მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქორწილებისგან და ტაშ-ფანდურისგან თავი უნდა შევიკავოთ, ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა და მას ალტერნატივა არ აქვს“ - ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
1629378118
COVID-19

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ლევან გოფოძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და იმუნიზაციის პროცესზე საუბრობს.

გოფოძის თქმით, ჰოსპიტალური სექტორი იმდენად არის დატვირთული, რომ თუ ამ ტემპით გაგრძელდა, ვეღარ გაუძლებს. ექიმი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზნით დაიწყო ე.წ. საველე ჰოსპიტლების მობილიზება.

ამასთან, ლევან გოფოძის განცხადებით, დღეს ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.

„ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ამის ფონზე კი ჰოსპიტალური სექტორი ძალიან დატვირთულია. ამ ტემპით თუ გაგრძელდა, ჰოსპიტალურ სექტორს ძალიან გაუჭირდება.

საველე ჰოსპიტლების მობილიზებაც დაიწყო, იმიტომ რომ ასეთ დატვირთვას დიდი ქვეყნების ჰოსპიტალურმა სექტორმაც ვერ გაუძლო და რა გასაკვირია, რომ ჩვენმა ვერ გაუძლოს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადგილია მობილიზებული.

რაც შეეხება რეგულაციებს, მგონია, რომ მხოლოდ რეგულაციების გამოცხადება საქმეს არ შველის. რეგულაციების აღსრულება უნდა მოხდეს. პირველ რიგში, მოქალაქეების მხრიდან უნდა მოხდეს. რამდენს სთხოვენ, რომ ნიღაბი ატარონ, დისტანცია დაიცვან, ქორწილი და ტაშ-ფანდური არ გამართონ. ცოტა ხანი თავი უნდა შევიკავოთ ამისგან, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია“, - აღნიშნა გოფოძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგულაციების შემოღება, არამედ თითოეული მოქალაქის მხრიდან პირადი პასუხისმგებლობის შეგრძნება.

„ლოკდაუნი ყველამ გავიარეთ და საშინელებაა, ვიცით რასაც ნიშნავს, მაგრამ რაღაცნაირად ხომ უნდა შევაჩეროთ ვირუსი? ვერ შევაჩერებთ თუ პირადი პასუხისმგებლობა არ გვექნება. მთავარი წესების შემოღება კი არა, მისი აღსრულებაა საჭირო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს თუ რა ხდება და რაც ყველაზე მთავარია, უნდა ავიცრათ, ამას ალტერნატივა არ აქვს. არანაირი სხვა საშუალება კაცობრიობას არ აქვს. ერთადერთი გზა გვრჩება და ყველა უნდა ავიცრათ.

ჯანმოს მხრიდან 100%-იანი რეკომენდაცია ბუსტერთან დაკავშირებით ჯერ არ გვაქვს, თუმცა რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა და ალბათ, ბუსტერის დოზების გაკეთებას დაიწყებს. რა თქმა უნდა, თუ ეს ეფექტური იქნება, ბუსტერ დოზებს უნდა დავთანხმდეთ, იმიტომ რომ სხვა შანსი ეპიდემიის გაჩერების არ გვაქვს.

სტატისტიკას ვერ გავექცევით, ფაქტია, რომ ვინც ორჯერ აიცრა, გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა იცავს ყველა ვარიანტში მძიმე ფორმების განვითარებისგან. მართალია, დელტა შტამის მიმართ ისე მგრძნობიარე არ არის, როგორც სხვა დანარჩენ შტამებზე, მაგრამ სასიკვდილო გართულებებისგან გვიცავს და ეს უკვე წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. ვირუსი ძალიან გაახალგაზრდავდა და ახალგაზრდებშიც ძალიან მძიმე ფორმით მიმდინარეობს“, - აცხადებს ლევან გოფოძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „სამედიცინო პერსონალს დღეს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა აქვს“ - დევი ტაბიძე

👉 „საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა“ - თამარ გაბუნია

👉 4921 ინფიცირება, 4471 გამოჯანმრთელება, 58 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

👉 შეიძლება თუ არა აცრის წინ და აცრის შემდეგ ბანაობა? - კულუმბეგოვი ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტუალურ კითხვებს პასუხობს