მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო
1759609237
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, აქციის დროს დაშავებული 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, აქციის დროს დაშავებული 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 30-მდე პირს კი ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.მათივე ცნობით, ჰოსპიტალიზებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ინგოროყვას კლინიკა
1759606605
ინგოროყვას კლინიკა: აქციაზე დაშავებულ სამართალდამცველს ქალა ტვინის ტრავმა, სისხლჩაქცევა და საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა აღენიშნება

ინგოროყვას კლინიკაში აქციაზე დაშავებული 5 პირი გადაიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი, რომლის მდგომარეობაც საყურადღებოა, სამართალდამცველია.ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი ანი დალაქიშვილის განცხადებით, სამართალდამცველს ქალა ტვინის ტრავმა, სისხლჩაქცევა და მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა აღენიშნება.მისი თქმით, დაშავებულებიდან ორი უკვე გაეწერა ბინაზე.„აქციიდან ჩვენთან სულ შემოყვანილია ხუთი დაშავებული. აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელი იყო. ორმა უკვე დატოვა კლინიკა. რაც შეეხება სამართალდამცველს, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა.ასევე, სისხლჩაქცევა, მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, თუმცა ოპერაციულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. ამიტომ მოთავსებულია ნეირორეანიმაციაში დაკვირვების ქვეშ. საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფიაც გაუკეთდა, სადაც დინამიკა კარგი გვაქვს“, - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა.

ცეცხლი
1759595095
აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაგვის ურნებს და რესტორნის გარე ავეჯს ცეცხლი წაუკიდეს

ორბელიანის მოედანზე, აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს და რესტორნის გარე ავეჯს ცეცხლი წაუკიდეს.პარალელურად, შსს შეკრებილებს აფრთხილებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.მანამდე, აქციის მონაწილეთა ნაწილი სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა შსს-მ. უწყებაში აცხადებენ, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

ცესკო
1759587191
ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 33.5%-ს შეადგენს

15:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5 პროცენტს შეადგენს, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამომრჩევლებმა კარგად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ არჩევანს.ცნობისთვის, დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

გოგა მემანიშვილი
1759584414
გოგა მემანიშვილი: არ დაარღვიონ კანონი, კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პოლიციის დანაყოფები უკვე მობილიზებულია.მემანიშვილი აცხადებს, რომ, კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს.„რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები, რათა დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეების უსაფრთხოება. რამდენიმე ლოკაციაზე დაიწყეს შეკრება აქციის მონაწილეებმა და, როგორც ინფორმაცია გვაქვს, შეკრების ძირითადი ლოკაცია იქნება თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე. არ დაარღვიონ კანონი. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა მემანიშვილმა.

დავით სონღულაშვილი
1759580760
დავით სონღულაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, 2025 წლის თვოთმმართველობის არჩევნებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მე-12 ოლქის 26-ე უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.„მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. კახეთში აქტივობა საკმაოდ მაღალია თვითმმართველობის არჩევნებზე. მხარი დავუჭირე ძალას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და მეტ სიკეთეს რეგიონებისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე ჩაივლის ისე მშვიდ ვითარებაში, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ კიდევ ერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ბრიფინგი ცესკოში
1759578408
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 991 651 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ს შეადგენს

ცესკო ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.„15:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მოვიდა 991 651 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ს შეადგენს. კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს, ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე“, - განაცხადა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

ილია II
1759574319
ილია II-მ არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. „დღეს, 4 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ნათია იოსელიანი
1759569111
ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე, რაც, თავის მხრივ, ჰგავს სხვადასხვა პროვოკაციული განცხადებისთვის მზადებას ცესკოს სახელით - ცესკო

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება. კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრა.„სანამ აქტივობის შესახებ მოგაწვდიდეთ ინფორმაციას, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ჩვენთვის - ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე. რაც, თავის მხრივ, ჰგავს სხვადასხვა პროვოკაციული განცხადებისთვის მზადებას ცესკოს სახელით.კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მსგავსი სატელეფონო ზარები საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არ განხორციელებულა. როგორც ჩანს, გარკვეული პირები მიზანმიმართულად იყენებენ ცესკოს სახელს ინსტიტუციის დაზიანების მიზნით და მსგავსი მანიპულაციებით ცდილობენ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ყველას, ნუ გამოიყენებენ ცესკოს სახელს და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს.ახლა კი, გაგაცნობთ ინფორმაციას აქტივობის შესახებ, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია.ასევე, გაცნობებთ, რომ ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მედიკო გაბეხაძე
1759567274
ინფორმაცია, თითქოს ხაშურში, მეათე საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ფულს არიგებდა სიცრუე აღმოჩნდა - ირკვევა, რომ კადრები 3 ოქტომბერს არის გადაღებული და ქალბატონი სააგიტაციო მასალას ავრცელებს

ინფორმაცია, თითქოს ხაშურში, მეათე საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ფულს არიგებდა სიცრუე აღმოჩნდა.კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოს ავტორი ამტკიცებდა, რომ საარჩევნო უბანთან ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა.გაირკვა, რომ ვიდეო, რომელიც გავრცელდა 3 ოქტომბერს არის გადაღებული და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრთან არა ფულს, არამედ სააგიტაციო მასალას ავრცელებდა.„მე ვარიგებდი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალას. არასწორი გადაღება და გავრცელება მოხდა“, - განაცხადა მედიკო გაბეხაძემ.

კატალინ ჩობორი
1759557054
საერთაშორისო დამკვირვებელი კატალინ ჩობორი: საქართველოში სადამკვირვებლო მიზნით ჩამოვედი, დავესწარით საარჩევნო უბნის გახსნას, ყველაფერი წესრიგშია

„საქართველოში სადამკვირვებლო მიზნით ჩამოვედი, დავესწარით საარჩევნო უბნის გახსნას, ყველაფერი წესრიგშია“, - განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წევრმა კატალინ ჩობორმა.„საქართველოს ძალიან კარგი და საინტერესო საარჩევნო სისტემა აქვს. იმედი მაქვს, რომ დღეს ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - აღნიშნა კატალინ ჩობორმა.საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.ცესკოს მონაცემებით, რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ნათია იოსელიანი
1759553920
ცესკო - მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე, მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას

საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, კენჭისყრა დაწყებულია. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.„საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. დილის 08:00 საათზე დაიწყო კენჭისყრა.დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 60 754 ამომრჩეველია. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.აქვე, შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი მოწმობა ან პასპორტი“, – აღნიშნა იოსელიანმა.მისივე თქმით, ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 061 საარჩევნო უბანი ემსახურება, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ხოლო 777 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.ამასთან, საარჩევნო პროცესს აკვირდება 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი დამკვირვებელი, 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედია ორგანიზაციის 1000-მდე წარმომადგენელი.ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს.ცესკოს პრესსპიკერმა ამომრჩეველს ინფორმაცია მიაწოდა ასევე კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.„აქვე, შეგახსენებთ კენჭისყრის პროცედურებს – იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება კი აკრძალულია“, – განაცხადა იოსელიანმა.ცესკოს პრესსპიკერმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.„არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

••• იტვირთება