„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით დროა ოპოზიციური პარტიების პროტესტი სამოქალაქო პროტესტს შეუერთდეს.
„რაღაც მომენტში დგება აუცილებლობა, ღიად პარტიული პროტესტს დაწყებისა და მე პირადად, ვთვლი, რომ უკვე მომწიფებულია დრო, რომ ამ ფაზაზე გადავიდეთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, პოლიტპატიმრების თემაზე პოლიტიკური სპექტრი საერთაშორისო ასპარეზზე ახალ ფრონტს გახსნის და პარტნიორ ქვეყნებთან პოლიტიკური დევნის საკითხზე ახალი ენერგიით იმუშავებს.
„გიორგი რურუას გათავისუფლება დიდი თამაშის წესის შეცვლის საკვანძო საკითხია. ვადამდელი არჩევნების რომც ჩაინიშნოს, პოლიტიკური დევნის საკითხზე საერთაშორისო ასპარეზზე ცალკე ფრონტი იქნება გახსნილი. გვესმის კარგად, რომ ეს არის ერთადერთი გზა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაცალკევოთ ეს საკითხი პარლამენტში შესვლისგან. ვაპირებთ საერთაშორისო ფრონტზე ახალი ფაზის გახსნას გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმების საკითხზე“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების დოკუმენტის ერთ-ერთი საკითხი სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკების მე-5 რაუნდი და შედგება თუ არა ოპოზიუციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება.