მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წელი მიესაჯა

საქართველოს გენერალური პროკურატურა

„ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ნ.ბ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.ბ.-მ 2020 წლის 1-ელ თებერვალს, ბოლნისის რაიონის სოფელ სამწევრისში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობელს ფ.ა.-ს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.