მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს 12 წელზე უფროსი მოზარდების ვაქცინაცია და რამდენად მოთხოვნადია მოსახლეობაში?

მოზარდების ვაქცინაცია ევროპის ქვეყნებში
1630747863
COVID-19

ევროკავშირში თავდაპირველად ვაქცინაცია მოხუც და რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს უტარდებოდა. შემდეგ დაიწყო ზრდასრული ადამიანების ვაქცინაცია. ბოლო ინფორმაციით, ამჟამად ორგანიზაციის ტერიტორიაზე სრულწლოვანი ადამიანების 75,6% არის ვაქცინირებული. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

შემდეგ ეტაპზე იგეგმება 12 წელზე უფროსი მოზარდების ვაქცინაცია. ევროპის წამლების სააგენტომ 12-15 წლის მოზარდებისთვის ფაიზერის ვაქცინის გამოყენების ნებართვა მიმდინარე წლის მაისში გასცა. მას წინ უძღოდა კვლევები, რომელშიც 2259 მოზარდი მონაწილეობდა.

ერთი თვის შემდეგ 12-15 წლის ასაკის ჯგუფისთვის EMA-მ მოდერნას ვაქცინაც დაარეგისტრირა. ვაქცინის ეფექტიანობის კვლევებში 3732 მოზარდი მონაწილეობდა.

ექსპერიმენტში მონაწილე რამდენიმე მოზარდს გვერდითი მოვლენა დაუფიქსირდა. ამის მიუხედავად, ევროპის წამლების სააგენტოს დასკვნის მიხედვით, ვაქცინის გარეშე ადამიანის ორგანიზმს ბევრად უფრო მაღალი საფრთხე ემუქრება, ვიდრე ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი საფრთხეა.

მიუხედავად იმისა, რომ წამლების პრეპარატების ევროპულმა რეგულატორმა მოზარდების ვაქცინაციის შესახებ დადებითი დასკვნა გამოიტანა, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა 12 წელზე უფროსი ადამიანების აცრას არ ჩქარობს.

აი, ასე მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში:

გაერთიანებული სამეფო

დიდ ბრიტანეთის ზოგიერთ რაიონში 18 წელზე ახალგაზრდა ადამიანების ვაქცინაცია ჯერ მხოლოდ იწყება. 16-17 წლის მოზარდებს ინგლისში ვაქცინა 23 აგვისტოდან შესთავაზეს. რაც შეეხება 12-15 წლის მოზარდებს, მათი აცრა ჯერ არ დაწყებულა.

ჩრდილოეთ ირლანდიაში 16-17 წლის ახალგაზრდების ვაქცინაცია რამდენიმე კვირაში დაიწყება. რაც შეეხება 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფს, მათი ვაქცინაცია ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის, რადგანაც დამატებითი კვლევების ჩატარება იგეგმება.

იტალია

იტალიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოზარდის ვაქცინაცია იქამდე, ვიდრე სკოლებში სწავლა დაიწყება. ამჟამად მოზარდების 49,86%-ს ვაქცინის ერთი დოზა აქვთ მიღებული, ხოლო 28,39% სრულად არის ვაქცინირებული.

12-18 წლის მოზარდებს ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. იტალიაში ფაიზერის ვაქცინა 12-15 წლის მოზარდებისთვის მაისის დასაწყისში იყო რეგისტრირებული, ხოლო მოდერნას რეგისტრაცია 12-17 წლის ადამიანებისთვის აგვისტოში მოხდა.

გერმანია

გერმანიაში თავდაპირველად ვაქცინაცია მხოლოდ რისკჯგუფში შემავალ მოზარდებს უტარდებოდა. დელტა შტამის გავრცელების შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება 12 წელზე უფროსი მოზარდების ვაქცინაციის შესახებ.

გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ში ვაქცინირებულ მოზარდებზე დაკვირვების მიხედვით მიიღო. შეერთებულ შტატებში 10 მლნ მოზარდი იყო ვაქცინირებული. რაც შეეხება ახალგაზრდებში მიოკარდიტის, ანუ გულის კუნთის ანთების რისკს, ამ გართულების შემდეგ ყველა მოზარდი ძალზე მარტივად გამოჯანმრთელდა. მარეგულირებელი ორგანო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევაში გულისთვის ბევრად უფრო დიდი საფრთხე არსებობს.

ირლანდია

ირლანდიაში უფროსი ასაკის ადამიანების ვაქცინაციის საკმაოდ მაღალი დონეა. 90%-მა ერთი დოზა მიიღო, ხოლო 84% სრულად არის ვაქცინირებული. რაც შეეხება 12-15 წლის მოზარდებს, მათი ვაქცინაცია 11 აგვისტოს დაიწყო. ამ ასაკობრივ კატეგორიაში 248 ათასი მოზარდი შედის. ამჟამად 30 ათასი ერთი დოზით არის აცრილი.

პოლონეთი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლონეთში 18,5 მლნ ადამიანი სრულად არის ვაქცინირებული, რაც მოსახლეობის ნახევარია. 12 წელზე უფროს მოზარდებს ვაქცინაცია ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებით შეუძლიათ. 12-17 მოზარდებში 577 562 სრულად არის ვაქცინირებული.

საფრანგეთი

საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც 12 წელზე უფროსი მოზარდების ვაქცინაცია, ჯერ კიდევ 15 ივნისს დაიწყო. Santé Publique France-ის ინფორმაციით, 12-17 წლის მოზარდების 56%-მა ვაქცინის ერთი დოზა მიიღო, ხოლო 32,4% სრულად არის ვაქცინირებული.

სექტემბრის ბოლოდან 18 წელზე უფროს პირებს სპეციალური ჯანმრთელობის საშვი ექნებათ. ამ საშვით შესაძლებელი იქნება კინოთეატრებში და რესტორნებში შესვლა.

ესპანეთი

ესპანეთში 12-19 წლის მოზარდების 55,4% ერთი დოზით არის ვაქცინირებული. გადაწყვეტილებას 18 წელზე ახალგაზრდების ვაქცინაციის შესახებ ესპანეთში რეგიონული ხელისუფლება დამოუკიდებლად იღებს.

დანია

დანიაში 12-15 წლის ადამიანების ვაქცინაცია ივნისში დაიწყო. 58,2%-მა ერთი დოზა მიიღო, ხოლო 43,6% სრულად არის ვაქცინირებული. ამჟამად 10-19 წლის ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის საკითხი განიხილება.

შვეიცარია

შვეიცარიამ 12 წელზე უფროსი მოზარდების ვაქცინაცია ივნისში დაუშვა. ამ ასაკობრივი კატეგორიის 150 000 ადამიანი ერთი დოზით არის ვაქცინირებული. ვაქცინაცია ფაიზერის ვაქცინით მიმდინარეობს.

შვედეთი

შვედეთში 16-18 წლის მოზარდების აცრა აგვისტოში დაიწყო. ქვეყნის 21 რეგიონში ვაქცინაცია სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. რაც შეეხება 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიას, აქ ვაქცინაცია მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პირებს ან ასეთ ადამიანებთან კონტაქტში მყოფ მოზარდებს უტარდებათ.