მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად წასულა“ - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

„შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს.

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა. აქ არის და როგორც არასოდეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე ხელი არ შეუშალოს.

ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის რაც იყო და არის, სტაბილურობისა და დემოკრატიულობის კუნძული ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს როგორც საქართველოს სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტ კრიზისულ გეგმაზე ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, საუბრისას შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოს ისე როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი.

სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ურთიერთობა მყარი და მუდმივია.

„ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდები, რაც ევროკავშირიდან მოდის.

ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე უნდა მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ხელშია. ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი. ყველა მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა ის შეასრულოს და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტი ჩვენი ურთიერთობა არის მყარი და მუდმივი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს უმასპინძლა. შეხვედრა მხარეებს შორის ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. ის თბილისს 2 მარტს დატოვებს.