მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ ბათუმში იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა

საპატრულო პოლიციის მანქანა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „კოვიდ-19“-ისგავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.  ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, კოვიდინფიცირებული მოქალაქე - 1975 წელს დაბადებული ტ.ტ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად დატოვა იზოლაციის ადგილი“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული ტ.ტ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა.

პოლიციამ კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, იგი ბათუმში, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.