პარლამენტი
პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლებისა და ბაღების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.ღონისძიებაში, რომელიც 36-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, მონაწილეობდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების დელეგატი გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.პარლამენტის წევრებმა მასწავლებლებს წარმატებული და მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიებაზე მასწავლებელთა ღვაწლის დაფასების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ განათლება ქვეყნის განვითარებისა და წარმატებული მომავლის საფუძველია, რის გამოც მასზე ზრუნვა და პედაგოგების მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება.ღონისძიებაზე დაჯილდოებულ მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცეს. ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მასწავლებლებს მომავალი თაობების აღზრდის პროცესში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, მასწავლებლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.„მასწავლებლებო, თქვენ მიერ გაღებული შრომა და სიყვარული თაობების სახით დარჩება ისტორიაში. თქვენი საქმე შეუფასებელი სიმდიდრეა, რომელიც ემსახურება განათლებული, პასუხისმგებლიანი, პატრიოტი და ძლიერი მოქალაქეების აღზრდას, რომლებიც თავიანთ ცოდნას ჩვენი სახელმწიფოს წინსვლასა და განვითარებას მოახმარენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.ღონისძიებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი საკანონმდებლო ორგანოში შერჩეულ სტაჟიორებს შეხვდნენ.ნინო წილოსანმა ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათგან წამოსული ინიციატივები საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.„მინდა მადლობა გადაგიხადოთ პარლამენტში სტაჟირების გავლის სურვილისთვის. თქვენ რეალურად გაქვთ კარგი შანსი, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი თავი დაიმკვიდროთ. პარლამენტი არის სივრცე, სადაც თქვენი თავის გამოხატვის მეტი თავისუფლება და ინიციატივების წარმოჩენის შესაძლებლობა გაქვთ. ეს არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ ეს არის სივრცე, სადაც თქვენი მოსაზრებები და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი აქ ყოფნა იყოს საინტერესო, მათ შორის, დატვირთული სხვადასხვა დისკუსიებით, შეხვედრებით, დეპუტატებთან ურთიერთობებით“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობასა და გამოცდილების მიღების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. „გილოცავთ, თქვენ ხართ რჩეულები იმ მრავალრიცხოვან მსურველთა შორის, ვინც პარლამენტში, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. თქვენ მნიშვნელოვან და საინტერესო სამ თვეს გაატარებთ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საშუალება გექნებათ ჩაერთოთ პარლამენტის აპარატის ყოველდღიურ საქმიანობაში, შეხვდეთ დეპუტატებს, დაესწროთ პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებს“, - აღნიშნა კახა ოქროჯანაშვილმა და სტაჟირების პროექტის მონაწილეებს წარმატებული საქმიანობა უსურვა. სტაჟირების პროექტის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სამთვიან, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში, თემაზე - „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მისასალმებელ სიტყვაში, კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებით პროცესების განვითარებას და გაძლიერებას საკანონმდებლო დონეზე.„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდობა გავაძლიეროთ იმ ღირებულებებით, რაზეც დგას აკადემიური სამყარო: შრომით და მუდმივი ცოდნისკენ სწრაფვით. დღევანდელი რეალობა, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი უპრეცედენტო ტემპით ვითარდება, გვავალდებულებს, ძირეულად გადავაფასოთ როგორც განათლების, ისე მეცნიერების როლი და ფუნქცია თანამედროვე საზოგადოებაში.ხელოვნური ინტელექტის ტალღამ მკვეთრად შეცვალა ცოდნის წარმოების, გავრცელებისა და მიღების გზები, რამაც ახალი მოთხოვნები დაუდო როგორც მეცნიერულ კვლევებს, ისე საგანმანათლებლო სტრუქტურებს.აღსანიშნავია, რომ ჩვენი ეპოქა გამოირჩევა იმ პროგრესით, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერება ჰქვია. სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც გარკვეულწილად გაამარტივებს სამუშაოს შესრულების პროცესსა და ხარისხს.დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მომავალზე ორიენტირებულ თემაზე - ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართა, კომიტეტის წევრები სსიპ-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს გაეცნენ.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა კომიტეტს სსიპ-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში - 500 Georgia, L.P. მონაწილეობასთან დაკავშირებული 2023 და 2024 წლების ანგარიშები გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, სააგენტო ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში 2022 წლიდან მონაწილეობს. ის, თავისი არსით, დახურული საინვესტიციო ფონდია. მისი თქმით, ფონდს კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული საქმიანობის ვადა აქვს, რომლის გასვლის შემდგომაც ის თვითლიკვიდირდება და ინვესტორებს შესაბამისი ამონაგები დაუბრუნდებათ. ფონდის საქმიანობის ვადა 10 წელია.რაც შეეხება ფონდის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2023 წელს ფონდმა 34 სტარტაპში 3.4 მილიონი, ხოლო 2024 წელს 18 სტარტაპში - 1.8 მილიონი დოლარი დახარჯა.მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ის კომპანიები და ორგანიზაციები გააცნო, რომლებშიც სტარტაპები დაფინანსდა. მან სარგებლის მიღების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, ამონაგები კომპანიების წილის გაყიდვით მე-5 წლიდან ფონდის თვითლიკვიდაციის ვადამდე განაწილდება.ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ სტარტაპების ინვესტირება მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ ეს სტარტაპები წარმატებული იქნება.სხდომაზე სსიპ-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სააგენტოს საქმიანობასა და წარმატებული სტარტაპების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სააგენტოს საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ის საქართველოში არსებული 9 სხვადასხვა ტექნოპარკის საშუალებით არაერთ პროგრამასა და პროექტს ახორციელებს, რომლითაც 100 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამები გათვლილია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერისთვის. მან თანადაფინანსების პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 299 თანადაფინანსებული პროგრამის შედეგად 4 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.პროგრამების ჯამური ინვესტიცია 46.5 მილიონი ლარია. კომიტეტის სხდომაზე, სააგენტოს საქმიანობის პრეზენტაციის პარალელურად, წარმატებული სტარტაპ პროგრამების მონაწილეებმაც ისაუბრეს და კომიტეტის წევრებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს.„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერა კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიგვაჩნია, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს ჩვენი ეკონომიკის გარდაქმნისა და საქართველოში მომავლის ეკონომიკის მოდელის ჩამოსაყალიბებლად. სხდომაზე კომიტეტის წევრები საინტერესო და წარმატებულ სტარტაპებს გავეცანით, რომლებიც სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრები კასპის პროფესიულ კოლეჯს ეწვივნენ. სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც 2020 წელს გაიხსნა, ამჟამად 150-მდე სტუდენტი 9 სხვადასხვა სპეციალობას ეუფლება. კომიტეტის წევრები როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების მეთოდებს გაეცნენ.„გასვლითი საკომიტეტო სხდომის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კასპის პროფესიული კოლეჯი დავათვალიერეთ. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები კოლეჯში რამდენიმე პროფესიას სწავლობენ და ამ მიმართულებით დაინტერესება გაზრდილია. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შესაბამისი პროფესიონალი სპეციალისტები სჭირდება და ამ კუთხით კასპის კოლეჯი დიდ როლს ასრულებს. კომიტეტის წევრები ადგილზე გავეცანით იმ გამოწვევებს, რომლებიც სასწავლებელს აქვს. ამ საკითხებს დარგობრივ სამინისტროებს გავაცნობთ და ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს პერიოდში კოლეჯი თავის საქმიანობას კიდევ უფრო წარმატებულად გააგრძელებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში, ფრაქციებსა და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და მისი თანდართული მასალების განხილვა დაიწყება.პროექტის თანახმად, 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები: რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ია; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი - 4%, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3%-ია; საშუალო ინფლაციის პროგნოზი წელს 3,6%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%); ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 110,5 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 10 900 დოლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 26,8 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 24,2%-ია; ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი - მშპ-ის 35%-ის ფარგლებშია. აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდი ლარია, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული განრიგის თანახმად, ბიუჯეტის პროექტს 7-13 ოქტომბერს განიხილავენ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ჩილეს რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩილეს სენატის წევრს, როხო ედვარდს შეხვდა.პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, განიხილეს საქართველოსა და ჩილეს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა და პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ნიკოლოზ სამხარაძემ სენატორს მადლობა გადაუხადა ჩილეს მხრიდან საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდაჭერისთვის.მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორ ქვეყანას საერთაშორისო პრობლემებზე, თითქმის ყველა საკითხთან მიმართებით, თანმხვედრი პოზიციები აქვს.
საქართველოს პარლამენტში სამდღიანი ვიზიტით განას პარლამენტის ადმინისტრაციის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანს საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმიანობისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე აპარატის სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის ფორმების გაცნობა წარმოადგენს.პარლამენტის აპარატის უფროს კახა ოქროჯანაშვილსა და აპარატის უფროსის მოადგილე დავით ნოზაძესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტის აპარატის ძირითად საქმიანობაზე ისაუბრეს.კახა ოქროჯანაშვილმა განას პარლამენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურა გააცნო.შეხვედრაზე სტუმრები იმ პროცედურებით დაინტერესდნენ, რომლებიც აპარატის რეფორმირების პროცესში სტრუქტურული ერთეულების ჩართულობასა და ცალკეული ინიციატივების აღსრულებას შეეხება. საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობამ განას პარლამენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ტექნოლოგიური და ციფრული მმართველობის ის ფორმები გააცნო, რომლებიც აპარატში ბოლო პერიოდში დაინერგა.შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალ ურთიერთობებზე შეთანხმდნენ.სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსსა და პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სკოლა „ახალი თაობის“ ახალი კამპუსების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.მარიამ ლაშხმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი კამპუსების გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.„პირველი რიგში, მინდა მოგილოცოთ ასეთ არაჩვეულებრივ გარემოში სწავლის დაწყება. ზოგადად, ბავშვები სკოლაში არამარტო განათლებას, არამედ იმ ძირითად უნარ-ჩვევებსაც იძენენ, რაც შემდგომ მათ თავისუფალ მოქალაქედ ფორმირებაში ეხმარებათ და სასიხარულოა, რომ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას ასეთი საგანმანათლებლო სივრცე შეემატა, სადაც ჩვენი შვილების მომავალზე იზრუნებენ.საქართველოს პარლამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სახელით მინდა ჩვენი მზადყოფნა დაგიდასტუროთ, რომ საკანონმდებლო კუთხით, თქვენი უკეთესი მომავლისთვის და განათლებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.„ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფებით და მჯერა, რომ დღევანდელი დღე თითოეული თქვენგანისთვის დასამახსოვრებელი იქნება. სკოლის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ახალი სასწავლო წელი ამ სივრცეში დაიწყოს. განათლების მიმართულებით არაერთი რეფორმა განხორციელდა. გასულ წელს, პარლამენტმა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი მიიღო, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა დაეფუძნა. გეგმა, რომლითაც თითოეული მოსწავლის აღზრდა და სწავლება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში უნდა ხორციელდებოდეს. კიდევ ბევრი რეფორმაა დაგეგმილი იმისთვის, რომ ყველა აუცილებელი სტანდარტი საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო დახვეწილი იყოს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.მარიამ ლაშხმა და გიორგი ჩაკვეტაძემ სკოლის კამპუსების საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, რობოტექნიკის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები და მოედნები დაათვალიერეს.ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვასოხუმის დაცემის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს მასშტაბით.აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ, მისი თავმჯდომარის,ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, სლოვაკეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა.დელეგაციის წევრები სლოვაკეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე რიხარდ გლუკს, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე პაულაპუშკაროვასდა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხალსტუშკასშეხვდნენ.სლოვაკეთის პარლამენტში გამართული შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემები უსაფრთხოების საკითხები, შიდა პოლიტიკური პროცესები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები იყო.სლოვაკეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომისგან მომდინარე საფრთხეები და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველოსა და სლოვაკეთში რეგიონში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების გამო არსებობს.სლოვაკეთის პარლამენტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ორივე ქვეყანაში არსებულ განათლების პრობლემატიკასა და სასკოლო რეფორმაზე ისაუბრეს, რომელსაც სლოვაკეთი ახორციელებს და მის დადებით შედეგებზე. ქართული დელეგაციის წევრებმა კოლეგებს საქართველოში განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ხედვა გაუზიარეს.ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, სადაც საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოსთან მიმართებით ევროპული ინსტიტუტების მხრიდან არსებულ უსამართლო მიდგომაზე ისაუბრეს.სლოვაკეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, სხვა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და სექტორული თანამშრომლობის მიმართ მხარდაჭერა.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.