მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრეზიდენტ შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის“ - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში

„ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევებს“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შარლ მიშელის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და თვალსაჩინო დადასტურებაა იმის, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„შარლ მიშელი პირველად ეწვია ჩვენს ქვეყანას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი საქართველოში რაც კიდევ ერთხელ თვალსაჩინო დადასტურებაა იმის, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

გლობალური პანდემიის პირობებში განხორციელებული ეს ვიზიტი ცხადყოფს ევროკავშირის მზაობას გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა. ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული მისწაფებებისა და ერთგულებისადმი.

მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრისას ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი, შევეხეთ არაერთ ასპექტს, არაერთ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ასევე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ხედვის ნაწილი, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენ ამ ღირებულებების ერთგული ვართ.

შეხვედრისას ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ფართო სპექტრი, ბუნებრივია ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევებს და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

მან შარლ მიშელს ევროკავშირის აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის საჭიროა ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერა.

„კიდევ ერთხელ მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს ევროკავშირის აქტიური ჩართულობისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც ისინი გვიწევენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, განსაკუთრებით კი პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.

ბატონ პრეზიდენტთან ჩვენ ასევე განვიხილეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერა, რათა უახლოეს პერიოდში მივიღოთ ვაქცინის საჭირო რაოდენობა და დავიწყოთ ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაცია. ამ საკითხშიც მივიღეთ მხარდაჭერა ბატონი პრეზიდენტისგან. ასევე შევეხეთ მთავარ გამოწვევას, როგორიც არის ოკუპაცია. მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს იმისთვის, რომ მან თავად მოინახულა საოკუპაციო ხაზის მიმდინარე არსებული მძიმე ვითარება.

პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს, მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში და ჩვენ ვართ მადლიერი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, რომ დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით შევხვდეთ ერთმანეთს“ - შარლ მიშელი

✔️ „ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა“ - შარლ მიშელი