მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა მოვემზადოთ მეოთხე დოზისთვის“ - ისრაელში ვაქცინაციის შესაძლო მეოთხე დოზას განიხილავენ

ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას იკეთებს Pia.ge
1631125683
COVID-19

1-ლი აგვისტოს მდგომარეობით, ისრაელი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ვაქცინის მესამე დოზა ოფიციალურად დაამტკიცა. მომდევნო დოზებზე საუბარიც უკვე მიმდინარეობს.

კორონავირუსის მზარდი შემთხვევების გამო ისრაელმა 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებისკენ ივლისის ბოლოს მოუწოდა. ასაკობრივი ზღვარი კი თანდათანობით დასწია და საბოლოოდ, მესამე დოზით ვაქცინირების მოწოდება 12 წლიდან ზემოთ ასაკის ადამიანებში გავრცელდა. მესამე დოზა მოქალაქეებს მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე 5 თვის გასვლის შემდეგ უკეთდებათ. ისრაელის 2,5 მილიონზე მეტი მოქალაქე მესამე დოზით უკვე ვაქცინირებულია.

თუმცა, მესამე დოზით ვაქცინაცია არ ნიშნავს ამ პროცესის დასასრულს. ექიმი სალმან ზარკა, რომელსაც „ვირუსის მეფეს“ უწოდებენ, მოქალაქეებს მოუწოდებს მეოთხე დოზით ვაქცინაციისთვის მოემზადონ:

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვირუსი აქაა და აქ რჩება, უნდა მოვემზადოთ მეოთხე ინექციისთვის“, - აღნიშნა ექიმმა, თუმცა მეოთხე დოზით ვაქცინაციის ზუსტი დრო არ დაუსახელებია.

ამასთან, კორონავირუსის ახალი ვარიანტებისგან დასაცავად შესაძლებელია ბუსტერული დოზების მოდიფიცირება. ზარკა მიიჩნევს, რომ 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში ვაქცინაციის დოზები სპეციალურად ადაპტირდება სხვადასხვა შტამების მიმართ.

ექიმი ვაქცინაციის ეფექტიანობის შემცირების შემთხვევაში ინექციის რამდენიმე თვეში ერთხელ გამეორებასაც არ გამორიცხავს.

„ეს შესაძლოა საჭირო გახდეს წელიწადში ან 5-6 თვეში ერთხელ. ეს არის ჩვენი ცხოვრება ტალღებში“, - დასძენს სალმან ზარკა.

ე.წ. „მწვანე ბარათს“ (კოვიდპასპორტი) - დოკუმენტს, რომელიც ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ ადამიანებს კონკრეტულ ადგილებში წვდომის შესაძლებლობას აძლევს, ბოლო დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ ვადა ეწურება. ამგვარად, პირველი დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ, მეორე დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ და, აგრეთვე, მესამე დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვაქცინაციის მეოთხე რაუნდი.