კონფლიქტები
უკრაინაში აფხაზი „ბოევიკი“ ბატალ ბიგვავა, მეტსახელად „ბალუ“ დაიღუპა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.ბიგვავა ბატალიონ „პიატნაშკას“ მეთაური იყო. ბატალ ბიგვავა უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა. მისი ფორმირების წარმომადგენლებს ადამიანთა გატაცებაში, წამებაში და მარადიორობაში ადანაშაულებდნენ.
სექტემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსებისგან 4 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს - სოსნივკა, ხოროში, ნოვოსელივკა და სიჩნევე, რომლებიც დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარეობს,- ამის შესახებ Deep State-ის ანალიტიკოსები იუწყებიან.„ჩვენი წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ სექტემბერში 225-ე ცალკეული შემტევი პოლკის მე-3 შემტევი ბატალიონის მებრძოლებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ერთდროულად 3 სოფელი გაწმინდეს, კიდევ ერთი სოფელი კი 141-ე ცალკეულმა მექანიზებულმა ბრიგადამ გაწმინდა რუსებისგან. პოზიციების უმეტესობა სხვა მექანიზებულ დანაყოფებს გადაეცა. სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, ოპერაციის შედეგები რუკაზე არ არის ასახული“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები. მათი მონაცემებით, ამავდროულად, რუსებმა განაახლეს თავდასხმის ოპერაციები ნოვოსელივკასა და სიჩნევეზე.
ცხინვალში რუსისტების პედაგოგიური კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.კონფერენცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართება. ამის შესახებ მედიას ცხინვალის რუსული სახლის ხელმძღვანელმა სერგეი კომისაროვმა აცნობა.მისი თქმით, ღონისძიება მასწავლებლის დღეს ეძღვნება და მასში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სკოლების, პროფესიონალური სასწავლებლების და უმაღლესი სასწავლებლის რუსული ენის და ლიტერატურის პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას.„განისაზღვრება რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების წინაშე არსებული პრობლემები და მათი ერთობლივი ძალისხმევით მათი გადაჭრის გზები“, - განაცხადა კომისაროვმა.კონფერენციის ორგანიზატორია ცხინვალის „რუსული სახლი“, ე.წ. განათლების სამინისტროს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტი.
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე განაცხადა.„რუსული ტყვეობიდან სამშობლოში ვაბრუნებთ ჩვენს 185 დამცველს. მათ შორის, 183 რიგითი და სერჟანტია, 2 კი ოფიცერი. დამცველებთან ერთად სამშობლოში ჩვენი 20 მშვიდობიანი მოქალაქე ბრუნდება“, - აცხადებს სახელმწიფოს მეთაური.კერძოდ, გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები. სახელმწიფოს მეთაურმა პირობა დადო, რომ ყველას გაეწევა საჭირო მხარდაჭერა.
სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა ე.წ. შეიარაღებულ ძალებში 2025 წლის ოქტომბერ-დეკემბრის გაწვევის „ბრძანებულებას“. ამის შესახებ Apsadgl.info იუწყება.პარალელურად სამხედრო სამსახურიდან იმ პირთა გათავისუფლება მოხდება, რომლებიც გაწვევით ჯარში მსახურობდნენ.1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებულ ძალებში 18-27 წლის ახალგაზრდების გაწვევა იგეგმება, რომლებიც ამჟამად თადარიგში იმყოფებიან.გუნბამ დაავალა ე.წ. მინისტრთა კაბინეტს, ასევე რაიონების დე ფაქტო ადმინისტრაციებს, რომ ჯარში გაწვევის და ჯარიდან თადარიგში გადაყვანის ღონისძიებების გატარებას ხელი შეუწყონ.
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 28 კი დაშავდა.დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის თქმით, დაშავებულებს შორის არიან 10 წლის ბიჭი და 17 წლის გოგონა. მისივე განცხადებით, დრონების იერიშის შედეგად, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.თავდასხმისას დაზიანდა სამედიცინო დაწესებულებები, საცხოვრებელი და საოფისე შენობები. ლისაკის თქმით, რუსეთმა ისეთ დროს მიიტანა იერიში, როცა მოქალაქეები სამსახურებში, ხოლო ბავშვები სკოლებში იმყოფებოდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის ეიალ ზამირის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სამშვიდობო გეგმა ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ომის მიზნების მიღწევასთან აახლოებთ. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სამხედრო მოქმედებების წარმატება და პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობა“, – განაცხადა ზამირმა ქალაქ ღაზაში ვიზიტისას. შეგახსენებთ, 29 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, ღაზას სამშვიდობო გეგმა წარადგინა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული ძალები იმარჯვებენ უკრაინაში მიმდინარე ომში.მისივე თქმით, რუსეთი სამართლიან ბრძოლას აწარმოებს.„ჩვენი მებრძოლები და მეთაურები შეტევაზე გადადიან. მთელი ქვეყანა, მთელი რუსეთი ამ სამართლიან ბრძოლას აწარმოებს და ინტენსიურად მუშაობს. ერთად ვიცავთ სამშობლოს სიყვარულს და ჩვენს ერთიანობას, ჩვენ ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა პუტინმა.
რუსი ოკუპანტები სამ რეგიონში წინ მიიწევენ, კერძოდ, დონეცკის ოლქის ერთი სოფელი დაიკავეს, - იუწყებიან Deep State-ის ანალიტიკოსები.ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგემ დონეცკის ოლქის სოფელი პოლტავკა დაიკავა.Deep State-მა, ასევე, განაცხადა, რომ ოკუპანტი აგრძელებს ზეწოლას სერებრიანკადან ვიიმკამდე ტერიტორიაზე, მთელი სივერსკის და თავად ქალაქის ოკუპაციის მიზნით.ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი ნაცრისფერი ზონა ჩამოყალიბდა, რაც საბრძოლო მოქმედებების ხასიათზე მეტყველებს.როგორც ანალიტიკოსები წერენ, მოწინააღმდეგე ახერხებს უკრაინელი მებრძოლების პოზიციებზე შეღწევას, რაც გამოწვეულია მთელი თავდაცვის ზონის დასაფარად პერსონალის ნაკლებობის პრობლემით. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსები ვერ ახერხებენ ამ ტერიტორიაზე პოზიციის დამკვიდრებას და ძალების დაგროვებას შემდგომი წინსვლისთვის, რაც განპირობებულია უკრაინული დრონებით, რომლებიც აგრესორის ქვეითებზე ნადირობენ.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ევროპელი მოკავშირეებისთვის იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ის „მამაცი მეომარია“.პესკოვმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტზე, სავარაუდოდ, საქმე კარგად არ მიდის.პუტინის პრესმდივანმა, ასევე, განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმი უნდა აიძულონ, მშვიდობის გზა აირჩიოს და არა ომის“.მან დასძინა, რომ ევროპელმა ლიდერებმა, სავარაუდოდ, „მილიტარისტული პოზიციები უნდა მიატოვონ“.გარდა ამისა, პესკოვი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კვლავ აქვს სურვილი, ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებას.
დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვარზე ვითარება დინამიკურია, რადგან იქ მოწინააღმდეგე ცდილობს წინსვლას, რადგან მას არ აქვს ძალა, სწრაფად გაარღვიოს უკრაინის თავდაცვა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.„დნეპროპეტროვსკის ოლქი ნოვოპავლოვსკის მიმართულებაა, სადაც სამი ოლქის - ზაპოროჟიეს, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციული საზღვრები იკვეთება. იქ სიტუაცია დინამიკურია. ტერიტორიები დიდია, ჯარების სიმჭიდროვე არასაკმარისია. როგორც ჩვენს, ასევე, მათ მხარეს. იქ მეტი (რუსი) იმყოფება. თუმცა, რაიმე სახის გადამწყვეტი შეტევის განსახორციელებლად მათ საკმარისი ძალები და საშუალებები არ გააჩნიათ“, - აღნიშნა მან.სირსკის თქმით, მოწინააღმდეგემ საზღვაო ქვეითთა ნაწილები სუმის მიმართულებიდან ნოვოპავლოვსკში გადაიყვანა, რათა უკრაინის თავდაცვითი ხაზი გაერღვია და ზაპოროჟიეში ან დნეპროპეტროვსკის ოლქში შეჭრილიყო.„მაგრამ ჩვენ აქტიურად ჩავშალეთ მოწინააღმდეგის მცდელობა შეეტია ნოვოპავლოვსკისთვის. მთელი რუსული საზღვაო ქვეითთა რაზმი ამჟამად დობროპოლის მიმართულებით ბრძოლებშია ჩართული“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.„რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ზოგად სიტუაციას, ის კვლავ რთული რჩება. მოწინააღმდეგე აგრძელებს წინსვლას ძირითადი მიმართულებებით, კერძოდ, პოკროვსკის და დობროპოლსკის მიმართულებით. დაძაბული სიტუაცია, ასევე, ლიმანის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. სხვა მიმართულებებზე სიტუაცია ხასიათდება დაბალი ინტენსივობის ბრძოლებით. საერთო ჯამში, სიტუაცია ჩვენს კონტროლს ექვემდებარება“, - აცხადებს სირსკი.მან დასძინა, რომ ბოლო დროს უკრაინის თავდაცვის ძალებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.სირსკის თქმით, აქტიური ფრონტის სიგრძე ამჟამად თითქმის 1 250 კმ-ია. წლის განმავლობაში ეს ხაზი დაახლოებით 200 კმ-ით გაიზარდა.მისი თქმით, რუსეთი დაახლოებით ორჯერ მეტ საარტილერიო ჭურვს იყენებს.