ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7201 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7238 ლარი იყო.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1714 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1967 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0652 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 7 ოქტომბერს შევა ძალაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლამმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბათუმი-სარფის გზის, დაახლოებით, 11 კილომეტრიანი, ძირითადად, ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მლნ ევროა. პროექტის ფარგლებში, ავტომაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზის ხაზიდან დაიწყება და თურქეთთან სარფის სასაზღვრო გადასასვლელთან ახლოს მდებარედ გაგრძელდება.ძირითადი საინჟინრო მახასიათებლები მოიცავს 7.6 კილომეტრიან ორმხრივ გვირაბსა და 1.47 კილომეტრიან ხიდს ჭოროხის მდინარეზე, რომელიც ტრანსევროპული მაგისტრალის სტანდარტების შესაბამისად აშენდება.სტრატეგიულად, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონულ ინტეგრაციასა და ვაჭრობას, ასევე, საგრძნობლად შემცირდება მგზავრობის დრო და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ნორმები.ხელმოწერის ცერემონიამდე აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და ზოგადად, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, ლაშა ხუციშვილმა და რევაზ სოხაძემ და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.მინისტრებმა აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს მადლობა გადაუხადეს ADB-ის მიერ გაწეული მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული და ევროპული საინვესტიციო კომპანიებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვდა.საინვესტიციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Amundi, Helikon Investments, Yiheng Capital, T. Rowe Price, LMDV Capital, Schroder Investment Management UK, Citi და სხვა.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უცხოელ ინვესტორებს მადლობა გადაუხადა ქართული საფინანსო ბაზრის მიმართ მაღალი ინტერესისა და ნდობისთვის.შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას.როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა მდგრადია, ჯანსაღია საფინანსო სექტორის ინდიკატორები, მაღალია ეკონომიკური ზრდა, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად კი წლების განმავლობაში ფასების სტაბილურობა ნარჩუნდება.შეხვედრაზე სტუმრებს სების სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მაკროეკონომიკური პარამეტრების, საბანკო და საფინანსო სექტორის მდგომარეობის და კაპიტალის ბაზრის შესახებ.აღსანიშნავია, რომ გლობალურ ინვესტიციებზე ორიენტირებული ამერიკული და ევროპული საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები უკვე ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში და თავის მხრივ მომავალშიც დაინტერესებული არიან ქართულ საფინანსო სექტორში დამატებითი ინვესტირებით.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7238 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7263 ლარი იყო.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1967 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.2034 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0653 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 4 ოქტომბერს შევა ძალაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართა.მინისტრის მოადგილემ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელ ავთანდილ კასრაძესთან ერთად, პარლამენტარებს ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები გააცნო.როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მთავრობის მიზანია, საქართველო პოზიციონირდეს ინოვაციების შექმნისა და ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, ინვესტორებმა და სტარტაპებმა ერთობლივად იმუშაონ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად.„ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში სტარტაპის სტატუსის შესახებ, რომელთანაც, ჯამში, 10 წლიანი საგადასახადო შეღავათია დაკავშირებული. ეს ნორმა დღეს უკვე მოქმედებს. ასევე შემოვიტანეთ ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს ცნება, კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების სტატუსი და სხვა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჩვენ ქვეყანაში შემოვიყვანეთ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი, რომლებიც სრულად მოემსახურებიან სტარტაპ-ეკოსისტემას და იზრუნებენ სტარტაპების განვითარებაზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, ფინანსებსა და ინვესტიციებზე წვდომის მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.საკომიტეტო მოსმენაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებით.„დღეისათვის ფონდმა უკვე უზრუნველყო 59 სტარტაპის დაფინანსება, საერთო 5.9 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. მსგავსი სტრატეგიული ფინანსური მექანიზმები არა მხოლოდ კაპიტალს აწვდიან, არამედ უშუალოდ გარდაქმნიან ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემას და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მაღალტექნოლოგიური და წარმატებული კომპანიების ახალი თაობის შექმნაში. დღევანდელი სტრატეგიული მიზანია საქართველოში ახალი საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის ფონდების მოზიდვა და ქართული ვენჩურული ეკოსისტემის გაფართოების მხარდაჭერა და ხელშეწყობა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.მინისტრის მოადგილემ პარლამენტარებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციური ცენტრი იქნება და მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ტექნოლოგიურ პარკს, ხელოვნური ინტელექტის ცენტრს, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს, საერთაშორისო IT კომპანიებისთვის გამოყოფილ საოფისე სივრცეებსა და სხვა.საკომიტეტო სხდომაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ წარადგინა უწყების საქმიანობის ანგარიში 2024 წლისთვის. სხდომაზე საკუთარი პროექტების შესახებ პრეზენტაციები სტარტაპების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის, ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია და სხვ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სექტორში პოზიტიურ დინამიკას.საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს, ხაზი გაესვა ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ამაღლებისკენ მიმართულ ქმედებებს. ყურადღება გამახვილდა ევროპის ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების მიზნით საქართველოზე გამავალი სატრანზიტო პროექტების შემდგომ განვითარებაზე.შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ „ბრიტანეთის ავიახაზები“ და „იზიჯეტი“ წარმატებით ოპერირებენ საქართველოს ავიაბაზარზე.შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მკაცრად იცავს საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სათანადო ნორმებს და მიმართავს პრევენციულ ზომებს მესამე პირების მიერ სანქციებისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნით როგორც საბაჟო, ისე საზღვაო მიმართულებით.შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე.
„GITA-ს პლატფორმა უზრუნველყოფს ინოვაციების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, თანამედროვე ტექნოლოგიები და ფინტექი“, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა. „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park (GITA) მხარდაჭერა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის პრიორიტეტია. GITA-ს პლატფორმა უზრუნველყოფს ინოვაციების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, თანამედროვე ტექნოლოგიები და ფინტექი“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
„1995 წელს როდესაც მივხვდით, რომ ეკონომიკამ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ზრდა დაიწყო და რაც მთავარია, ფულის მასას ვმართავდით, უკვე მზად ვიყავით ქართული ლარის მიმოქცევაში გასაშვებად. როგორ კარგადაც არ უნდა გვემართა კუპონი, ის ვერ გახდებოდა მოსახლეობისთვის აბსოლუტურად სანდო ფული, რადგან ტკივილი სულ რჩება“, - აღნიშნა 1993-1998 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.მიუხედავად იმისა რომ 1995 წელს კუპონი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და მისი მართვა შესაძლებელი იყო, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, კუპონი სრულყოფილი ფული ვერასოდეს გახდებოდა, რადგან ის იყო ფულის სუროგატი და არა ნამდვილი ფული. „ხალხი ხევდა კუპონებს და ქარი აფრიალებდა ქუჩაში, ერთ ღამეში ისე შეიძლება ისე გაუფასურებულიყო რომ დილით ერთი ასანთიც კი ვერ გეყიდა“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.მან ეკონომისტთა სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსვლისას ფულის რეფორმის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა რომ ეროვნული ვალუტა ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების იდენტობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. მისი ინფორმაციით „მაშინ ჯერ კიდევ ავტომატიანი ხალხი დარბოდა ქუჩაში, მიუხედავად ამისა, ფულის დიდი მასის გამოცვლის პროცესში ერთი ექსცესიც კი არ მომხდარა“.შეგახსენებთ, რომ ლარის პირველ ბანკნოტებზე ფინანსთა მინისტრ დავით იაკობიძესთან ერთად სწორედ ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის ხელმოწერაა დაფიქსირებული.
„30 წელია ლარი არის ერთადერთი საგადამხდელო საშუალება საქართველოში,“ - ამის შესახებ აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.1993-2 000 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას შეფასებით, ფულის რეფორმის მსგავსი რეფორმა - რთული, წარმატებული და მასშტაბური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სხვა არ ჩატარებულა. რეალურად ფულის რეფორმის და ეროვნული ვალუტის შემოღების ეკონომიკურ საფუძვლებზე მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო, ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო. სწორედ ამ ეკონომიკურმა გუნდმა მოამზადა ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის შემოღების ეკონომიკური საფუძვლები.„როდესაც დადგა ნამდვილი ეროვნული ვალუტის შემოღების საკითხი, ეს იყო რთული და იყო კომპლექსური ამოცანა. აქ პრინციპული იყო ლარი შემოღებულიყო ისე, რომ მას ჩაენაცვლებინა არა მხოლოდ კუპონი, არამედ მიმოქცევიდან განედევნა რუსული რუბლი, რომელიც ყველაზე მეტად იყო გავრცელებული,“ - განაცხადა მან.პაპავას თქმით, ეროვნულმა ვალუტამ ლარმა გაუძლო ყველა შემოტევას, როგორც გარე შოკებს, ასევე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ელიტის ცდუნებას ცენტრალურ ბაკზე დაემყარებინა კონტროლი და შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7263 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7258 ლარი იყო.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2034 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1968 ლარს შეადგენს.თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0655 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 ოქტომბერს შევა ძალაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგა.აღსანიშნავია, რომ სების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა SWIFT-ის საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში სების პრეზიდენტი გამოდის. ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას ფინანსური სერვისების სფეროში ინოვაციების დანერგვის კუთხით საქართველოს გამოცდილებასა და ხედვებზე ისაუბრა.სების პრეზიდენტმა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება შუა დერეფნის გასწვრივ, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას, რაც შედეგად ქვეყანას ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და ლოგისტიკის ბუნებრივ ხიდად აქცევს.„რეგიონის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები იზიარებენ ერთსა და იმავე მიდგომას, რომ რეგიონული ინტეგრაცია გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. გვჯერა, რომ შუა დერეფანში მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობით ფინანსური მომსახურების განვითარება შეიძლება იყოს გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ფრაგმენტაციის საპირწონე პროცესი იყოს“, - აღნიშნა მან.ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და რეგიონულ ფინანსური ინტეგრაციის ინიციატივებს გაუსვა ხაზი, რომლებიც მიზნად ისახავს ფინანსური მომსახურების ინფრასტრუქტურის, მათ შორის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. გარდა ამისა სებს ოფიციალური განაცხადი აქვს გაკეთებული საქართველოს ერთიან ევროგადახდების სივრცეში (SEPA) წევრობაზე.„SEPA-ში წევრობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან სარგებელს მოიტანს, რადგან ის ევროკავშირთან გადახდის უფრო ეფექტურ სისტემებს უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი სავაჭრო კავშირებისა და ორივე მიმართულებით ტრანზაქციების მოცულობის ზრდის გათვალისწინებით. რადგან შუა დერეფანი ვაჭრობასა და ტრანსპორტში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, საქართველოს SEPA-ში ჩართვა გაზრდის რეგიონულ ფინანსურ კავშირებს. ეს საქართველოს შუა დერეფნის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საზღვრისპირა ტრანზაქციების კარიბჭედ წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“ - განაცხადა მან.ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა გლობალური სავაჭრო და ფინანსური ნაკადების ფრაგმენტაციაზე, რაც საფრთხეს უქმნის ზრდას, ფინანსურ დაკავშირებადობას და გლობალურ ეკონომიკას ახალ გაურკვევლობას მატებს. სების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს და მის პარტნიორებს შეუძლიათ რეგიონალური გამოწვევები საერთო შესაძლებლობებად აქციონ ინოვაციური, უსაფრთხო და ინკლუზიური ფინანსური ეკოსისტემების შექმნით.„ეს ძალისხმევა არა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი რეგიონის უნარს, გაუძლოს გარე შოკებს, არამედ ხელს შეუწყობს გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას,“- განაცხადა ნათია თურნავამ.SIBOS-ის ყოველწლიური მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, SWIFT-ის მიერ არის ორგანიზებული და აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, კონფერენციაზე სების ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ხაზარაძესთან და საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროს ნატალია ჭყოიძესთან ერთად იმყოფება.
დღეს 2 ოქტომბერია, ზუსტად 30 წლის წინ, 1995 წლის ამ დღეს ლარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. გასული სამი ათეული წელი სავსე იყო მიღწევებით და გამოწვევებით. ამ პერიოდში ლარმა თავისი მთავარი ფუნქცია შეასრულა - ყოფილიყო სანდო და სტაბილური ვალუტა ეკონომიკური ურთიერთობებისა და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ლარი თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოა. იგი ღირსეულად აგრძელებს ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას, რომელიც კოლხური თეთრით დაიწყო და საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციისა და მდიდარი ეკონომიკური წარსულის ნათელი დადასტურებაა. ქართული ფულის სახელწოდებაც ჩვენი ისტორიიდან მოდის - „ლარი“ - ქონების, განძის, სიმდიდრის გამომხატველი სიტყვაა.ლარის შემოღება იყო საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა ქვეყნის განვითარების ისტორიაში. ლარი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. ამასთან, იგი დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ქვაკუთხედია. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალდაკვალ, დასაბამი მიეცა ქვეყანაში დამოუკიდებელ ფულად და საკრედიტო სისტემას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ამავე წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები - „ეროვნული ბანკის შესახებ“, „ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ“ და „ბანკების და საბანკო საქმიანობის შესახებ“. სწორედ ამ პერიოდიდან ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქართული ვალუტის დიზაინის, სახელწოდებისა და ტექნიკური პარამეტრების შესაქმნელად. ამ პროცესში არ შეიძლება მადლიერებით არ აღვნიშნოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა და დახმარება. სსფ დღემდე რჩება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად.ლარმა უპირველესად, სტაბილურობა მოგვიტანა. მეორე მხრივ, განამტკიცა ჩვენი სუვერენიტეტი. შემდგომ ის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მონაპოვარი. ახლა დროა, ახალი თავი დაიწეროს ჩვენს ისტორიაში და ეს დამოკიდებული იქნება იმ ქმედებებზე, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. დამოკიდებული იქნება ქართველი ხალხის ნდობაზე. მიხარია, რომ ეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც უდავოდ დიდ როლს ასრულებს ლარიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკა, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და საზედამხედველო მიდგომები, რომელთაც ეროვნული ბანკი ატარებს. ხელშესახები შედეგიც სახეზეა - თუ ათწლეულების წინ დეპოზიტების 70%-80% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, დღეს დეპოზიტების თითქმის ნახევარი ლარშია (50%), ჩვენი ქვეყნის რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაცია კი კიდევ უფრო მეტად - 57%-მდეა გაზრდილი.აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წელი ეროვნულმა ბანკმა არაერთი ღონისძიებით და აქტივობით აღნიშნა - ვუმასპინძლეთ მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს, განვაახლეთ სამეცნიერო - ანალიტიკური ჟურნალის გამოცემა, მოიჭრა 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ - ნიკელის საკოლექციო მონეტები და გამოვუშვით 50 ლარის ნომინალის საიუბილეო ბანკნოტი.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ინიციატივით საქართველოს ფოსტამ გამოუშვა თემატური საფოსტო მარკა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. წელს ეკონომისტის დღე საქართველოში ტრადიციულად კონფერენციით აღნიშნა, რომელიც ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ლარის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, წლის ბოლომდე სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით.კიდევ ერთხელ ვულოცავ ლარის 30 წლის იუბილეს ყველას, ვინც ჩართული იყო ფულის რეფორმის განხორციელების პროცესში. მათ, ვინც მოამზადა ქართული ლარის შემოღების ეკონომიკური საფუძვლები და მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.