორის ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის შემდეგ, საქარავნო მაგისტრალი არასაიმედო და საფრთხის შემცველი გახდა, რის გამოც ვაჭრებმა შედარებით რთული რელიეფის მქონე საქართველოზე გადმოინაცვლეს. ბერძენი ისტორიკოსების ცნობების მიხედვით, ჩვ.წ. IV-I საუკუნეებში საქართველო არა მხოლოდ "აბრეშუმის გზის" ნაწილი იყო, არამედ მის ტერიტორიაზე გადიოდა ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო გზაც."აბრეშუმის გზის" საქართველოს მონაკვეთი სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, გეოპოლიტიკური მიზეზის გათვალისწინებით, „აბრეშუმის ახალმა გზამ“ პოტენციური სახმელეთო ხიდის ფუნქცია შეიძინა, რამაც გაზარდა როგორც ტვირთბრუნვის ინტენსივობა, ისე, გააჩინა „შუა დერეფნის“ რესურსის სრულად ათვისების პერსპექტივა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.რა იქნება 2030 წელს?ექსპერტების ვარაუდით, „შუა დერეფანში“ მშრალი და ნაყარი ტვირთების გადმომისამართებას დაახლოებით 3-5 წელი დასჭირდება, ხოლო ნავთობპროდუქტების გადაზიდვა სავარაუდოდ, 2028-2030 წლისთვის დაიწყება. 2030 წლისთვის, ევროკავშირის გაფართოება იგეგმება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, „შუა დერეფნის“ პოტენციალის ათვისებით, საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი და მომზადებული გახდება ევროკავშირის წევრობისთვის. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა, 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. „ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები, 2030 წლისთვის ჩვენ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამას ემატება ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარება, რომლის პირველი შედეგებიც უკვე სახეზეა - გასული წლის 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას შეძლებდნენ, მიმდინარე წლის თებერვალში კი ჩინეთმა საქართველოს დაუწესა უვიზო რეჟიმი. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა აღნიშნა, საქართველოს, როგორც შუა დერეფანს და საქართველოს როგორც „ერთი სარტყელი - ერთი გზის" მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით.„რა თქმა უნდა, ჩინეთი ამ შესაძლებლობებს ხსნის საქართველოსთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.ამასთან, უმჯობესდება საქართველოს პროგრესი ეკონომიკურ რეიტინგებშიც - როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველო ფონდ „ჰერითიჯის“ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველად მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში. „ამ რეიტინგით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. საქართველოს შედეგები ისევ გაუმჯობესდა "მთავრობის კეთილსინდისიერების" მაჩვენებლითაც - ამავე რეიტინგში, ქვეყანამ 38-ე პოზიციაზე გადმოინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრემიერი ვიზიტის შემდეგ, ასოცირების საბჭომ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯები მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში - „Roam like at Home“ - ინტეგრაციას.როუმინგის სისტემაში ჩართვის შესაძლებლობა, წყალქვეშა კაბელის პროექტის გააქტიურება და სხვა სარგებელი, რომელსაც საქართველო მომავალში მიიღებს ევროკავშირისა თუ ჩინეთისგან, ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის „შუა დერეფნის“ პროექტის ფარგლებშიც.

ჩინეთი
1709046002
"აბრეშუმის გზა", "პანდების დიპლომატია", დიდი კედელი, კენგ პაო - "Newshub.ge"-ს გზამკვლევი ჩინეთისკენ

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალს უერთდება, რომლებსაც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა აქვთ. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე ამცნო. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღე დაყონ. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად როდიდან ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალს განეკუთვნება, სადაც პირველი მოგზაურობის დასაგეგმად მაქსიმალური ინფორმაციის მიღებაა საჭირო, Newshub.ge-მ თავი მოუყარა ყველა დეტალს, რაც ამ ქვეყნის შესახებ უნდა იცოდეთ.თუმცა, პირველ რიგში, მცირე ინფორმაცია ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მნიშვნელობაზე:უვიზო მიმოსვლის პოლიტიკური კონტექსტისაერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებით დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რადგან სანქციებისა თუ დასავლეთთან დაძაბულობის ფონზე, დაკარგა თავისი საგარეო პოლიტიკური ფუნქცია. ფაქტობრივად, რუსული იმპერია თანდათან უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ ომის შემდგომ ერთი პოლუსი კვლავ ვაშინგტონზე გავა, ხოლო მეორე პოლუსად პეკინი დაიმკვიდრებს ადგილს.  ექსპერტები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ ფონზე, ჩინეთთან, როგორც მსოფლიოში ანგარიშგასაწევ სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირები, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური სარგებლის მომტანი აღმოჩნდება. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ახალი ეტაპი და ეკონომიკური სარგებელისაქართველო-ჩინეთს შორის „სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარების თაობაზე ჯერ კიდევ 2023 წლის 31 ივლისს გახდა ცნობილი, რასაც 11 სექტემბერს, საქართველოს მხრიდან ჩინეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმება მოჰყვა. მაშინ, საქართველოს ხელისუფლება ბევრმა გააკრიტიკა იმ მოტივით, რომ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობით ცალმხრივ სარგებელს ჩინეთი იღებდა, ხოლო ბუნდოვანი იყო, რა სარგებელს მოუტანდა ეს თანამშრომლობა თავად საქართველოს. შესაბამისად, ჩინეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება აჩენს მოლოდინს, რომ ჩინურ მხარესთან ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით. მით უფრო, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი მატება, სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოება, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდა, ორმხრივი ინვესტიციები და ვაჭრობა, თანამშრომლობის სტიმულირება ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლება-განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, წყლის რესურსების, გარემოს დაცვის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, წყლის დემინერალიზაციის, სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუჰაუს გაზიარების და საკადრო რესურსების გადამზადების მიმართულებით. პრემიერ კობახიძის ვიზიტი ჩინეთში აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში ჩინეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ექსლიდერი, პარტიის მაშინდელი თავმჯდომარე და ახლა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.მაშინ, კობახიძე  აცხადებდა, რომ ჩინეთთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა ხელშესახებ შედეგებს მოეტანდა ქვეყნისა და მოსახლეობას. „შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩვენი მიზანია ამ შეთანხმების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა. არის ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან და ამ თანამშრომლობას შეუძლია, ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მაშინ ირაკლი კობახიძემ. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური სარგებლის გარდა, საქართველომ პოტენციურად, შესაძლოა, ბიომრავალფეროვნების ხელშემწყობი სარგებელიც მიიღოს ჩინეთიდან.„პანდების დიპლომატია“ საყოველთაოდ ცნობილია ქვეყნებთან ურთიერთობის გასამყარებლად პანდების გადაცემის სტრატეგია (ე.წ. პანდების დიპლომატია), რომელიც პეკინი წლებია იყენებს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბოლო პერიოდში ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, გასულ წელს ჩინეთმა შტატების ზოოპარკიდან პანდები გამოითხოვა, თუმცა 2024 წლის 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სან-დიეგოს ზოოპარკმა ჩინურ მხარესთან დადო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მათ ტერიტორიაზე გიგანტური პანდების დაბრუნდებიან. ამერიკის ეროვნული ზოოპარკის ოფიციალურმა პირებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ „გიგანტური პანდების პროგრამის შემუშავებისთვის“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჩინელ პარტნიორთან და ჩინეთის ველური ბუნების დაცვის ასოციაციასთან. ამასთან, ჩინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის ველური ბუნების დაცვის ასოციაციამ „გიგანტური პანდების შენარჩუნებაზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით“ შეთანხმება გააფორმა ესპანეთში, მადრიდის ზოოპარკის აკვარიუმთან. შესაძლოა, ჩინური პანდების დიპლომატია სწრაფად შემოაღწიოს თბილისის ზოოპარკში და ერთხელ დამსვენებლებმა უსაყვარლესი დათვების მოფერება აქაც შეძლონ. რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთის პოლიტიკური წყობის შესახებ?იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ, ჩინეთში საქართველოდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი, ამ სტატიაში ქვეყნის შესახებ საინტერესო ცნობებს მოვუყარეთ თავი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მართავს ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი მმართველი პოლიტიკური პარტიაა 98 მილიონზე მეტი წევრით.  ქვეყნის ლიდერია სი ძიპინი, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად 2012 წელს დაინიშნა, 2013 წლიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტიცაა.  ჩინეთი, ინდოეთთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა. 2024 წლის 26 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 1 425 347 415 ადამიანისგან შედგება.  აღმოსავლეთ აზიაში მდებარე სახელმწიფო შედგება 22 პროვინციისგან, ხუთი ავტონომიური რეგიონისგან (ტიბეტი, გუანგსი, სინძიანი, შიდა მონღოლეთი და ნინგსია), ოთხი მუნიციპალიტეტისგან (პეკინი, ტიანძინი, შანხაი და ჩონკინგი) და ორი მაღალი ავტონომიის მქონე სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონისგან (ჰონგ-კონგი და მაკაო).  ჩინეთის სანაპიროდან ბევრი კუნძულია, რომელთაგან უდიდესია ჰაინანი და ტაივანი.ჩინეთის აქილევსის ქუსლი - ტაივანისამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩინეთის სანაპიროდან დაახლოებით 160 კილომეტრში მდებარეობს კუნძული ტაივანი, რომელიც თავს დამოუკიდებელ ქვეყნად აცხადებს და საკუთარი კონსტიტუცია და დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ჰყავს. თუმცა, ჩინეთი ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს და ამბობს, რომ საბოლოოდ, ის პეკინის კონტროლის ქვეშ მოექცევა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანი გახდა, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში. ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ჩინური მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად. ამას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა.ინფორმაციისთვის, საქართველო არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას და გასულ წელს გაფორმებული „სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ ჩინეთმა და საქართველომ „დაადასტურეს პატივისცემა ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“. გავრცელდება თუ არა უვიზო მიმოსვლა ჰონგ-კონგზე?მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი საქართველოს უვიზო რეჟიმს უწესებდა, სოციალურ ქსელებში გაჩნდა კითხვა - გავრცელდებოდა თუ არა უვიზო მიმოსვლა ჰონგ-კონგზე? აღნიშნული კითხვით მიმართა "Newshub.ge"-მ საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც განგვიცხადეს, რომ ჰონგ-კონგზე უვიზო მიმოსვლა არ გავრცელდება. ჰონგ-კონგი ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. ის ცნობილია თავისი ჰორიზონტებითა და ბუნებრივი, ღრმა ნავსადგურით.სასარგებლო ინფორმაცია ტურისტებისთვის:ჩინეთს კონტრასტების ქვეყანას უწოდებენ. იმისთვის, რომ არ დაიბნეთ და ამ ქვეყანაში მოგზაურობით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, წინასწარ ინფორმირებული და მომზადებული უნდა იყოთ. კ ლ ი მ ა ტ ი: ჩინეთს ძალიან მრავალფეროვანი გეოგრაფია და ლანდშაფტი აქვს. ქვეყანაში ნახავთ როგორც უდაბნოებს, ისე ჯუნგლებს. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილი განსხვავდება კლიმატით - ყველაზე ჩრდილოეთი პროვინცია, ჰეილონჯიანგი ზომიერი კლიმატის ზონაში მდებარეობს, სამხრეთ კუნძული ჰაინანი კი - ტროპიკებში. ქვეყნის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდად აპრილ-მაისი და ოქტომბერ-ნოემბერი ითვლება. თუმცა, თუ სამხრეთში ვიზიტს გეგმავთ, უმჯობესია წინასწარ გაარკვიოთ, თუ როგორი ამინდია მოსალოდნელი - ზაფხულში იქ ძალიან ცხელა. ჩინეთის სამხრეთ ნაწილის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდად შემოდგომა მიიჩნევა. სასაუბრო ე ნ ა: ისტორიული წყაროების მიხედვით, ჩინური ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. თანამედროვე ჩინური სალიტერატურო ენას ფუთუნგხუა ეწოდება. მასზე ჩინეთის მოსახლეობის 70% პროცენტზე მეტი საუბრობს, თუმცა ქვეყანაში სხვა მრავალი დიალექტიცაა.ამასთან, ჩინეთში მილიონობით ადამიანი სწავლობს ინგლისურს, თუმცა, ზოგიერთი შეფასებით, კონტინენტური ჩინეთის მცხოვრებთა 1% საუბრობს ინგლისურად. გასაკვირი არ არის, რომ დიდ ქალაქებში მეტად ფლობენ ინგლისურად, ვიდრე პატარა დასახლებებში. ცნობისთვის, ინგლისური ერთ-ერთი ოფიციალური სალაპარაკო ენაა ჰონგ-კონგში. მ ო ბ ი ლ უ რ ი კომუნიკაციები და მედია: ჩინეთის აეროპორტებში შეგიძლიათ შეიძინოთ დროებითი SIM ბარათი, რისთვისაც დაგჭირდებათ პასპორტის წარდგენა. ჩინეთში სამი ძირითადი მობილური ოპერატორია China Unicom, China Mobile და China Telecom - ისინი ოდნავ განსხვავდებიან ტარიფებითა და დაფარვით. Wi-Fi-სთან დასაკავშირებლად კი ადგილობრივი ტელეფონის ნომერი დაგჭირდებათ. ჩინეთში შეზღუდულია სოციალური მედიის ისეთ პლატფორმებთან წვდომა, როგორებიცაა Facebook, Instagram თუ YouTube და სხვა. ჩინეთის ყველაზე პოპულარული ქალაქები:პეკინს ჩინეთის გულს უწოდებენ. ეს გასაკვირი არც არის - ქვეყნის დედაქალაქი 850 წელზე მეტია, ძალაუფლების ცენტრს წარმოადგენს პოლიტიკური, კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო კუთხით ჩინეთის უმთავრესი დასაყრდენია. აღსანიშნავია, რომ ჩინურმა ტრადიციულმა არქიტექტურამ დიდი გავლენა მოახდინა იაპონიის, კორეის, მონღოლეთისა და ვიეტნამის არქიტექტურულ სტილზე. პეკინის თანამედროვე სტილი კი ისტორიულ ნაგებობებთან კონტრასტს ქმნის. ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს სიანი (Xi’an) - ჩინეთის ყველაზე პოპულარული უძველესი ქალაქი. ის ხანის დინასტიის ერთ-ერთ საუკეთესო კულტურულ ნიმუშად მიიჩნევა.თანამედროვე არქიტექტურით იზიდავს მნახველებს შანხაი - ის თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. შანხაი, პატარა ზღვისპირა ქალაქიდან ცნობილი საერთაშორისო მეგაპოლისად იქცა. გუილინს (Guilin) კი პეიზაჟების ქალაქს უწოდებენ. ის ცნობილია, თავისი ბუნებრივი სანახაობებით, როგორებიცაა უნიკალური კარსტული წარმონაქმნები, ულამაზესი გამოქვაბულები, თვალწარმტაცი მდინარე ლი, სოფლის იდეალური პეიზაჟები და განსაცვიფრებელი ბრინჯის ტერასული მინდვრები. ჰონგ-კონგს კი აღმოსავლეთის მარგალიტს უწოდებენ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია - 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, 1 104 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე 7 494 929 ადამიანი ცხოვრობს. ამ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე საუბრისას, პირველ რიგში ყველას ახსენდება ჩინეთის დიდი კედელი, რომელიც 8851,9 კილომეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული და ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტ ტურისტს იზიდავს.სამთო კურორტები:ჩინეთი ცნობილია სათხილამურო კურორტებით. 2022 წელს ზამთრის ოლიმპიუტი თამაშების მასპინძლობამ კი ქვეყანაში კიდევ უფრო განავითარა სათხილამურო ინდუსტრია. ყველაზე ცნობილი სათხილამურო კურორტებია:იაბული (Yabuli) - ეს არის ჩინეთის უდიდესი და საუკეთესო სათხილამურო კურორტი, რომელიც ჰეილონჯიანგის მთაზე მდებარეობს. მისი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ალპური სათხილამურო ტრასა, რომელიც ყველაზე გრძელია მთელ აზიაში. კურორტზე ასევე გვხვდება შთამბეჭდავი ყინულის პარკები.ბეიდაჰუს სათხილამურო კურორტი (Beidahu Ski Resort) - ჯილინის პროვინციაში მდებარე სამთო კურორტი ორ მთასა და მათ შორის ხეობას აერთიანებს. ის 2007 წლის აზიური ზამთრის თამაშების მასპინძელი იყო. აღსანიშნავია, რომ კურორტი საშუალო და პროფესიონალურ დონეზე მოთხილამურეებისთვის არის შესაფერისი და ნაკლებად რეკომენდებულია თხილამურებსა და სნოუბორდზე სრიალის შესასწავლად. ჟანჯიაკუს სასრიალო არეალი (Zhangjiakou ski area) - მაღალი მწვერვალებით გარშემორტყმულ კურორტს ლამაზი პეიზაჟები გამოარჩევს, თუმცა, აქ შედარებით ნაკლები თოვლი მოდის. ეს სათხილამურო კურორტი პოპულარულია იმით, რომ ადვილად მისადგომია და პეკინიდან მხოლოდ 3 საათის სავალ გზაზეა. ასევე, ჩინეთი ცნობილია ალუბლის ხეების ყვავილობის პერიოდით. თუ ამ არაჩვეულებრივი სანახაობის მოწმე გინდათ, გახდეთ, მარტიდან აპრილამდეა სეზონი უნდა აარჩიოთ. თუმცა, თითოეულ ქალაქში განსხვავებულ პერიოდში ყვავის ალუბლის ხეები. ალუბლის ხეების ყვავილობის სანახავად ყველაზე პოპულარული ადგილებია:  Yuyuantan Park (პეკინში - მარტიდან აპრილამდე პერიოდი), Gucun Park (შანხაიში - მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე) და Qinglong Temple (სიანში - მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე).სამზარეულო:ჩინურმა სამზარეულომ დიდი გავლენა მოახდინა სხვა ბევრი ქვეყნის სამზარეულოზე როგორც აზიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე ცნობილი ჩინური კერძებია:ქათმის კუნგ პაო, ღორის ხორცი ტკბილ-მჟავე სოუსში; პეკინური იხვი, ჩოუ-მეინი, ჩინური ცხელი პოტი, სფრინგ როლი, ვონტონის წვნიანი, ქათამი შემწვარი ბრინჯით, ჩარ სიუ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ჩინეთის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების, არქიტექტურული ძეგლებისა თუ ქალაქების მცირე ჩამონათვალია. ამ უძველესი ქვეყნის კულტურა ~, ლანდშაფტი, ქალაქები, ინფრასტრუქტურა  ამით არ შემოიფარგლება. ჩინეთის უდიდესი კულტურის ახლოს გაცნობის მსურველებს კი ძალიან დიდი არჩევანი აქვთ, საიდანაც ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ინტერესებისა და უპირატესობების მიხედვით შეუძლიათ. 

კონფლიქტების ექსპერტი
1708941660
რაში ვუხდით უკრაინას ფულს, თავისი ხალხი რომ დაიღუპოს მიწის გამო? - კონფლიქტოლოგის სკანდალური განცხადება

უკრაინის ფრონტზე ვერცერთი მხარე ვერ უტევს ერთმანეთს, აქტიური საომარი მოქმედებები გაჩერებულია და პოზიციური ბრძოლები გრძელდება. პრეზიდენტი ზელენსკი მეორე კონტრშეტევას შეეცდება, მაგრამ თუ შედეგი არ იქნება, ევროპაში დაისმება კითხვა, რაში ვუხდით უკრაინას ფულს, თავისი ხალხი რომ დაიღუპოს მიწის გამო? - აღნიშნულის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა newshub.ge უკრაინის ფრონტზე არსებული სიტუაციის შეფასებისას განაცხადა. კონფლიქტოლოგი აღნიშნავს, რომ უკრაინის ომი, შესაძლოა, გაგრძელდეს წლები თუ რომელიმე მხარე სამხედრო უპირატესობის მოპოვებას ვერ შეძლებს. ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინას დასავლეთმა, შეიძლება შესთავაზოს, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან კონფლიქტის გაყინვის შესახებ, თუ კიდევ ერთი კონტრშეტევა ჩავარდება. „გაჩერებულია პროცესი, არცერთ მხარეს არ შეუძლია შეტევის განხორციელება და ორივე მხარეს შეუძლია თავდაცვა. ასე შეიძლება გაგრძელდეს წლები, თუ რომელიმე მხარე არ მოიპოვებს სამხედრო უპირატესობას. პოზიციური ომი ჰქვია ამას, როდესაც ვერცერთი მხარე ვერ უტევს და ორივე მხარე თავს იცავს. შარშან ჰქონდა მცდელობა უკრაინას კონტრშეტევისა, მაგრამ არ გამოუვიდა, რუსეთმა თავი დაიცვა. წელს, თუ მიიღებს თანამედროვე იარაღს კიდევ ერთხელ შეიძლება განახორციელოს უკრაინამ  კონტრშეტევა, თუ გამოუვიდა ხომ კარგი. უკრაინის ამოცანაა - აიღოს ყირიმი და დონბასი, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება გაუჭირდეს, ორივე დიდი ტერიტორიაა. თუ წელსაც ჩაუვარდა კონტრშეტევა, ეს გამოჩნდება ზაფხულსა და შემოდგომაზე, მერე მას დასავლეთი ეტყვის: „რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი“ და შეიძლება შესთავაზონ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან კონფლიქტის გაყინვაზე. წლევანდელი წელი პრინციპული იქნება. თუ უკრაინამ უარი თქვა და „ნაჯახებზე“ გადავიდა ანუ პარტიზანულ ომზე, მაშინ ეს შეიძლება გაგრძელდეს 10-15 წელი“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.  კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ზელენსკის განცხადებაც შეაფასა, სადაც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი იმედგაცრუება დასავლელი პარტნიორების მხრიდან იარაღის მიწოდების დაყოვნებაა.ზაქარეიშვილი ზელენსკის ამ განცხადება არ იწონებს და ამბობს, რომ აქ ზელენსკი მართალი არ არის.მისი თქმით, დასავლური ღირებულებებისათვის მიწა ნაკლებად ღირებულია და ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია.  „არ არის აქ ზელენსკი მართალი. დასავლეთი დიდხანს ვერ მოითმენს შედეგის არარსებობას. დასავლური ღირებულებებისათვის მიწა არის ნაკლები ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. ამერიკელებსა და ევროპელებს არ ესმით, როგორ შეიძლება მიწის გამო ადამიანები შესწირო. ანუ ღირებულება არის მიწა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო დიდი ღირებულებაა. როცა სისხლის ღვრა გრძელდება მიწისთვის, ეს ყველაფერი ევროპელებისთვის, ცოტა არ იყოს გაუგებარია. მაგალითად: გერმანიამ კენიგსბერგი და უნიკალური ქალაქები დათმო თავის დროზე. ევროპაში დაისმება კითხვა, რაში ვუხდით უკრაინას ფულს, თავისი ხალხი რომ დაიღუპოს მიწის გამო? როდესაც შედეგს ვერ დაინახავენ, ეს კითხვები აუცილებლად გაჩნდება, თუ მეორე უკრაინული კონტრშეტევა ჩავარდება - “, - აღნიშნავს კონფლიქტოლოგი. კონფლიქტოლოგმა ჩვენთან საუბარში ყურადღება გაამახვილა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზეც, სადაც ზელენსკიმ ტრამპი ფრონტის წინა ხაზზე მიიწვია.ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ ტრამპს პროპაგანდისტულად უპასუხა, ხოლო ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ კონფლიქტს 24 საათში დაასრულებს, თავხედობას და დემაგოგიას უწოდებს.  „ყველამ კარგად ვიცით, დონალდ ტრამპი არსად არ ჩავა და ის ვერ დაასრულებს კონფლიქტს  24 საათში. ეს არის დემაგოგიური განცხადება ტრამპის მხრიდან, რომელსაც უპასუხა ზელენსკიმ, ასევე, პროპაგანდისტულად „თუ ვაჟკაცი ხარ ჩამოდი“  ეს განცხადება არაფერია. ვიტყოდი - ტრამპის თავხედურ განცხადებას ზელენსკიმ უპასუხა. ეს განცხადება ზელენსკიმ არ შეარჩინა და არ გაატარა“, - დასძენს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.  შეგახსენებთ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო.აშშ-ის კონგრესი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში, კერძოდ 2023 წლის ოქტომბრიდან, უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების საკითხს ვერ ამტკიცებს. უკრაინული მხარე კი, უკვე საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და დეფიციტზე საუბრობს. საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო ხდება ტერიტორიის ოკუპირება რუსეთის მხრიდან.  ზელენსკი აცხადებს, რომ მარტსა და აპრილში უკრაინას გაუჭირდება. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა აღნიშნა, რომ უკრაინას F-16 რომ ჰქონოდა ავდეევკას არ დაკარგავდა.

კაბელი შავი ზღვის ფსკერზე
1708527780
თვალჭრელიძე: შავი ზღვის კაბელის პროექტით რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებული გავხდებით

ენერგოუსაფრთხოება გაიზრდება, რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებული გავხდებით - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი, ალექსანდრე თვალჭრელიძე „newshub“-თან შავი ზღვის კაბელის პროექტს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, შავი ზღვის კაბელის განხორციელების შემდეგ ქვეყანა დიდ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს. „ევროპასთან ენერგეტიკულად გადაბმულები ვიქნებით. შავი ზღვის კაბელის პროექტი, ძალიან დადებითი და კარგი პროექტია. ენერგოუსაფრთხოება ნამდვილად გაიზრდება და რუსეთზე ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებულები. დადებითი შედეგები მოჰყვება ამ პროექტს და ეკონომიკურად რამდენი მოგება იქნება ამას ვერ გეტყვი“, - ალექსანდრე თვალჭრელიძე.  შეგახსენებთ,  საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებით გამოიყო შავი ზღვის კაბელის პროექტი საკითხი და აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული პროექტის განხორციელება. „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელის“ პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან.ცნობისთვის, შეთანხმება აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობის შესახებ 2022 წლის 17 დეკემბერს, ბუქარესტში იყო ხელმოწერილი. Black Sea Energy კაბელის სიმძლავრე 1000 მეგავატი უნდა იყოს, ხოლო სიგრძე 1195 კმ. მიმდინარე წლის ივნისში პროექტს ბულგარეთი შეუერთდა. კაბელის გაყვანას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია ამ პროექტისთვის 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს.

თეოლოგი
1708085580
ლევან აბაშიძე: ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, ასეთი კავშირი ეკლესიურად მიუღებელია

საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, ასეთი კავშირი ეკლესიურად მიუღებელია,- ასე ეხმაურება თეოლოგი ლევან აბაშიძე „Newshub.ge“ საბერძნეთის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც „საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს“.ლევან აბაშიძე განმარტავს, რომ სახელმწიფოებრივად და იურიდიულად ეს შეიძლება, იყოს აღიარებული ქორწინებად და ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია, მაგრამ ეკლესია მას არ აღიარებს ოფიციალურ ქორწინებად.თეოლოგი მიიჩნევს, რომ ამ საკითხს  მოჰყვება საქართველოს ეკლესიის ისეთივე ნეგატიური გამოხმაურება, როგორიც გადაწყვეტილების მიღებამდე საბერძნეთის ეკლესიას ჰქონდა. „ჩემი აზრით, აქ ჩვენ უნდა გავიხსენოთ, საბერძნეთშიც და საქართველოშიც ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამოყოფილები, დამოუკიდებლები არიან. თუ სახელმწიფომ მიიღო ეს გადაწყვეტილება,  დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ეს მათი საქმეა. მართლმადიდებლური ეკლესია - არც საბერძნეთში, არც საქართველოში ასეთ კავშირს არ უწოდებს ქორწინებას, ეკლესიურად ეს არის მიუღებელი. თუმცა, ეს სახელმწიფოს საქმეა, თუ ასე გადაწყვიტა, ასე იქნება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია აქ ამას გავუსვათ ხაზი, რას ნიშნავს ქორწინება. სახელმწიფოებრივად ეს - ქორწინებაა, იურიდიულადაც ვთქვათ - ქორწინებაა, მაგრამ ეკლესია ამას არ მიიჩნევს, არ აღიარებს ქორწინებად. თუ მაინცდამაინც სახელმწიფოს უნდა, ამას დაარქვას ქორწინება ეს სახელმწიფოს საქმეა. როგორც ვიცი, საკმაოდ ნეგატიური იყო გამოხმაურება, ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღებამდე საბერძნეთის ეკლესიის და მგონია, ასეთივე იქნება საქართველოს ეკლესიის, თუ საქართველოს ეკლესია გამოთქვამს ამაზე აზრს.ეკლესიისთვის, ასეთი კავშირი ეკლესიურად მიუღებელია და არ ეძახის ამ კავშირს ქორწინებას. ჩვენთან ეს საკითხი კარგა ხანს არ დადგება, იმიტომ, რომ ჩვენთან ეს კონსტიტუციაში არიის ჩაწერილი და გარკვეული აზრით, თითქოს ჩვენმა სახელმწიფომ თავი დაიზღვია ამისაგან. კონსტიტუციის შეცვლა ბევრად უფრო ძნელია ვიდრე კანონის შეცვლა და მიღება, კონსტიტუციის შესაცვლელად უფრო ფართო კონსენსუსია საჭირო. მგონია, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი ჩვენთან დღის წესრიგში არ დადგება“, - აცხადებს თეოლოგი ლევან აბაშიძე. ინფორმაციისთვის, საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.კანონპროექტს საბერძნეთის პარლამენტის 176-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 76-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. 46 დეპუტატი კენჭისყრას არ დაესწრო.კენჭისყრის შემდეგ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კარიაკოს მაცოტაკისმა X-ში დაწერა, რომ ის „ამაყია იმით, რომ საბერძნეთი ევროკავშირის მე-16 ქვეყანა გახდა, რომელმაც ქორწინების თანასწორობა დააკანონა.კანონპროექტის მიხედვით, სუროგატი ორსულობა ნებადართული არ იქნება ლგბტ წყვილებისთვის და და ზოგადად სექსუალური უმცირესობებისთვის.

გოჩა მირცხულავას პოსტი
1708072754
არ არსებობს საფრთხე, ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემა საქართველოში გააქტიურდეს - ბერძნული პრეცედენტის პრეისტორია

არ არსებობს საფრთხე, საზოგადოებამ რაიმე სახის აღშფოთებები გამოხატოს, კონცენტრირდეს და დღის წესრიგად განიხილოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი საქართველოში. ამ თემის გააქტიურებას თუ ვინმე შეეცდება, ეს იქნება მიმართული ჩვენი ევროპული მისწრაფების დისკრედიტაციისკენ - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, თეოლოგი გოჩა მირცხულავა „Newshub.ge“ საბერძნეთის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც „საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს“.თეოლოგის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი, რომ ეს თემა საქართველოში გააქტიურდეს ან ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, რადგან  ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია ნათელია. „საბერძნეთმა სამოქალაქო კავშირი სექსუალური უმცირესობების  წყვილებს შორის, ჯერ კიდევ 2015 წელს დააკანონა. ნიშანდობლივია, მაშინ ქვეყანას მართავდა დღეს ოპოზიციაში მყოფი პარტია, საუბარი მაქვს მემარცხენეებზე - სირიზას პარტიაზე. ახლა უკვე კონსერვატორულმა მემარჯვენე პარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო ქორწინებას. ძირითადი დათქმა აქ მომდინარეობდა საბერძნეთის შემთხვევაში, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ წყვილებთან მიმართებით არ არსებობდა მკვეთრად გაწერილი წესები მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ბავშვის აყვანა შეეძლო მხოლოდ ერთს და ორივეს ერთად არა და ამით გარკვეული ბარიერები გადალახეს. ამას ვიძახი სამოქალაქო თვალსაზრისიდან გამომდინარე, რატომ იქნა ეს კანონი საბერძნეთში მიღებული. მესმის, საბერძნეთი არის ერთ-ერთი რელიგიური ქვეყანა ევროპაში, მოსახლეობის 90% თავს მიიჩნევს მართლმადიდებლად, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ კანონს. საბერძნეთი 37-ე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ამ სახის კანონი მიიღო და პირველი - მართლმადიდებლურ სამყაროში.  ამ პროცესის მყისიერ ექსპორტს, პირდაპირი თვალსაზრისით, მართლმადიდებლურ ქვეყნებში და სხვა ქვეყნებშიც არ ველოდები მყისიერი მომენტებიდან გამომდინარე“, - აცხადებს სააგენტოსთან მირცხულავა. მისივე თქმით, საბერძნეთისგან განსხვავებით, საქართველოში „ვერც რელიგიურ და ვერც სამოქალაქო კონტექსტში“, უახლოეს პერიოდში ამ თემის გააქტიურების საფუძველი არ არსებობს. „საბერძნეთში ეს კანონი დაშვება და არგუმენტები იყო, თუ ეს ადამიანები მაინც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ერთად, შესაბამისად, მათ სამოქალაქო ურთიერთობების ცივილიზებული გადაწყვეტის ფორმები უნდა ჰქონდეს. ჩვენ შემთხვევაში ამის საშიშროებას, „ვერც რელიგიურ და ვერც სამოქალაქო კონტექსტში“ უახლოეს პერიოდში ვერ ვხედავ. არც  მიმაჩნია, რომ ეს არის ის თემა, რომლის გარშემოც რელიგიური და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები უნდა დაირაზმონ.კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამ ყველაფერს საბერძნეთის, თუ სხვა იმ 36 ქვეყნის შემთხვევაში განაპირობებს მათი კულტურულ, ტრადიციული და სხვა ისტორიული მომენტები, ჩვენთან ამ მიმართულებით რაიმე მკაფიო სახის გამოხატულება არ არსებობს, შესაბამისად, საფრთხეს ეს თემა საქართველოს კონტექსტში არ წარმოადგენს.  პირადად მე, ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ საზოგადოებამ რაიმე სახის აღშფოთებები გამოხატოს, კონცენტრირდეს და დღის წესრიგად განიხილოს ეს საკითხი. იცით მმართველი პარტიის პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, იცით მთავარი ოპოზიციური პარტიის პოზიცია, მათი კონსერვატორული ხედვებიდან გამომდინარე ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, საფრთხეს ამ საკითხთან დაკავშირებით  ჩვენს ქვეყანაში ვერ ვხედავ. საბერძნეთი და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო არის სხვა სახელმწიფო და მათ აქვთ სუვენერული უფლებები მიიღონ და გააუქმონ მათთვის მისაღები კანონმდებლობა“, - აცხადებს თეოლოგი.  ანალიტიკოსი სააგენტოსთან საუბრისას ასევე  აღნიშნავს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება საპატრიარქოსთვის მიუღებელია იქნება, რადგან ამ საკითხზე საპატრიარქოს მკვეთრად გამოხატული პოზიცია აქვს.მისი თქმით, ამ თემის გააქტიურება მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფების დისკრედიტაციისკენ.„რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს მკვეთრად გამოხატული პოზიცია - ქართული პოლიტიკური სპექტრისა და საპატრიარქოშიც. არავითარი საფუძველი იმისა, რომ ეს თემა საქართველოში რაიმე ფორმით გააქტიურდეს არ არსებობს. ამ თემის გააქტიურებას თუ ვინმე შეეცდება, ეს იქნება მიმართული ჩვენი ევროპული მისწრაფების დისკრედიტაციისკენ, რომელიც აბსოლუტურად არ ეხმიანება ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის უამრავ ქვეყანაშიც არის ამ საკითხთან დაკავშირებთ პოლემიკა. ქორწინებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული აქვს მხოლოდ და მხოლოდ 37 სახელმწიფოს. ამ თემის აქტუალიზაცია ჩვენთვის არანაირად მნიშვნელოვანი არ არის. საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქოს და პოლიტიკური სპექტრის პოზიცია ნათელია“, - აცხადებს მირცხულავა. ინფორმაციისთვის, საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.კანონპროექტს საბერძნეთის პარლამენტის 176-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 76-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. 46 დეპუტატი კენჭისყრას არ დაესწრო.კენჭისყრის შემდეგ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კარიაკოს მაცოტაკისმა X-ში დაწერა, რომ ის „ამაყია იმით, რომ საბერძნეთი ევროკავშირის მე-16 ქვეყანა გახდა, რომელმაც ქორწინების თანასწორობა დააკანონა.კანონპროექტის მიხედვით, სუროგატი ორსულობა ნებადართული არ იქნება ლგბტ წყვილებისთვის და და ზოგადად სექსუალური უმცირესობებისთვის.

კონფლიქტების სპეციალისტი
1707923016
აშშ რუსეთის ინიციატივით კონფლიქტის გაყინვაზე პუტინს არ დაელაპარაკება - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე უკრაინამ უნდა ილაპარაკოს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზება უკრაინის კონფლიქტის გაყინვაზე, შესაძლოა, საინტერესოდ ჟღერდეს, მაგრამ, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა ისაუბროს რუსეთთან ამის შესახებ. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე უკრაინამ უნდა ისაუბროს აშშ-თანაც  და სხვებთანაც. შტატებს არ შეუძლია უკრაინის ნაცვლად კონფლიქტზე ღიად ილაპარაკოს, ის არ არის მოპასუხე მხარე და ამიტომაც არ მიიღო პუტინის შეთავაზება. მან ამით უთხრა რუსეთს - „მე რა შუაში ვარ, დაელაპარაკე უკრაინას“ -  ასე გამოეხმაურა „newshub.ge“-თან საუბრისას  კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკურ სიგნალს, რომელიც პუტინმა აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის საკითხთან დაკავშირებით გაუგზავნა. ამასთან, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის თანხმობის შემთხვევაში, გამოვიდოდა, რომ ამერიკა ჩაერთვებოდა რუსულ თამაშში. „მკაფიოდ ითქვა, თუ რატომ ეთქვა უარი პუტინს. იმიტომ, რომ უკრაინის გარეშე ისინი არ აპირებენ ამ საკითხის განხილვას. უარის მიზეზი ის კი არ იყო, მათთვის მიუღებელია რუსეთის წინადადება, კონფლიქტის გაყინვის თაობაზე, არა, მათთვის მიუღებელია ის, რომ უკრაინის გარეშე დაისვა ასეთი კითხვა. შეიძლება წინადადება საინტერესო იყოს ომის გაყინვაზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ამერიკის თემა უკრაინასთან, ამერიკამ არ უნდა ესაუბროს უკრაინას მოლაპარაკებაზე, უკრაინამ უნდა ისაუბროს ამ თემაზე ამერიკასთან ან სხვებთან. რუსეთი სთავაზობს ამერიკას, რომ მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, ამერიკა ეუბნება რუსეთს - „მე რა შუაში ვარ“ დაელაპარაკე უკრაინას. ამერიკამ ჩაშალა მოლაპარაკებები, იმის გამო, რომ ის არ არის მოპასუხე მხარე. ამერიკას არ შეუძლია უკრაინის ნაცვლად ილაპარაკოს. „რაც არ უნდა კარგი იდეა შემომთავაზო რუსეთო, მე ამას არ განვიხილავ შენთან უკრაინის გარეშე“ ეს მომენტია და ამიტომ ეთქვა უარი.  მეორე ვარიანტი იყო, ამერიკას ეთქვა, „უი, რა კარგი წინადადებაა, წავალ ახლა, დაველაპარაკები უკრაინას“, გამომივიდოდა, რომ ამერიკა გადადის უკუთამაშშზე. გამოვიდოდა, ისინი მზად არიან, რუსულ თამმაში მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ, ასეთი მკაფიო, ერთი ხელის მოქნევით უარი არის გასაგები. თუ რამე შეიძლება უკრაინას დაათმობინო, ეს რუსეთის გარეშე მოხდება. დაელაპარაკებიან, გაიწელება ომი, უფრო მეტი ხალხი დაიღუპება, არ ექნება მეტი დახმარების სახსრები ამერიკას, მაშინ, შეიძლება, აშშ-მა თავისი ინიციატივით უთხრას უკრაინას რამე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რუსეთის ინიციატივა“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.კონფლიქტოლოგმა  სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა, რომ შეთავაზების მიზეზი, რომ კონფლიქტის გაყინვაზე  დაეწყო მოლაპარაკება პუტინს, შესაძლოა, გამხდარიყო ისიც, რომ რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია და ამით ცდილობს, შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორიები:  ყირიმი, დონბასი და ლუგანსკი.ზაქარეიშვილი პუტინს ფარისეველს უწოდებს და აცხადებს, რომ მას რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების არ სჯერა. „მაშინ ჩვენ ყველაფრის უნდა გვჯეროდეს პუტინის, რათა დავიჯეროთ ეს შეთავაზება. ეს არის ფარისევლობა. მე არ მჯერა პუტინის ასეთი განცხადებების. ხშირად პოლიტიკოსები ასეთ კითხვას სვამენ, რათა შეამოწმონ ოპონენტის მზაობა. არ მჯერა, რომ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის. რუსეთი მიხვდა, რომ თავის მიზნებს ვერ აღწევს. ერთია, როდესაც ამბობს, რომ უნდა მივაღწიო და მეორეა, რეალობა - მიზანს ვერ აღწევს. ვერცერთ მიზანს - ვერც დენაციფიკაციას უკრაინის, ვერც  დემილიტარიზაციას უკრაინის ვერ მიაღწია, ნატოს გაფართოება ვერ შეაჩერა. ოკუპირებული დონბასისა და ყირიმის იქით ვერ წავიდა და მიწაში ჩადო სულ მცირე, 200 000 ადამიანი, ანუ პუტინი ხვდება, ასე შეიძლება გაგრძელდეს წლები და წინ ვერ წაიწიოს. ვერც უკრაინამ და ვერც რუსეთმა ვერ წაიწიოს.  მე არ მჯერა პუტინის, მჯერა, რა განცდები, შეიძლება ჰქონდეს მას. განცდები შეიძლება იყოს ის, ასე დიდხანს ომი ვერ გაგრძელდება, აზრი არ აქვს. ამიტომ, უნდა აწყობდეს პუტინს, რაც მან თქვა. ეს არის ის, რომ ის მზად არის მოლაპარაკებისთვის, ამაში ვხედავ ლოგიკას, ხვდება - ხალხი იღუპება, ეკონომიკური სანქციები გრძელვადიანია. სანქციების შედეგებს წლები სჭირდება. 10-20 წელიწადში რუსეთი გახდება ისეთი, როგორიც ირანია.  შესაბამისად, პუტინი მიიჩნევს, ალბათ, სჯობს, დავასველო ენა და დავიწყო მოლაპარაკება, შემრჩება მაინც დროებით ან მუდმივ: ყირიმი, დონბასი და ლუგანსკი. აქ ლოგიკას ვხედავ, რომ პუტინს მოლაპარაკებები აწყობდეს“,- დასძენს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს უგზავნიდა სიგნალებს და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის განხილვას სთავაზობდა, მაგრამ  ეს წინადადება შუამავლების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკების დროს ვაშინგტონმა უარყო.მას შემდეგ, რაც შტატებმა უარყო რუსეთის შეთავაზება, ამ ფაქტს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა შუამავლების მეშვეობით შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის გაყინვა საერთოდ შესთავაზა. 

 თსუ-ს „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი
1703238035
საყოველთაო ჯანდაცვა კარგად მუშაობს და ის, რომ უკვე არის შესაძლებელი ასეულობით სხვადასხვა მედიკამენტზე შეღავათიანი ფასის არსებობა, ეს მისასალმებელია - ვახტანგ ჭარაია

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-სთან საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს აფასებს და საუბრობს იმ განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო.ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საქართველოს მოსახლეობისთვის პენსიების და ხელფასების ზრდას მიესალმება და აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.„ხელფასების, პენსიების, თუ სხვა კუთხით შემოსავლების ზრდა საქართველოს მოქალაქეებისთვის მისასალმებელია. გასათვალისწინებელია, რომ წელს საკმაოდ დაბალი ინფლაცია გვაქვს, რაც შემოსავალს ზრდის მოსახლეობის“, - აცხადებს ჭარაია.ვახტანგ ჭარაიამ სახელმწიფოს მხრიდან წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასი დადგენასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით სახელმწიფომ მისცა შესაძლებლობა პენსიონერებს შეღავათიანი ფასებით შეეძინათ ესა თუ ის წამალი.„სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოსახლეობას უწევდა წამლების საკმაოდ ძვირად შეძენა, ამიტომ ხშირად საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ უკვეთდნენ წამლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი სახელმწიფომ აიღო კონტროლქვეშ და შესაბამისად, დაიწყო რეგულირება ამ სფეროსი.სახელმწიფომ დააწესა ცალკეულ წამლებზე ფასი გარკვეული ჯგუფებისთვის და ამით მისცა შესაძლებლობა პენსიონერებს შეღავათიანი ფასებით შეეძინათ ესა თუ ის წამალი. მაგრამ, გამოვლინდა, რომ ჯერ კიდევ არის სააფთიაქო ქსელებში წამლები, რომელიც დანამატით იყიდება და საჭიროა მალევე აღმოიფხვრას ეს სიტუაცია. მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს დაცული და ადგილი არ უნდა ჰქონდეს მომხმარებელთა ინტერესების დარღვევა. ის, რომ სახელმწიფოში უკვე არის შესაძლებელი ასეულობით სხვადასხვა მედიკამენტზე შეღავათიანი ფასის და სამართლიანი ფასის არსებობა, ეს ცალსახად მისასალმებელია“, - აღნიშნა ექსპერტმა.პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანგარიშის წარდგენისას, ასევე, ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან, 3 მილიონ მოქალაქეს დაუფინანსდა 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი ექსპერტი აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა საქართველოში კარგად მუშაობს და ამ პროგრამას მიესალმება.მისი თქმით, ეს პროგრამა ბევრ მოქალაქეს პრობლემის გადალახვაში დაეხმარა.„ორსულთა დაფინანსებას მივესალმები თუნდაც იმიტომ, რომ წასახალისებელია შობადობა ქვეყანაში. საყოველთაო ჯანდაცვა ძალიან კარგი რამ არის, ბევრ ქვეყანას არ აქვს, კარგია, რომ საქართველოს აქვს და ფართოდ გამოიყენება. მილიონობით ადამიანს დაეხმარა ისეთი პრობლემის გადალახვაში, რომელსაც თავად ფიზიკურად ბევრი მათგანი ვერ გაუმკლავდებოდა ფინანსური რესურსის არ ქონის გამო. ფაქტია, კარგად მუშაობს საყოველთაო ჯანდაცვა. მთლიანობაში საყოველთაო ჯანდაცვა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია საქართველოსთვის“, - დასძენს ექსპერტი ვახტანგ ჭარაია.

ექსპერტი ამირან სალუქვაძე Pia.ge
1703061143
„ბიუჯეტი იყო 9 მილიარდი და გახდა 28 მილიარდი... ოპოზიცია ვერც კი შედის პრემიერ-მინისტრის ანგარიშის კვალიფიციურ, საგნობრივ განხილვაში“ - ამირან სალუქვაძე

საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძემ ახალი ამბების სააგენტო NEWSHUB.GE-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ანგარიში ზოგადად შეიძლება ჩაითვალოს „ქართული ოცნების“  ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშად 2012 წლიდან დღემდე“.ამირან სალუქვაძის შეფასებით, პრემიერის ანგარიში მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, პოლიტიკური პარტიებისთვის და საექსპერტო წრეებისთვის. ექსპერტი ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშზე საუბრისას ამბობს, რომ როგორც მას მოლოდინი ჰქონდა, ოპოზიციას არ უსარგებლია და არც კი შესულა კვალიფიციურ, საგნობრივ განხილვაში. „ზოგადად მნიშვნელოვანია შედეგების შეჯამება როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე, მინისტრების მხრიდან, როგორც ყოველწლიური, ასევე, გარკვეული ეტაპების. ანგარიში ზოგადად შეიძლება ჩაითვალოს „ქართული ოცნების“ ასე ვთქვათ, ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშად 2012 წლიდან დღემდე, მით უმეტეს, როცა საარჩევნო წელი მოდის, მეორე მხრივ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიღება, ასევე, მნიშვნელოვანია საექსპერტო წრეებისთვის და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიებისთვის. როგორც ველოდი, მათ {ოპოზიცია} ამით არ უსარგებლიათ. ვერც კი შედიან კვალიფიციურ, საგნობრივ განხილვაში. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია კარგავს რეიტინგს, პოპულარობას ხალხში. მაგალითად, პენსიონერებს არჩევნების წინ ხან 400 ლარიან პენსიას ჰპირდებოდნენ, ახლა 1000 ლარამდე გაზარდეს, ეს მრგვალი ციფრები მოაზროვნე ადამიანს მიუთითებს იმაზე, რომ ციფრები არ ეფუძნება გათვლებს, არ ეფუძნება ბიუჯეტს, შესაძლებლობებს. უბრალოდ დამრგვალებულია. შემდეგ ამ დაპირებას ვერ ასრულებენ, იმიტომ რომ გაზრდილი და გაბერილია. ეს არ მუშაობს, ადამიანებს სჭირდება რეალური დაპირებები. წესით მთავრობის ასეთ ანგარიშს თავის სასარგებლოდ უნდა იყენებდეს ოპოზიცია, უნდა შევიდნენ კონკრეტული ციფრების მაჩვენებლების კრიტიკაში, თუ სადმე სიცრუე არის, კი ბატონო დაასაბუთონ. ციფრებზე უნდა გააკეთონ სათანადო, კვალიფიციური შეფასებები და არ აკეთებენ. მაგალითად, ბიუჯეტი იყო 9 მილიარდი გახდა 28 მილიარდი. ამის გაქილიკება და საუბარი, რომ ხალხი ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს საკუთარ თავზე, აბსურდი და პოპულიზმია.მაგალითად, ჯანდაცვის და განათლების მიმართულებით, დაიხარჯება 10 მილიარდი ლარი. სად მიდის ეს 10 მილიარდი ლარი? მიდის საყოველთაო ჯანდაცვაზე, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე და სხვა ბევრი მიმართულებით. განათლებაზე და ინფრასტრუქტურაზე უზარმაზარი თანხები იხარჯება, შედის სოფლებში წყალი, გაზიფიკაცია, სოფლის მეურნეობაში სერიოზული ხარჯებია, რამდენიმე ათასი მიწის გაწყლოვანება მოხდა. თავდაცვა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, აქაც ბიუჯეტი იზრდება მილიარდ 400 მილიონამდე თითქმის. ასევე მოვისმინეთ პრემიერისგან დევნილების მიმართულებით თუ რა კეთდება რამდენი ათასი ოჯახი იქნა დაკმაყოფილებული, კიდევ რა გეგმებია და ასე შემდეგ. მთელი მიმართულებებია. კარგი მასალა არის ხელისუფლების ოპონენტებისთვის და ძალიან კარგი მასალაა სხვადასხვა წრეებისთვის, ეკონომისტები იქნებიან თუ ფინანსისტები. გამზადებული ზღვა მასალაა, პრემიერმა 2 საათი ისაუბრა მხოლოდ ციფრებზე, შელამაზების გარეშე. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსია და იყო პოლიტიკური ნიშნით შეფასებები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვინც უსმინა, ამ 2 საათიან მოხსენებას, მეტი წილი გარდა შესავალი ნაწილისა, იყო ტექნოკრატიული მოხსენება. ვისაც არ მოსწონს გააკრიტიკოს. საარჩევნო წელი მოდის. ის პარამეტრები, ციფრები, რაც პრემიერის მოხსენებაშია რა თქმა უნდა გადავა წინასაარჩევნო ბუკლეტებში, პროგრამებში და ამას დაემატება შემდგომში რაც აპირებს ხელისუფლება. ამის საპირწონედ პოლიტიკურ პარტიებს, არც ამ გაკეთებული საქმეების კვალიფიციური კრიტიკა აქვთ და არც კვალიფიციური, ნორმალური პროგრამები აქვთ. პატარა სადღეგრძელოების ბროშურებს არ ვგულისხმობ. საპირწონედ ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ უნდა დადოს ფაქტობრივად ისეთი პროგრამა, როგორიც ბიუჯეტია მაგალითად. ბიუჯეტთან და ეკონომიკასთან მიბმული. ჯანსაღ კრიტიკას ვერ ვხედავთ, 2 დღე, 3 დღე ვისმენთ ქილიკს. თუ მოგებიანია ეს ქილიკი, ამას დავინახავთ. რეიტინგებში ვხედავთ რაც ხდება. როცა „ენდიაი“ გიწერს 4%-ს და საუბრობ „მე ვარ მთავარი და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია“, იქ დამთავრებულია ყველაფერი. მიზეზი ამ ყველაფრის არის პოპულიზმი, ნეგატიური დღის წესრიგი და არაკვალიფიციური ოპონირება ხელისუფლებასთან. განსაკუთრებით ბოლო 2 წლის მანძილზე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. კანდიდატის სტატუსმა ბოლო ლურსმანი არ დააჭედა ოპოზიციას, მაგრამ ძალიან ცუდად წარმოაჩინა საზოგადოებაში. სახიფათო და ცუდია ასეთი სუსტი ოპოზიცია“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე. 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Pia.ge
1703058660
ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რომელიც მან შექმნა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება - დავით ქართველიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 დეკემბერს მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა.პრემიერმა ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში newshub.ge-სთან ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა შეაფასა.14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტატუსის მოპოვებას საგარეო პოლიტიკის მთავარი მონაპოვარი, დიდი გამარჯვება უწოდა და აღნიშნა, რომ მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის.ამ საკითხთან დაკავშირებით, ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს დამსახურებული გამარჯვება მთლიანად არის - პრემიერ-მინისტრის, მოქმედი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ 11 წლიანი ღვაწლის შედეგი.„გუშინდელი 2 საათზე მეტხანს გაგრძელებული პრემიერის ანგარიში იყო პირველი ანგარიში საქართველოს ისტორიაში, რომელიც გაკეთდა მისთვის ახალი სტატუსის მინიჭების პირობებში და ეს დამსახურებული გამარჯვება მთლიანად პრემიერ-მინისტრის, მოქმედი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“  11 წლიანი ღვაწლის შედეგია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ 2012 წელთან დაკავშირებით შედარების მოყვანა, მხოლოდ 2023 წლის მიღწევა არ იყო გადამწყვეტი აი, ამ ისტორიული შედეგისათვის, ეს იყო მთლიანობაში ამ გუნდის 11 წლიანი დაუღალავი შრომის, მუშაობის შედეგი, რამაც მისცა საშუალება ქვეყანას 11 წელიწადი სამშვიდობო პირობებში გაეტარებინა, სტაბილურობას ჩაეყარა საფუძველი. ვისაც აინტერესებდა ამ მიღწევებში, სტატისტიკური, საგნობრივი, მათემატიკური მონაცემების მიღება, ის დაუსხდებოდა გუშინ ტელევიზორს, ფანქრით და ფურცლით ხელში და მიეცემოდა შესაძლებლობა დარწმუნებულიყო, რომ პრემიერი აპელირებს ფაქტებს. ვისაც არ აინტერესებდა ე.წ. ჩვენი ოპოზიციაა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშს უწოდა ზღაპრები. არც ამ ანგარიშის დაწყებამდე და არც მის შემდეგ მათი აზრი არ შეიცვლებოდა იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მტერი, მოწინააღმდეგე მათი ამ ქვეყანაში არის  ხელისუფლება, მმართველი პარტია და მოქმედი  პრემიერი, რომლებმაც მთელი 11 წლის განმავლობაში სხვადასხვა კონსტიტუციური, არაკონსტიტუციური, დესტრუქციული, რადიკალური მცდელობა ჩაუფლავა ამ ე.წ. ოპოზიციას და საავადმყოფოში მყოფ მათ ბელადს, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში და ეს ქვეყანა ისევ საკონცენტრაციო ბანაკად ექციათ.ამიტომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის გამარჯვება იმ თვალსაზრისითაც, რომ შარშანდელი შეცდომა დაშვებული საქართველოს მიმართ და უსამართლობა, თავად ევროკომისიამ და ევროსაბჭომ წელს გამოასწორა. რატომ გამოასწორა? რატომ გადაუხადა განსაკუთრებული მადლობა პრემიერმა ამ სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებაში ჯეკ სალივანს? ნიუ-იორკში სექტემბერში, გაეროს ასამბლეის პერიოდში, როგორც ჩანს, შედგა შეხვედრა პრემიერსა და ჯეკ სალივანს შორის და დარწმუნებული ვარ, ჯეკ სალივანი, წელიწად-ნახევარი, როგორც მინიმუმ, იკვებებოდა თბილისის საელჩოდან, კელი დეგნანის  ელჩობის პერიოდის საელჩოდან, არასწორი, დამახინჯებული და დეზინფორმაციული ცნობებით - საქართველოზე, ხელისუფლებაზე, მმართველ პარტიაზე, მათ მიეცემოდა შესაძლებლობა უშუალოდ მიეღოთ ის რეალური ინფორმაცია, რასაც ჩემი ღრმა რწმენით, წელიწად-ნახევარი უმალავდნენ ამერიკის მოქმედი ხელისუფლების ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტია. დარწმუნებული ვარ, პრემიერთან შეხვედრის შემდგომ დეპარტამენტის წარმომადგენელს საკმაოდ მარტივად გადასაწყვეტი ამოცანა დაუდგა თვალწინ, ან დასავლეთი აგრძელებს იმ გზას, რომ ფსონი თავისი პოლიტიკური სიმპათიების გააკეთოს იმ ძალებზე, რომლებსაც არ გააჩნია არანაირი - პოტენციალი, პერსპექტივამ შესაძლებლობა ქვეყნის სათავეში შეინარჩუნონ პროდასავლური ვექტორი განვითარების, ყველაფერს რასაც აწვდიდნენ ამ ხნის განმავლობაში ვაშინგტონს, წარმოადგენს აბსურდულ და რეალობასთან შორს მდგარ მასალას, რომ შესაძლებელი იქნებოდა საქართველო საერთოდ დაეკარგათ როგორც სტრატეგიული პარტნიორი, როგორც პროდასავლური ვექტორის ერთადერთი გამტარებელი სამხრეთ კავკასიაში, ამიტომ მიღებულ იქნა აშშ-ის მხრიდან რეკომენდაციის საფუძველზე ის გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან მიმართებით დაშავებული შეცდომა, უსამართლობა წელს არ უნდა განმეორდეს. საქართველო კოლექტიურ დასავლეთს სჭირდება ისეთი ლიდერი ხელისუფლების სახით, რომელსაც არცერთი შეცდომა არ დაუშვია თავისი პარტნიორების წინაშე და ის მზად არის, შეასრულოს თავის თავზე ნაკისრი ვალდებულები სრული მასშტაბებით. ამ ყველაფერმა სასოწარკვეთაში ჩააგდო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სულ სხვა საწინააღმდეგო შედეგს ელოდებოდა, სწორედ ამიტომ დარბოდნენ ბრიუსელის და ვაშინგტონის დერეფნებში თვეების განმავლობაში ერთადერთი თხოვნით - არავითარ შემთხვევაში საქართველოს არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი. იმიტომ, რომ საერთაშორისო ფონდებიდან უკვე ათვისებული იყო ე.წ. ცხელი შემოდგომის ასაგორებლად თანხები, გაწერილი იყო გეგმები. მზადება ანუ სტატუსის არ მიღება გადაზრდილიყო რევოლუციაში, ეს ყველაფერი წყალში ჩაეყარათ და ჩაეყარათ გაურკვეველი დროით და ჩემი ღრმა რწმენით, სამუდამოდ ამ ქვეყნის  ხელისუფლებაში რაღაც დაბრუნების პერსპექტივები“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი. პოლიტიკის ექსპერტი, ანგარიშის შეფასებისას შეეხო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, სადაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ: „2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა“.„არანაირი მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ გზით არ მოსულა ეს კლანი, ეს ლიბერალ-ფაშისტების ხუნტა. პირველი, რაც გააკეთეს, დე ფაქტო ცხინვალთან დალაგებული ურთიერთობები არიეს, როდესაც მივიწყებას მიეცა ის ურთიერთწყენა, როდესაც ცხინვალის ავტოსადგურიდან დღეში 3-ჯერ ლილოს მიმართულებით დადიოდა ავტობუსი, როდესაც თბილისიდან ცხინვალში ქორწილში თუ ქელეხში ჩასვლა, რაჭველებისთვის ცხინვალის გავლით ონის რაიონში ასვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, დიპლომატიის დონეზე ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ ქართველებს და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას კვლავ აღედგინათ თავიანთი ურთიერთობები ერთიანი სახელმწიფოს წიაღში. რა ფორმატით, რა სახელწოდებით, ეს უკვე მეორე საკითხია. პირველი, რაც გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ივნისში შეიყვანა იქ სამხედრო-პოლიციური შენაერთები, დაიღვარა სისხლი პოლიციელების, სამხედროების, მშვიდობიანი მოსახლეობის და ყველაფერი წყალში ჩავარდა. 2004 წლის ივნისში ეს ხელისუფლება რომ ყოფილიყო, მიიყვანდა აი, ასეთ განვითარებამდე მოვლენებს?! თუ პირიქით, შეუწყობდა ხელს იმისათვის, რომ დღეისათვის საქართველო იქნებოდა კვლავ გაერთიანებული თავის აფხაზ და ოსს ძმებთან ერთად და ჩვენ ვიცხოვრებდით ზუსტად იმ  პირობებში, რა პირობებიც შეუქმნა საქართველოს „ქართულმა ოცნებამ“.  11 წელიწადი ტყვია არ გავარდნილა. არც სამოქალაქო დაპირისპირების კუთხით, როდესაც ქართველი ქართველს კლავდა და არც ჩვენს მეზობლებთან მიმართებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ერთადერთი მთავარი მონაპოვარი ამ ხელისუფლების, რომელიც მან შექმნა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება 11 წლის განმავლობაში, იმავე მშვიდობას შეუნარჩუნებდა იმ წლებში საქართველოს და დღეს ჩვენ ვიქნებოდით აყვავებული. სააკაშვილის რეჟიმმა  საქართველოს დაუკარგა არამხოლოდ 9 წელიწადი, მან  20 წლით უკან ჩაგვაგდო და ფაქტობრივად, ბოლო 3 წელიწადი ხელახლა უწევს მოქმედ ხელისუფლებას და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს აი, იმ ჭაობიდან და ჩიხიდან ამოიყვანოს ქვეყანა“ , - დასძენს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში. 

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე
1702990214
„ოცნების“ პოლიტიკა უფრო მეტად იყო ორიენტირებული ადამიანზე, ვიდრე წინა ხელისუფლების, სტატუსის მიღებამ ოპოზიციას წაართვა კოზირი, რომ ხელისუფლება პრორუსულია - ზაალ ანჯაფარიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 დეკემბერს მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. პრემიერმა ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში newshub.ge-სთან ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ შეაფასა. ექსპერტის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უფრო მეტად არის ორიენტირებული ხალხზე, ვიდრე ეს იყო „ნაცმოძრაობის“ დროს.„პრემიერ-მინისტრს შემთხვევით არ გაუკეთებია შედარებითი ანალიზი 2023 წლის იმასთან, რაც იყო 2012 წლამდე. მან შედარებები მოიყვანა, რა იყო წინა ხელისუფლების დროს და რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა ამ ხელისუფლების პირობებში და ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად გამიზნულად გააკეთა იმ უმნიშვნელოვანესი არჩევნების გათვალისწინებით, რომელიც  ჩვენ 2024 წელს გველოდება. ანგარიში ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენმა მოსახლეობამ და მოქალაქეებმა უფრო კარგად გააცნობიერონ, რა იყო მაშინ და რა შეიცვალა ხარისხობრივად ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. ყველაფერი, რაც ჩამოთვალა პრემიერმა, ეს კონკრეტული შედეგები რეალურია.ჩემი შეფასებით, მთავარი განსხვავება, რაც იყო წინა ხელისუფლების გაკეთებულ და ამჟამინდელ ხელისუფლების გაკეთებულს შორის - „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უფრო მეტად არის ორიენტირებული ადამიანზე, ვიდრე წინა ხელისუფლების პოლიტიკა. წინა ხელისუფლების დროსაც გაკეთდა რაღაცები, მაგრამ იქ ეს ყველაფერი კეთდებოდა ძირითადად იმისათვის, რომ ხელისუფლების პოზიციების გამყარებას მოხმარებოდა და ნაკლებად იყო ორიენტირებული ადამიანზე. მაგალითისთვის ავიღოთ საყოველთაო დაზღვევის შემოღება, ამით ჩვენმა სოციალურად მოწყლადვმა მოქალაქემ ისარგებლა“, - აცხადებს ექსპერტი.პოლიტიკის ექსპერტი, ანგარიშის შეფასებისას შეეხო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, სადაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ: „2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა“.„იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებაზე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, ჩვენ რაღაც ფორმით უფრო აქტიურად ჩავრთულიყავით კონფლიქტში, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ხელისუფლებამ გაუძლო ამ ზეწოლას საკუთარი რეპუტაციული და პოლიტიკური დანაკარგების ხარჯზე და არ დაუშვა, ქვეყანაში დარღვეულიყო მშვიდობა, რასაც მოჰყვებოდა უმძიმესი შედეგები. სწორედ ამის გათვალისწინებით ეს იყო შეხსენება იმისა, რომ 2008 წელს შესაძლებელი იქნებოდა კონფლიქტის თავიდან აცილება, თუ უფრო გონივრული პოლიტიკა გატარდებოდა და უფრო კომპრომისული გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული. გაცილებით მეტი არის გაკეთებული ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, თუნდაც ავიღოთ - ინფრასტრუქტურა, სოციალური პაკეტები. შესაბამისად, ანგარიშს ჰქონდა 2 მიზანი. პირველი - ეს იყო  ოფიციალური, რომ მთავრობა ანგარიშით წარდგენილიყო საზოგადოების წინაშე და მეორე - დაენახვებინა განსხვავება რა იყო წინა ხელისუფლების დროს და რა ხდება ახლა“, - აღნიშნავს ანჯაფარიძე.14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტატუსის მოპოვებას საგარეო პოლიტიკის მთავარი მონაპოვარი, დიდი გამარჯვება უწოდა და აღნიშნა, რომ  მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის.ამ საკითხთან დაკავშირებით, ექსპერტმა აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მოხდა ამ სტატუსის მიღება და ეს წარმატება ხელისუფლების პოლიტიკურ აქტივებში ჩაიწერება. „რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კომპონენტს, ვინც რა კონსპიროლოგიური თეორიები აღარ უნდა ააგოს იმასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს, ხელისუფლება პრორუსულია და ა.შ. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამ, ფაქტობრივად, ოპოზიციას ეს კოზირი წაართვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ამ გაჭრილი კოზირით აგრძელებენ თამაშს, მაგრამ ფაქტია, ამიერიდან ისინი ვეღარ შეძლებენ ამ არგუმენტით ამომრჩეველთან მისვლას და მის დარწმუნებას იმაში, რომ „ქართულ ოცნებას“ თურმე ევროპამ ძალად მოახვია კანდიდატის სტატუსი, ასე გამოდის მათი ლოგიკით, თურმე ხელისუფლებას არ უნდოდა სტატუსი. ფაქტია, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, საქართველომ 2014 წელს მიიღო ნატოსთან თანამშრომლობის ოქროს პაკეტი, რაც ადრე მას არ ჰქონია, შესაბამისად, 2017 წელს გაფორმდა უვიზო რეჟიმი და ამის ყველაფრის გვირგვინი იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ რეალურად წინ მივიწევთ ევროინტეგრაციის გზაზე და ეს, რა თქმა უნდა,  ხელისუფლების პოლიტიკურ აქტივებში იქნება ჩაწერილი. ეს ხელისუფლება აირჩია  დაახლოებით მილიონმა ამომრჩეველმა, ასე, რომ ის თეზისი ოპოზიციის - ხელისუფლება ცალკე და ხალხი ცალკე, უკვე გაბათილებულია“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.ექსპერტმა, ჩვენთან საუბარში, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს და ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მრავალვექტორული პოლიტიკა გამართლებულია.„ჩინეთთან  სტრატეგიული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. საქართველო გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე ატარებს მრავალვექტორულ პოლიტიკას. ამ მრავალვექტორულ პოლიტიკას ჩემი გადმოსახედიდან, ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილიც კი ეთანხმება, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოსთვის მრავალვექტორული პოლიტიკა არის გამართლებული. დარწმუნებული ვარ, სტრატეგიული  თანამშრომლობის შეთანხმება გამოიღებს თავის შედეგებს“, - დასძენს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში. 

••• იტვირთება