მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ავტორიტეტულია, თუმცა აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის“ - გოგინავა Washington Post-ის მიერ გავრცელებულ კვლევაზე

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
1631881249
COVID-19

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან კოვიდგადატანილი ადამიანების ძლიერი იმუნიტეტის გამომუშავებასთან დაკავშირებით washington post-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, კვლევა ავტორიტეტულია, თუმცა არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, კოვიდ 19-ის გადატანის შემთხვევაში იმუნიტეტი რჩება, თუმცა არავინ იცის რამდენად მყარია ის.

ექიმი ამბობს, რომ ვირუსის გადატანის და ვაქცინაციის შემდგომ, დამცველობითი ფუნქცია ძალიან მაღალია.

„ეს არის ისეთი კვლევა, რომელიც 100%-ით არ არის დადასტურებული. ამის შესახებ კვლევები დიდი ხანია ტარდება და არის ინფორმაცია, რომ კოვიდის გადატანის შემთხვევაში იმუნიტეტი რჩება. თუმცა, რამდენად მყარია ეს იმუნიტეტი, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. უბრალოდ ეს კვლევა აჩენს ერთ რამეს, რომ მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანს, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ადამიანმა გადაიტანოს დაავადება და შემდეგ სასურველია ვაქცინაცია. ამ შემთხვევაში დამცველობითი ფუნქცია უფრო მაღალია.

ადამიანებში, რომლებმაც გადაიტანეს ვირუსი და შემდგომ აიცრნენ, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რეინფიცირების ანუ ხელახალი დაავადების რისკები ძალიან დაბალია.

რაც შეეხება მხოლოდ ვირუსის გადატანის შემთხვევაში თუ რა ხანგრძლივობით იცავს იმუნიტეტი, ამაზე საბოლოო შედეგები სამწუხაროდ ჯერ არ არის. პლუს ამას გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა შტამები მოდის და შეიძლება ერთი შტამის გადატანის შემთხვევაში, მეორისგან არ დაგიცვას.

ამიტომ, ჩემი აზრით იდეალური ვარიანტია თუ ადამიანს ვირუსი დაემართა, გამოჯანმრთელების შემდეგ ჩაიტაროს ვაქცინაცია იმისთვის, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს. ამიტომ, ვამბობ, გადატანის შემდეგ ადამიანი 100%-ით დაცული არ არის, რა თქმა უნდა, არც ვაქცინაციის შემდეგ, მაგრამ თუ გადატანის შემდეგ ვაქცინაციას ჩაიტარებთ, ამ შემთხვევაში რისკები კიდევ უფრო მცირდება.

მხოლოდ იმის იმედზე, რომ ადამიანმა ვირუსი გადაიტანა და მას მყარი იმუნიტეტი გამოუმუშავდა, ამის იმედად არ უნდა ვიყოთ. საკმაოდ ავტორიტეტული კვლევაა, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის“, - აცხადებს ინფექციონისტი.

ინფორმაციისთვის, washington post-ის სტატიის თანახმად, ორიოდე კვირის წინ, ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აცრილი ადამიანების რეინფიცირების მაჩვენებელთან შედარებით კოვიდგადატანილი ადამიანების რეინფიცირების ალბათობა 27-ჯერ ნაკლებია.

ამავე თემაზე:

🔴 აქვს თუ არა აზრი კოვიდგადატანილი ადამიანების აცრას? - Washingtonpost

🔴 „წლამდე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებით სახიფათოა დელტა შტამი“ - მაია ჩხაიძე